შეწყვეტილი მაუწყებლობა და გათავისუფლებული თანამშრომლები - ‘იბერიას’ გაურკვეველი მომავალი
22.11.2018
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იბერიამ" გადაცემები შეაჩერა, ერთი თვეზე მეტი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ “ომეგა ჯგუფმა”, რომლის ფინანსურ პრობლემებსაც “იბერიას” საქმე დაუკავშირეს, მუშაობა განაახლა, ტელევიზიას მაუწყებლობა არ აღუდგენია. პრობლემები დაიწყო გუნდშიც - “იბერიამ” დასაქმებულების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. უკვე ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა და ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ. ამ ყველაფრის ფონზე კი ტელევიზიის ხელმძღვანელობა დუმს და უპასუხოდ ტოვებს კითხვებს, რა ბედი ელის ტელევიზიას და მის გუნდს.

 


შეწყვეტილი მაუწყებლობა

16 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურამდე 12 დღით ადრე, „იბერიაზე“ შემდეგი შინაარსის წარწერა გაჩნდა - „ხელისუფლებამ დახურა იბერია“. ამ დღიდან ეთერში აღარც საინფორმაციო გამოშვებები გადის და აღარც პოლიტიკური გადაცემები.

ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ მაუწყებლობის შეჩერების მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. ეს, მისივე თქმით, ტელევიზიის დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ ხელისუფლების ზეწოლით იყო გამოწვეული.

ამ თემაზე იხილეთ: ტელეკომპანია "იბერიის" საქმე - მოკლედ


გათავისუფლებული თანამშრომლები

მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ დღეში, 19 ოქტომბერს, „იბერიას“ თანამშრომლების ნაწილს გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. ბრძანების საფუძველზე, ტელევიზიის ათობით თანამშრომელს, 22 ოქტომბრიდან ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა.

„ვინაიდან ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ შეუქმნა ფინანსური პრობლემები და შესაბამისად განაპირობა შპს „იბერია ტვ-ის” დაფინანსების შეწყვეტა, შპს „იბერია ტვ“ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია შეწყვიტოს გაფორმებული ხელშეკრულებები“, - აღნიშნულია გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში.

"ომეგა" ჯგუფი

„ომეგა ჯგუფს“ ხელისუფლება 50-მილიონიან საბიუჯეტო დავალიანებას ედავება. არჩევნების პირველ ტურამდე ორი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, კომპანიამ დავალიანების მცირე ნაწილი - ერთი მილიონი ლარი გადაიხადა და “ომეგას” თამბაქოს ქარხანამ წარმოება განაახლა.

“ომეგას” მუშაობის განახლებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯერ ისევ უცნობია აპირებს თუ არა ტელეკომპანია “იბერია” მუშაობის გაგრძელებას და რა ბედი ელით თანამშრომლებს.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმე

მაკა ჩიხლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გათავისუფლების ბრძანება მიიღო. იგი ამბობს, „რომ ტელევიზიაში ფინანსური პრობლემები ხშირად იყო და დახურვას წინ ტექნიკური პერსონალის გაფიცვა უძღოდა: როდესაც არ ირიცხებოდა ხელფასი, ოპერატორები იფიცებოდნენ. ასეთი შემთხვევები ხშირად იყო. 16-შიც იგივე მოხდა. ოპერატორებისა და მემონტაჟეების გაფიცვას საეთეროც შეუერთდა და, შესაბამისად, 19:00- საათიანი გამოშვება ვეღარ გავიდა ეთერში”.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნიათ და სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ. “იბერიის” გუნდი ორად გაიყო, ჟურნალისტებმა ცალკე დაიწყეს ბრძოლა თავიანთი უფლებების დასაცავად, ოპერატორებმა კი ცალკე.

ჟურნალისტებმა დახმარება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცას სთხოვეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და კომპენსაციას ითხოვენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ 1-15 ოქტომბრის ანაზღაურება ჩაურიცხათ, თუმცა 15-22 ოქტომბრის თანხა არ მიუღიათ. [შეგახსენებთ, 22 ოქტომბრიდან შეუწყდათ მათ ხელშეკრულებები, ამ დრომდე ტელეკომპანიის თანამშრომლებად ითვლებოდნენ].

