საქართველო
კატეგორია - საქართველო
სასამართლომ 5 ივლისს „ინტერპრესნიუსის“და „ტვ პირველის“ რეპორტიორების მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის მუხლი მოუხსნა და მათ 12 და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


5 ივლისს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლიშვილის და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასაართლომ განაჩენი დღეს, 6 აპრილს გამოუტანა.

სასჯელი

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა და ის ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით,

1 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლიშვილზე ძალადობაში ბრალდებულებს:

  • ბაქარ მაისურაძეს
  • ნიკოლოზ დადვანს
  • თორნიკე გაბელიანს

„ტვ პირველის“ ოპერატორის ძალადობაში ბრალდებულ ვანო ბურდულს კი, წარსულში ნასამართლეობის გამო, სხვებთან შედარებით 6 თვით მეტი- 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

მაისურაძე, დადვანი და გაბელიანი 3 თვეში, ბურდული კი - 9 თვეში დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.

4 აპრილს მოსამართლემ გამოაცხადა სასამართლოს განაჩენი 5 ივლისის საქმის რამდენიმე ეპიზოდზე და ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობაზე თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა 6 ბრალდებულს.


ვრცლად ამ თემაზე: სასამართლომ 5 ივლისის მოძალადეებს განაჩენი გამოუტანა


კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატის სია. ბორდის წევრად პარლამენტმა, საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამი უნდა აარჩიოს.

კომისიის თავმჯდომარე რეჟისორი ბაკურ ბაკურაძეა. ის პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა და 2020 წლიდან ტელეკომპანია "იმედში" მუშაობს. 


ბორდის წევრობის მსურველებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე, ასევე ყოფილი დეპუტატები “ქართული ოცნებიდან” გუგული მაღრაძე და ზაზა ხუციშვილი.

ბორდის წევრობის მსურველების სია:

  1. ალექსი ნონიაძე - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის თანამშრომელი, საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
  2. ბელა კოპალიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე.
  3. გიორგი იასაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების იურისტი.
  4. გიორგი ჭანტურია - თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის პედაგოგი, 2009-2012 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
  5. გუგული მაღრაძე - ყოფილი დეპუტატი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით.
  6. დონარა შონავა - სხვადასხვა წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის კონსულტანტი,საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამსახურის უფროსი, მაუწყებლის მე-2 არხის გენერალური პროდიუსერი.
  7. ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტის “ჩვენი საქართველოს” წამყვან-პროდიუსერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი 2017-2020 წლებში.
  8. ზაზა ხუციშვილი - მომღერალი, ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”.
  9. ლაშა ტუღუში - თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
  10. ლია შავგულიძე - ჟურნალისტი, კვლევითი ჟურბალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი. 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი.
  11. მარინა გიორგაძე - პარლამენტის პრესცენტრის სპეციალისტი.
  12. არინა თავაქარაშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2018 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონალური საბჭოს წევრი.
კანდიდატების მიერ წარდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციციებს გაეცანით ამ ბმულზე.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.

ამ დროისთვის სამეურვეო საბჭო შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:

  • სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეა.
  • საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე.
  • ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ.
კატეგორია - საქართველო
5 ივლისის საქმის რამდენიმე ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია.

განახლება:  „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის ეპიზოდზე თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა 6 ბრალდებულს:

  • დავით კუტალაძეს
  • თორნიკე დავლაშერიძეს
  • ​გია გიგუაშვილს
  • ცოტნე ჩიხლაძეს
  •  ოთარ გელაშვილს
  • აკაკი ნაკაშიძეს

მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ ძალადობაში ბრალდებულები. ასევე„მთავარი არხის“ ჟურნალისტების დეა მამისეიშვილის და დათუნა ახალაძის, „იმედის“ ჟურნალისტების: დიტო ყირიმლიშვილისა და შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტების: თორნიკე მანდარიას და ოპერატორ დათო ქორიძის „რუსთავი 2-ის“ ოპერატორის ბექა ათაბეგაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულები.
  • მოსამართლემ ბრალდებულებს ორგანიზებული დანაშაულის ბრალდება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირა.

