„ახალი ტიპის კონტენტი ახლებური აუდიტორიისთვის“ - ირლანდიური მედიის ვიდეოექსპერიმენტი
07.09.2018
ირლანდიური მაუწყებელი RTÉ სოციალურ მედიაში ვერტიკალურ ვიდეოებს სცდის, რომელსაც აიფონით იღებს და აიპედში ამონტაჟებს სმარტფონიანი აუდიტორიისთვის.

სმარტფონიანმა ჟურნალისტებმა ელენორ მენიონმა და ფილიპ ბრომუელმა ირლანდიაში რომის პაპის ვიზიტის წინა კვირას 12 ვერტიკალური ვიდეო ჩაწერეს, რომელიც Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე გამოაქვეყნეს.

„ჩვენ გვსურდა ჩაგვეწერა პერსონალური გზავნილები პაპის ვიზიტისთვის, ქვეყნის მასშტაბით“, - ჰყვება ბრომუელი, -„ამისთვის ვერტიკალური ფორმატით გადაღება შესანიშნავი გზა აღმოჩნდა - ჩვენ ვთხოვდით ხალხს ელაპარაკათ კამერის წინ ისე, თითქოს პირდაპირ რომის პაპს ესაუბრებოდნენ. ჩვენ ხომ ასე ვსაუბრობთ ზოგადად, როცა თანატოლებს ვეკონტაქტებით”.

მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორებს ასობით ვიდეო შეუქმნიათ სოციალური მედიისთვის, „წერილი პაპს“ რეპორტაჟების პირველი სერიაა, რომელიც მაუწყებელმა სპეციალურად ვერტიკალური ფორმატით შექმნა. შემდეგ კი გარდაქმნა ონლაინ მედიისთვის, ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორიისთვის.

ძველი, ტრადიციული მოდელი, როცა მაუწყებლის მასალები გარდაიქმნებოდა ხოლმე სოციალური მედიისთვის, ახლა უკვე შებრუნდა.

........ 

„ციფრული თხრობის ეს სერია შეიქმნა იმისთვის, რომ გავსულიყავით თაობასთან, რომელიც ტელევიზორში აღარ გვიყურებს“, - განმარტავს ბრომუელი, -„ჩვენ ვმუშაობთ, რათა აუდიტორიას მივაწოდოთ კარგი ხარისხის კონტენტი, ნამუშევრები, რომლებიც აირეკლავს ჩვენს საზოგადოებას და ღირებულებებს, მაგრამ თან გვინდა, რომ ახალი თაობისთვის თანამედროვე პროდუქციაც შევქმნათ.“

RTÉ-ს ვიდეოსერია წარმოგვიდგენს 12 ირლანდიელი მოქალაქის გზავნილს პაპისთვის. მათ შორის, სასულიერო პირისგან შევიწროების მსხვერპლის, 11 წლის გოგოსა და თავშესაფრის მაძიებლის მიმართვებს.

მენიონის თქმით, ახლებური პროდუქტის შექმნისთვის პაპის ვიზიტი კარგი მოვლენა იყო. ჟურნალისტებს ჰქონდათ საცდელი ნამუშევრების გადაღების დრო, ხოლო რეპორტაჟი ისეთი გამოვიდოდა, რომელიც დააინტერესებდა ხალხს მიუხედავად მათი განსხვავებული გემოვნებისა.

„აქ რომის პაპი ბოლოს 1979 წელს ჩამოვიდა. მაშინ ირლანდიელთა ერთი მესამედი მივიდა მის სანახავად“, - ჰყვება მენიონი - „მას შემდეგ ირლანდია შეიცვალა: ლეგალური გახდა განქორწინება, მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, გაუქმდა მერვე შესწორება აბორტის შესახებ და გამოიარა სასულიერო პირებისგან სექსუალური შევიწროებების შესახებ სკანდალი.“

მენიონსა და ბრომუელს სურდათ, რომ ეს ყველაფერი აერეკლათ თავიანთ ვიდეოსერიებში და ხალხისთვის მოსაზრებების ფართო სპექტრი ეჩვენებინათ, ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ვიდეოთა მექანიკური ნაკრები.