„ნატო ჩხეიძემ გვითხრა მე არ ვარ დამნაშავე, რომ ტელევიზია გაჩერდა, წადით და მოსთხოვეთ ხელფასი და სამსახური ბიძინა ივანიშვილს და მამუკა ბახტაძესო. ჩვენი აღშფოთება ამან გამოიწვია, რადგან ჩვენი დამსაქმებელი არც ივანიშვილი იყო და არც ბახტაძე“, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საიას იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებები დაირღვა. მისი თქმით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ მსგავს სიტუაციაში, თანამშრომლებს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად, არანაკლებ ორი თვის კომპენსაცია უნდა მიეცეთ: „ეს საკითხი საერთოდ არ არის გათვალისწინებული ბრძანებაში. კომპენსაციის საკითხზე საუბარს თავს არიდებენ. ჩვენ უკვე რამდენჯერმე მივწერეთ და ვკითხეთ, როდის მოხდება ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა”.

იბერიას ტექნიკური პერსონალი. ფოტო: © 1tv.ge
ცალკე აპირებს ბრძოლას ტექნიკური პერსონალი. ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა 38-მა თანამშრომელმა, პროფკავშირების დახმარებით, სასამართლოს უკვე მიმართა. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ტექნიკური პერსონალი, შრომით ანაზღაურებასა და კომპენსაციასთან ერთად, გათავისუფლების ბრძანების ბათილობასაც ითხოვს.

„ვთვლით, რომ არასაფუძვლიანად ვართ გათავისუფლებულები. საქალაქო სასამართლოს უკვე მივმართეთ კომპენსაციისა და განაცდურის თაობაზე და მეორე სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილობაზე შეგვაქვს”, - ამბობს ოპერატორი გიორგი ჯიბღაშვილი.

"იბერიის" დამფუძნებლის პოზიცია

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე უარყოფს, რომ თანამშრომლების მიმართ დავალიანება აქვთ: „როგორც დავპირდი, 15 ოქტომბრამდე ნამუშევარი უკვე ავუნაზღაურე. 16 ოქტომბრის მერე არ უმუშავიათ და არ ვიცი რა ერთი კვირის მუშაობაზეა ლაპარაკი,“ კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი გვპასუხობს: “წესითა და კანონით რაც არის განსაზღვრული, “იბერია” იმას შეასრულებს.“

როდის და რა ფორმით აღდგება მაუწყბელობა, ტელევიზიის დამფუძნებელს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მაუწყებლობის გასაგრძელებლად, სარეკლამო შემოსავალია საჭირო: „ფინანსები თუ იქნება, არის იმისი სურვილი და მზადყოფნა, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს ისეთივე მაუწყებლობას, როგორიც იყო. ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. სარეკლამო შემოსავალია საჭირო.“

არხის დირექტორის დუმილი


29 ოქტომბრიდან ტელევიზიის ეთერში წარწერა შეიცვალა. ახლა ტელევიზიის ეთერში ჩანს წარწერა - “არხის რეორგანიზაცია” და გადის საარქვივო მასალები - 18:00-დან 00:00 საათამდე.

იმის გასარკვევად თუ, რა იგულისხმება რეორგანიზაციაში, ვის ან რას ეხება იგი, რა ბედი ელის “იბერიას”, გათავისუფლებულ ან დარჩენილ თანამშრომლებს, ან რა შუაშია სარეკლამო შემოსავლები, მაშინ, როცა აქამდე ამაზე არავის საუბრობდა, “მედიაჩეკერი” არხის დირექტორთან მაკა ჯაფარიძესთან დაკავშირებას მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ტელევიზიის დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “იბერიაში” მისულებს ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დაგვხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკონტაქტო მონაცემები ადგილზეც დავტოვეთ, დღემდე არავინ დაგვკავშირებია.



"იბერიის" ისტორია
ტელეკომპანია “იბერია” 2000 წელს დაარსდა. მისი მფლობელი და დამფინანსებელი კომპანია “ომეგა ჯგუფი” იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, სამართალდამცველებმა “ომეგას” სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით, “იბერიას” ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, ტელეკომპანია “იბერია” დაიხურა.

არხმა მაუწყებლობის ლიცენზია 2013 წელს დაიბრუნა. მაუწყებლობა კი 2015 წელს განაახლა. მისი დამფუძნებელი შპს ბენმონტი - BENMONT-ია, რომლის მფლობელები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი იყვნენ. 2016 წლის არჩევნებში ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სახელით მონაწილეობდნენ. ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი, ზაზა ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. იმის გამო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით პოლიტიკური პარტიის წევრს ეკრძალება მაუწყებლის ფლობა, მათ საკუთარი წილები გადააფორმეს შვილებზე - რატი და გიორგი ოქუაშვილებზე, რომლებიც “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში არ გამოჩენილან. კვლავაც ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებდნენ, როგორც არამხოლოდ “ომეგა ჯგუფის” , არამედ “იბერიის” წარმომადგენლები.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