სასჯელი

  • 4 მსჯავრდებულს: გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს - შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვის ვადით - მათ საპატიმროში 6 თვის გატარება მოუწევთ, რადგან 9 თვეა ისინი უკვე დაკავებულები არიან.
  • 2 მსჯავრდებულს: ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვის ვადით.
  • უშანგი დათუნაშვილს - 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ე.წ მოპედის ეპიზოდზე -  „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის  თამარ თათარაშვილის,  "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის ზურაბ ცერცვაძის მიმართ ძალადობისთვის პატიმრობა შეეფარდა 7 პირს:
  • თედო ბურდული - 3 წელი
  • გენო გერმანიშვილი - 3 წელი 
  • გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი 
  • გიორგი წარუაშვილი - 1 წელი და 3 თვე
  • გიორგი მაღრაძე - 1 წელი და 3 თვე
  • ზაზა ჭაავას - 1 წელი 
  • მურად დევლარიშვილი - 1 წელი 

ცოტახანში გახდება ცნობილი სასამართლოს განაჩენი “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ეპიზოდზე.

კონტექსტი

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციაა, მოიწვიოს საბჭო, წარმართოს სხდომები, ხელი მოაწეროს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

რა მოხდა?

საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

1 აპრილს გამართულ სხდომაზე 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი:
  1. ბონდო მძინარაშვილი - რომელმაც თავისი კანდიდატურა მოხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
  • “გულახდილად ვიტყვი მქონდა სურვილი, რომ ჩემს კოლეგებს ჩემი კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი, მაგრამ მე ვიცი უკვე დამოკიდებულება ჩემი კოლეგების. ჩვენ ბუნებრივია გვქონდა საუბარი, არაფერი დასამალი და საიდუმლო არ არის ამაში, ერთმანეთის დამოკიდებულებები და განწყობები ვიცით. ამიტომ, მე ჩემს კანდიდატურას მივცემ თვითაცილებას და არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში”
  • "სასურველი იყო ჩემთვის მხარი დაგეჭირათ, ნუ ასე არ გამოდის და რაკი მხარს არ მიჭერთ, მაშინ მე არც არავის დავუჭერ მხარს, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი. “- მიმართა კოლეგებს მძინარაშვილმა.
     2. ბესიკ ლილუაშვილი - რომელმაც მხოლოდ 4 ხმა მიიღო.
  • “დარწმუნებული ვარ, რომ აქაც საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ მივიღებ, მაგრამ ლუსტრაციისთვის ეს აუცილებელი მგონია.”, - თქვა კეჭისყრამდე თავისი კანიდატურის დასახელებისას ლილუაშვილმა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა მინიმუმ 5 ხმა.

კენჭისყრის შედეგები:

ბესიკ ლილუაშვილის 4 ხმიდან:
  • ერთი თავისივე ხმა იყო.
  • ასევე ხმები მიიღო: ზაზა აბაშიძის, ირინა ფუტკარაძისა, გიორგი ნიჟარაძისგან.

ვინ დაესწრო სხდომას?

სხდომას 9-დან 2 მეურვე არ დაესწრო:

სხდომას ესწრებოდნენ: ირინა ფუტკარაძე, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, გიორგი ნიჟარაძე.

არ ესწრებოდა: ირაკლი პაპავა - სამეურვეო საბჭოს ახლანდელი თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის განმარტებით, მას ვერ დაუკავშირდნენ.

სხდომა დაწყებისას პროტესტის ნიშნად დატოვა: გია მურღულიამ.
  • “დღეს ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას და თან იმ შემადგენლობით, რომლიდანაც სამი ადამიანი უახლოეს დღეებში გადის ამ სამეურვეო საბჭოდან. შეიძლება აღმოჩნდეს, ძალიან დიდი ალბათობით, რომ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს ძალიან ცოტა ადამიანმა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობიდან. ვფიქრობ, ძალიან იკითხება არა საზოგადო ინტერესები, არამედ რაღაც სხვა ინტერესები. მივიჩნევ, რომ ეს სხდომა არ გამოხატავს ჩვენი ტელევიზიის ინტერესებს”,- განმარტა მურღულიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძეს უფლებამოსილების ვადა 17 აპრილს ეწურება.

  • კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს 3 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
  • შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის ბოლო სამუშაო დღე სწორედ 1 აპრილს იყო.

საბჭოს თავმჯდომარეს მეურვეები, სავარაუდოდ, ახალი წევრების შესვლის შემდეგ აირჩევენ.

სამეურვეო საბჭოში ვადა სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას ეწურება.
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს/ბორდს პარლამენტის საკონკურსო კომისია დააკომპლექტებს -პარლამენტმა საკონკურსო კომიასია უკვე დაამტკიცა

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შესარჩევად საქართველოს პარლამენტმა საკონკურსო კომისია დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 3 – „იმედის“ ჰოლდინგშია დასაქმებული.

ვინ შეარჩევს კანდიდატებს

30 მარტს საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.

შერჩეული 9 წევრიდან სამი - ბაკურ ბაკურაძე, ეკა მელქაძე და ნინო მეუნარგია - ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მუშაობს.

დეტალურად:

  • ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; ბაკურაძე ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა. 2020 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „იმედში“.
  • ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ბაკურ ბაკურაძესთან ერთად მუშაობს ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემა „ავტოგრაფში“.
  • ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
  • მიშა ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; იგი ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ლევან ჯავახიშვილის ძმაა.
  • გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; იმედაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
  • მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი. ის საზოგადორბერივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ საკონკურსო კომისიაში 2020 წელსაც იყო.
  • ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 2019 წელს მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაში, 2020 წელს - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბორდის წევრების შესარჩევი კომისიის წევრი.
  • მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. იგი საზოგადორბერივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ საკონკურსო კომისიაში 2020 წელსაც იყო.
  • გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;

კომისიის დაკომპლექტებას გამოეხმაურა კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის. მათი განცხადებით, დაუშვებელია, რომ ბორდის შესარჩევ კომისიაში კერძო მაუწყებლის - “იმედის” არაერთი წარმომადგენელი მონაწილეობს:

„საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება” - აცხადებს მედიაკოალიცია 

ვინ ტოვებს ბორდს?

ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:

  • სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეა
  • საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე.

ბორდის სამ წევრს - ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას, რომლებიც 2016 წლიდან არიან სამეურვეო საბჭოში, ვადა 18 აპრილიდან ეწურებათ.

ბორდის წევრობის მსურველებმა განაცხადი პირველ აპირამდე უნდა გააკეთონ.

კომისიის წევრების შერჩევის რეგლამენტი

  • პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკონკურსო კომისია 9 წევრით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
  • მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
  • კომისიის წევრების კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად არჩევს.

როგორ ირჩევს კომისია კანდიდატებს

საკონკურსო კომისიამ 3 მეურვე კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად უნდა შეარჩიოს:

პირველ ეტაპზე
  • კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
  • კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით.

მეორე ეტაპზე
  • კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ

  • საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება.
  • მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია.
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.
  • არ შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი კი მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით აირჩეს.

მეურვეობის კანდიდატებიდან:

  • ორ მეურვეს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგენით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით.
  • სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით.
  • ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო ბორდის წევრობისთვის

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.
  • მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება.
  • მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
კატეგორია - საქართველო
ბრიფინგებზე ჟურნალისტების ნაწილის არ შეშვების შემდეგ, ზოგიერთი მედიისთვის შეუძლებელი გახდა იმ ღონისძიებებზე მოხვედრაც, სადაც ვიცეპრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმყოფება.

“თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება”


22 მარტს ჟურნალისტებმა არასაჯარო წყაროსგან გაიგეს, რომ თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში მისვლას აპირებდა.

  • ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.
  • თუმცა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს შენობაში დახვდნენ იმედის, ობიექტივის, POS TV-ის, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.
  • TV პირველის ჟურნალისტმა, გიორგი ხუხიამ გალერეაში შესვლა შეძლო, თუმცა არ შეუშვეს მისი ოპერატორი. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ურეკავდა შენობაში მყოფ პრესსამსახურის წარმომადგენელსაც და დაინახა, რომ ის ტელეფონს არ პასუხობდა.

„დაცვამ მითხრა, ყველა არხი, ვინც გადაღებაზე იყო დაშვებული, უკვე შესულია, პრესსამსახურმა მომცა სიებიო. მოვითხოვე ეს სია და არ მომცეს. მერე მითხრეს, ზეპირი სია იყოო.“ - ამბობს გიორგი სუხია.

მას შემდეგ, რაც ჩაეკითხა, რას გულისხმობდა „ზეპირი სია“ და გულისხმობდა თუ არა ეს „ოპოზიციური მედიის არშეშვებას“, სუხიას თქმით, „დაცვის თანამშრომელი დაიბნა და გაიწია“ – „ვცადე კამერის გარეშე შევსულიყავი და უშუალოდ თეა წულუკიანისგან ამეღო ნებართვა ოპერატორის შეყვანაზე“.

გიორგი ხუხიამ ტელეფონის კამერა ჩართო და ისე ცდილობდა მინისტრისგან მიეღო პასუხი, რატომ არ უშვებენ ოპერატორს შენობაში.

ვიდეოში, რომელიც TV პირველმა გამოაქვეყნა, თეა წულუკიანი ჟურნალისტს პასუხობს: „აბა მე რა ვიცი“.

შემდეგ მინისტრმა პრესსამსახურისკენ მიუთითა, რომელიც დაინტერესდა, სად არის კამერა, თუმცა რეაგირება მასალაში არ ჩანს. ჟურნალისტი კვლავ ცდილობს მინისტრისთვის კითხვის დასმას, თუმცა წულუკიანი არ პასუხობს და გალერეაში მყოფი სხვა ადამიანები მას „პროვოკატორს“, „ჭუტავიზიას“ უწოდებენ.

სხვა ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, გიორგი ხუხიას კითხვას, რატომ არ მიეცა ღონისძიების გაშუქების საშუალება, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება“.

“ეს ვინ არის?”


22 მარტს ეროვნულ გალერეაში შესვლა მოახერხეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებმა, მინდია გაბაძემ და მისმა კოლეგამ, ბასტი მგალობლიშვილმა. წულუკიანის იქ მისვლის შესახებ მათაც არასაჯარო წყაროსგან გაიგეს.

  • მინდია გაბაძე ჰყვება, რომ როცა მივიდნენ, სხვა ჟურნალისტები უკვე შენობაში იყვნენ, თუმცა მათ შორის არ იყო ოპოზიციური მედია.
  • ის გარეთ გავიდა, რათა მინისტრს დახვედროდა და გადაეღო.
  • ელოდა, რომ იქ სხვა ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, რადგან წულუკიანის მიმართ ინტერესი დიდია და როგორც წესი, კითხვების დასმა რომ მოახერხონ, ჟურნალისტები ორ ჯგუფად ნაწილდებიან.

„აღმოვჩნდი მარტო, რაც ჩემზე მეტად მინისტრს გაუკვირდა. აშკარად იცოდა, რომ გარეთ არავინ დახვდებოდა. ჩემს ვიდეოშიც ჩანს, რომ პირველი, რასაც თეა წულუკიანი აკეთებს, პრესსამსახურს ეკითხება, ვინ ვარ მე და შემდეგ პირადად ჩემთან იწყებს კომუნიკაციას“.

ვიდეოში, რომელიც პუბლიკამ გაავრცელა, ამ კითხვიდან მალევე ისმის, როგორ ეუბნება წულუკიანი ჟურნალისტს, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.

“არ მინდა თქვენი კადრები, აბრძანდით”, — ამბობს მინისტრი.