ამისთვის ჟურნალისტებმა მუშაობა ისე დაიწყეს, როგორც სატელევიზიო რეპორტაჟებს გეგმავენ. ვიდეოსერიამდე პრომოც განათავსეს, რითაც აუდიტორიას აუხსნეს ავტორთა ხედვა.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომენტარი Facebook-ზე იყო, ერთ-ერთი მოხმმარებლის მოსაზრება, რომლის თქმითაც, RTÉ-მ თითქოს თვალები ფართოდ გაახილა. ერთი წერდა, რომ ვერ იჯერებდა, ეს RTÉ-ს ნამუშევარი იყო. აუდიტორიის შეფასებებმა დაგვანახა, რომ ჩვენ მათთან ახლო კონტაქტში ვიყავით“, - ჰყვება მენიონი, რომლის თქმითაც ტელევიზიაში უამრავი მოსაზრება მიიღეს, მათ შორის, კრიტიკულიც და კარგიც.

........

iPhone 8+ მოდელის ტელეფონებით შეიარაღებულმა რეპორტიორებმა 4K რეზოლუციის ვიდეოები Filmic Pro-ს მეშვეობით გადაიღეს. კადრები ჟურნალისტებმა სტანდარტულად, 16:9 ფორმატში აღბეჭდეს, თუმცა შემდეგ IOS-ის ერთ-ერთ აპლიკაციაში LumaFusion-ში ვერტიკალურად აქციეს და RTÉ-ის ბრენდულ სტილში გაუკეთეს ტიტრები.

„ყველას შეუძლია ვერტიკალური ვიდეოს გადაღება, მაგრამ თუ მიზნად გაქვს დასახული, რომ დახვეწილი ვიდეო შექმნა, გამოწვევების წინაშე დგები - მთელი კომპოზიცია გამოწვევაა“, - ამბობს ბრომუელი, რომელიც 15 წელია, ტრადიციულ 16:9 გაფართოების ვიდეოზე მუშაობს.

„სახალისო და საინტერესოა რაღაც ახლის ცდა. ეს პროექტი ვითარდებოდა ჩვენთან ერთად, ჩვენ კი მასზე მუშაობისას ვითვისებდით ახალ უნარებს.“

რეპორტიორები ხშირად დიდ ხანს ფიქრობდნენ რაკურსის შერჩევაზე, განსაკუთრებით თუ კამერის ობიექტი ბევრს მოძრაობდა.

„რადგან კადრები ტელევიზიის ფორმატისთვისაც უნდა გამოგვეყენებინა, ამისთვის 16:9 სტანდარტული ფორმატით ვიღებდით და ვერტიკალური ფორმატის ჩარჩოებს გონებაში ვხაზავდით. ეს კი ზოგჯერ ძალიან რთული იყო“, - ხსნის მენიონი. ჟურნალისტის თქმით, საქმე ბევრად გაუადვილდებოდათ, გადაღებებიც მუდამ ვერტიკალურ ფორმატში რომ წარემართათ.

„მონტაჟისას, ზოგჯერ ეკრანს სამ ნაწილად ვყოფდით და სამ ჰორიზონტალურ, 16:9 ვიდეოს ერთმანეთის თავზე ვათავსებდით. ასე მაყურებელს საშუალება მივეცით, რომ ენახა კადრები მოჭრის გარეშე და თან ერთდროულად რამდენიმე სცენაც გვეჩვენებინა“, - დასძენს მენიონი.

ბრომუელის თქმით, ამ ვიდეოსერიაზე მუშაობისას საინტერესო იყო მონტაჟიც, რადგან მედიაპროდუქტის შექმნისას კომპიუტერი საერთოდ არ გამოუყენებიათ: „მთელი პროექტი სმარტფონზე იყო მორგებული, არც მონტაჟისას დაგვჭირდა კომპიუტერის ჩართვა. ამის გამო ნამუშევრები გაცილებით მალე დავასრულეთ, ვიდრე ამას ტრადიციულ შემთხვევაში შევძლებდით“.

რეპორტიორებმა ვიდეოსერიების თითოეული ნამუშევარი ერთ სტილში გააკეთეს. ასე, მაგალითად, თითოეული ვიდეო სტატიკური კადრით იწყება. თუმცა, ბრომუელის თქმით, განსაკუთრებული, გაწერილი წესები ამ სერიაზე მუშაობისას არ ჰქონიათ. არც სჭირდებოდათ.

„ეს იყო რაღაც ახალი, განსხვავებული და იმის დამტკიცების მცდელობა, რამდენად კარგი შეიძლება გამოვიდეს მობილურზე მორგებული პროდუქტი. ვფიქრობ, ეს არის მოდელი, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ და გამოვიყენოთ სხვა პროექტებისთვის, ან გავაკეთოთ მსგავსი სერიები. ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი ნაბიჯი“, - განმატავს რეპორტიორი.

წყარო: journalism.co.uk

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