მინდია გაბაძის თქმით, ხან მუზეუმის, ხან დაცვის თანამშრომლები მუშობაში მუდმივად უშლიდნენ ხელს.

რა ხდებოდა აქამდე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტები კულტურის სამინისტროს მიერ მედიის დაყოფაზე საუბრობენ. მაგალითად, 2021 წელს თეა წულუკიანის ბრიფინგზე მედიის ნაწილი რამდენჯერმე არ შეუშვეს.

  • ჟურნალისტები მაშინაც ამბობდნენ, რომ უწყების დაცვა მიზეზად ასახელებდა „შესაბამის მითითებას“.
  • მედიამენეჯერები კი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ბრიფინგების შესახებ შეუტყობინებლობაზე და იმაზე, რომ კულტურის სამინისტროდან ანონსები მხოლოდ სახელისუფლებლო ტელევიზიებს ეგზავნებათ.

ფაქტებად:

  • 2021 წლის 22 ივლისს, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს წაართვა მიკროფონი, რომელსაც მინისტრი თვეების განმავლობაში არ აბრუნებდა. • ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშშიც მოხვდა.
  • მედიამანეჯერები კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად ასახელებენ.
  • თეა წულუკიანის თქმით, “ფეიკ ნიუსის” პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. ფეიკ ნიუსად კი მმართველი გუნდი ხშირად მედიის მხრიდან კრიტიკას მიიჩნევს.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

რა ამბობენ სამინისტროში?


კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მინისტრთან დაკავშირებით ანონსების მედიაში გავრცელება შერჩევითად არ ხდება. „არ ვიცი, რა ნახეთ კადრში, მაგრამ შემოსული იყო და დებოშიც მოაწყო. რაც უნდოდა, მე მგონი გააკეთა“. - ასე უპასუხა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რუსო უშიკიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს TV პირველის გადამღები ჯგუფი გალერეაში.

მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეფონი გაითიშა, მომდევნო ზარზე კი პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ცუდ ადგილასაა, ტელეფონი ითიშება და ხმა არ ესმის.

ამიტომ რუსო უშიკიშვილს მედიასთან თეა წულუკიანის დამოკიდებულებაზე კითხვები მივწერეთ და პასუხიც წერილობით ვთხოვეთ. მან მხოლოდ 22 დეკემბერს ჟურნალისტების ნაწილის გალერეაში არ შეშვებაზე გვიპასუხა:

„გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყო ის მედია, რომელიც აშუქებს კულტურულ ღონისძიებას და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც მოდიან დებოშის მოსაწყობად და ღონისძიების ჩასაშლელად“.

ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ ატყობინებენ კრიტიკულ მედიას წულუკიანის სხვადასხვა ღონისძიებაზე მისვლის შესახებ, სადაც ჟურნალისტები კითხვების დასმას შეძლებდნენ, რატომ არ უშვებენ მათ ბრიფინგებზე და რატომ გართულდა კულტურის სამინისტროდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება მედიისთვის.
კატეგორია - საქართველო
"ამნესთი ინთერნეიშენალის" ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ფარულად უთვალთვალებენ, აშინებენ და თავს ეხსმიან.

ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში 2021 წლის მოვლენები შეაჯამა.

“ამნესთი ინთერნეიშენალი” საქართველოში მედიის ნაწილში რამდენიმე საკითხს გამოყოფს.

“ოპოზიციის წევრებზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხორციელდებოდა, მიყურადება, დაშინება და თავდასხმები, არსებული დაუსჯელობის ფონზე. იყო მუქარისა და თავდასხმის შემთხვევები ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით ან უმოქმედობით იყო წახალისებული.”, - წერია ანგარიშში.

5 ივლისის მოვლენები:

  • “ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ და ფიზიკური ზიანი მიაყენეს 50-მდე ჟურნალისტს.
  • ერთ-ერთი სასტიკად ნაცემი, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, ინციდენტიდან ექვს დღეში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ბრალეულობა უარყვეს და ძალადობის პროვოცირებაში Pride-ის ორგანიზატორები დაადანაშაულეს.
  • ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის უკანასკნელ დღეს გადაღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, იმის მისანიშნებლად, რომ ლაშქარავამ თითქოს ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.
  • მთავრობამ ვერ უზრუნველყო მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივ პასუხისმგებლობა და მოვლენების ეფექტური გამოძიება.

“სუსის” სავარაუდო ფარული ჩანაწერები:

  • 12 სექტემბერს, ინტერნეტ და მედია სივრცეში განთავსდა ათასობით ფარული ჩანაწერის დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის და მიყურადების შედეგად არის შექმნილი.
  • მასალა მოიცავს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და დიპლომატების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს.
  • მასალების უკანონოდ მოპოვების შესახებ მიმდინარე გამოძიების შედეგები საანგარიში წლის ბოლოსთვის არ დამდგარა.

სასამართლო პროცესები:

  • კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგებლების პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ მწვავე პრობლემად დარჩა.
  • გაგრძელდა ოპოზიციურად განწყობილი სატელევიზიო არხის დირექტორისა და თანადამფუძნებლის სასამართლო პროცესი, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ქონების მითვისების დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე დაიწყო.
  • გიორგი რურუა, რომელიც არხის მთავარი მეწილეა, პრეზიდენტმა აპრილში შეიწყალა და ამით, ის 2020 წელს დაკისრებული 4-წლიანი სასჯელისგან გათავისუფლდა.
კატეგორია - საქართველო
ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.


28 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართა.

ქარტია აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და ითხოვს, რომ გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე, სამეურვეო საბჭომ დაიწყოს მოკვლევა და გაატაროს შესაბამისი ზომები.

ქარტიის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს პროცრსი იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა.

25 მარტს პირველი არხის გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანმა, იმედა დარსალიამ დაასახელა კონკრეტული ორგანიზაციები და რესპონდენტები, რომლებიც, მისი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. ცენზურის მცდელობაზე საუბრობენ არხის ჟურნალისტები, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძეც.


ამ თემაზე ვრცლად: საზ.მაუს “შავი სია” და დაბლოკილი სიუჟეტები - ჟურნალისტები სახელებს ასაჯაროვებენ.


"პირველმა არხმა" მაუწყებელში ცენზურასა და “შავის სიების” არსებობაზე ბრალდებები 17 თებერვალს უარყო და მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია უწოდა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” სამი ჟურნალისტი ცენზურისა და ე.წ შავი სიების დეტალებზე საუბრობს.

პირველ არხზე ამჟამად გაჩერებული გადაცემა “ახალი კვირის” ყოფილმა წამყვანმა იმედა დარსალიამ პრესკონფერენციაზე “ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული საერთაშორისო ექსპერტების “შავი სია” წაიკითხა”.

შავი სია- ანუ ის რესპონდენტები, რომელთა ჩაწერაც, დარსალიას თქმით, ჟურნალისტებს არხის მენეჯმენტის მხრიდან ეკრძალებოდათ.

  • რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა:
  • განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი
  • ასევე ბუკა პეტრიაშვილი
  • თინა ხიდაშელი
  • ლაშა ბაქრაძე ისტორიულ სიუჟეტებზე, ძირითადად საბჭოთა კავშირის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებზე.
  • ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია
  • კავკასიოლოგი - ლევან ჯეჯელავა
  • ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო.

დაბლოკილი თემები - საერთაშორისო თემებზე მომუშავე კონკრეტულ ჟურნალისტს დაუბლოკეს:

  • საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში.
  • ბელარუსის აქციები - არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო.
  • ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან - "როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ ცუდი რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია".

იმედა დარსალია ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რაც დიდი ბრძოლების შემდეგ დაბრუნდა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
  • “პოლიტიკა დააბრუნებინა გადაცემის ხელმძღვანელობას ეთერში, თუმცა პრობლემები ძალიან ცოტახნით მოგვარდა, ცენზურის მცდელობა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევები კვლავ გრძელდებოდაო”, - ამბობს დარსალია.

პოლიტიკის მიმართულების ჟურნალისტი თამთა ჯანაძე ცენზურის კონკრეტულ შემთხვევებზე:

  • მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო სიუჟეტიდან ან შეემოკლებინა.
  • უჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან ეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს თემები იმდენად “გადაიღეჭებოდა” მოამბეში, რომ საინტერესო აღარ იქნებოდა: ლუკა სირაძის, სარალიძის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმეები, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გაშუქება.

ჯანაძე ამბობს, რომ “არასასურველ” რესპონდენტებს მენეჯმენტის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წერდნენ, მაგრამ ეს ხანგრძლივ კონფლიქტებს ნიშნავდა მენეჯმენტთან.

  • მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომზადებული სიუჟეტი სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებასა და მეორე ტურის თემაზე - “გადაცემაში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები და ცესკოს მონაცემების მიხედვით გაკეთებული გრაფიკა, საიდანაც ირკვეოდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” 6 წლის განმავლობაში მხარდამჭერთა იგივე რაოდენობა დაკარგა, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წლის განმავლობაში”.
  • ოპოზიციის წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტის თემაზე სიუჟეტი უნდა გასულიყო, მაგრამ წინა დღით პროსდიუსერმა დაურეკა და უთხრა, რომ ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო სიუჟეტი ეთერში ვერ გავიდოდა.
  • ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელშიც ექსპერტი ბექა კობახიძე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტსა და კორცხელის ინციდენტს ერთმანეთს ადარებდა და ამბობდა, რომ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის მომხრეა და პროდიუსერი კატეგორიულად ითხოვდა ამ მონაკვეთის ამოღებას ან სინქრონის შემოკლებას.

“პირველი არხის” სამივე მოქმედი ჟურნალისტის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს და მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შესაძლო ხელშეშლისა და დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით სახალხო დამცველს მიმართავს.
  • “ახალი კვირის” სოციალური მიმართულების ჟურნალისტი სოფო ზედელაშვილი ამბობს, რომ არხის მენეჯმენტმა თავიანთ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტებები სთხოვა, რაც უკვე მიაწოდეს და იმედი აქვს, რომ შიდა მოკვლევა ჩატარდება.
  • “იმედი მაქვს, სამართლიანად გამოიკვლევენ ამ ყველაფერს და ის ადამიანები, ალბათ, პასუხს აგებენ სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა დროს აღარ განმეორდეს ეს ფაქტი. “, - ამბობს იმედა დარსალია.

"პირველმა არხმა" მაუწყებელში ცენზურასა და “შავის სიების” არსებობაზე ბრალდებები 17 თებერვალს უარყო და მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია უწოდა.

ამ თემაზე: დეტალები მოკლედ: რა ვიცით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე?
კატეგორია - საქართველო
ქართველმა ჰაკერებმა სატელევიზიო არხის “პოსტვის” ვებგვერდი დაჰაკეს. ამ დროისთვის www.postv.media გათიშულია.

ჰაკერთა ჯგუფმა “ტვიტერზე” “პოსტვის” დაჰაკული ვებგვერდის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “მესიჯი GNG-დან: დიდება უკრაინას! ეძებე სიმართლე, ის ფაქტებამდე მიგიყვანს”

alt

მანამდე კი “ტვიტერზე”წერდნენ,, რომ არხის ვებგვერდზე შეტევას იწყებდნენ.

alt
კატეგორია - საქართველო
17 მარტს ღამით, თბილისსა და ზუგდიდში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი “ფორმულასა” და “მთავარის” გადამღებ ჯგუფებს ორ განსხვავებულ ადგილას, განსხვავებულ თემებზე მუშაობის დროს შეუშალეს. ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

რა მოხდა?

“ფორმულას” - ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს, ოპერატორსა და მის ასისტენტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში ინტერვიუს ჩაწერის დროს მოქალაქე დაესხა თავს. ნაცემია ორი ოპერატორი. ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც. დაზიანებულია აპარატურა.

მომხდარის დეტალები:
  • გადამღები ჯგუფი გადაცემა “დროებისთვის” უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსი მოქალაქეების ჩამოსვლის თემაზე ბარში წინასწარ შეთანხმებულ ინტერვიუს წერდა. რესპონდენტი რუსეთის მოქალაქე იყო.
  • ბარში შესვლისთანავე ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პირმა ჰკითხა რომელი ტელევიზიიდან იყვნენ და რას აკეთებდნენ.
  • მოქალაქე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც გაიგო, რომ ჯგუფი “ფორმულადან” იყო. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში ჟურნალისტის მიმართ ჰქონდა რეპლიკები. ამბობდა, რომ არ მოსწონდა “ფორმულა” და ის, თუ როგორ აშუქებს ტელევიზია ამბებს.
  • მოქალაქემ გინება დაიწყო რესპოდნეტის მიმართაც, თუმცა მას ფიზიკურად არ შეხებია.
  • მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გადამღები ჯგუფის სამივე წევრს.
  • ჟურნალისტმა ჯერ პროდიუსერებს შეატყობინა მომხდარის შესახებ, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა.
  • როდესაც პირველმა გადამღებმა ჯგუფმა ბარი დატოვა, ადგილზე “ფორმულას” კიდევ ერთი ჯგუფი მივიდა. აგრესიულმა პირმა ჩაწერის დროს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არხის მიკროფონი გადაადო.



პოლიციამ თავდამსხმელი ღამითვე დააკავა. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს “ფორმულას თანამშრომლები.
  • “ ჩვენი პოზიცია, გამოძიებამ აბსოლუტურად გაიზიარა: რომ თუ დღეს ვინმეს რომელიმე არხის საქმიანობა არ მოსწონს, ლეგიტიმურად მიიჩნევს, ხელი შეუშალოს მას, იძალადოს და ა.შ.”, - თქვა ჟურნალისტმა ნანო ჩაკვეტაძემ ფორმულას ეთერში.

გამოძიება: ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყველა საჭირო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით.
  • ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა “ფორმულას” გადამღები ჯგუფის სამივე წევრს დღეს ჩაუტარდება.

“მთავარი არხის” - ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზუგდიდში, ძალადობრივი ჯგუფის “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან დაესხნენ თავს. ემა გოგოხია ჰყვება, რომ:
  • ჟურნალისტები ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლების მიერ “ალტ-ინფოს” ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების წაშლას იღებდნენ. ჟურნალისტი ცდილობდა ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჩაწერას.
  • გადაღების დროს ოფისთან რამდენიმე ერთდროულად გაჩერდა და იქიდან გადმოსული “კასტეტებით” შეიარაღებული პირები მათ თავს დაესხნენ.
  • ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი სცემდა. იძალადეს ჟურნალისტზეც.
  • ძალადობის ამ ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა, პოლიციის ეკიპაჟი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ხმაური მოქალაქეებმა გაიგეს და შველას შეეცადნენ.
  • ადგილზე მოსულმა პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა ყველა.
  •  თავდამსხმელები ერთმანეთს მიუთითებდნენ აპარატურის დამტვრევისკენ. ცდილობდნენ კამერის გატაცებას.


გამოძიება - ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.
კატეგორია - საქართველო
რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავდაპირველად 5 მარტს გვიან ღამით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.


რა მოხდა

ტელეწამყვანმა მიხაილ ფიშმანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ საქართველოში 5 მარტს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე

  • „თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს, მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ შემიძლია, გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში გავასაჩივრო“- ამბობს ფიშმანი.

მისი თქმით, იკითხა, თუ რის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში, თუმცა, არაფერი აუხსნეს და მიზეზი მისთვის გაურკვეველი დარჩა:

  • „მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი… კონტაქტებთან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ „დოჟდთან“ კავშირის გამო მოხდა“



კონტექსტი

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოცამდე მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა. მათ შორის არის ტელეკომპანია „დოჟდიც“.
  • თავდაპირველად რუსეთში „დოჟდის” ვებგვერდი დაბლოკეს. 4 მარტს კი, არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
  • „დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა