„კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“ - „სოციალური
სამართლიანობის ცენტრის“
კვლევაა, რომელიც ქართულ მედიაში აფხაზეთთან და
სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემების გაშუქებას
ეხება.
მედია მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგონებთან დაკავშირებული საკითხები ტელემედიაში ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება. ქართული ტელევიზიები არასათანადო ძალისხმევას დებენ ადგილობრივი წყაროებისგან ინფორმაციის მოპოვებაში, თუნდაც ეს წყარო აფხაზური ან ცხინვალის რეგიონში მომუშავე მედია იყოს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართული ტელევიზიები ამ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღებას უთმობენ, როგორც წესი, ამბის გაშუქებისას თითქმის არ ჩანან თავად აფხაზები, ოსები და განსაკუთრებით აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები.
ანალიზისთვის მასალები 7 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან შეგროვდა და ჯამში, 2024 წლის მაისი-ივლისის პერიოდის 576 გამოშვება დამონიტორინგდა, საიდანაც კვლევისთვის რელევანტურად სულ 87 მასალა ჩაითვალა.
კვლევამ აჩვენა, რომ მონიტორინგის პერიოდში მოხვედრილი დღეების უმეტეს ნაწილში 7 ტელევიზიიდან არც ერთი მათგანის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ მოხვედრილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული სიუჟეტი ან კადრ-სინქრონი, რელევანტური მასალების (87) მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოკლე კადრ-სინქრონი იყო.
„თემატურად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად ხვდებოდა ოკუპაციის, ომისა თუ კონფლიქტის კონტექსტში. ამას მოსდევდა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკა და ისტორიასთან, კულტურასთან ან რელიგიასთან დაკავშირებული მასალები. უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შიდა ამბები კი იშვიათად ხვდებოდა ქართული ტელევიზიების პრაიმტაიმში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში, თუკი აღნიშნულ თემებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა თუ ოკუპაციის საკითხთან. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებით ხშირად არის ნეგატიურ თემატურ კონტექსტში მომზადებული და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არ ჩანან უშუალოდ აფხაზები და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებნი. ამასთან, მედიის მიერ მომზადებული მასალები, როგორც წესი, არ აკეთებს აქცენტს სამშვიდობო პოლიტიკაზე“.
ტელემედიის მიერ კონფლიქტის რეგიონების გაშუქებისას გამოვლენილი ტენდენციები კი ასეთია:
● წამყვანი ქართული ტელევიზიებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები არაპრიორიტეტულ თემებს მიეკუთვნება, განსაკუთრებით თუკი აღნიშნული თემები საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ან ოკუპაციის საკითხთან არ იკვეთება;● არსებული მწირი გაშუქების პირობებში, განსაკუთრებით თვალშისაცემია ნეგატიური კონტექსტის მქონე თემებზე მედია მასალების სიჭარბე;
● მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემები ხშირად ზედაპირულად და ფრაგმენტულად შუქდება და იშვიათად გვხვდება პროაქტიულად მომზადებული სიღრმისეული სიუჟეტები;
● ჟურნალისტების ენა უმეტესწილად ნეიტრალურია, თუმცა მაინც გვხვდება დისკრიმინაციული და მტრული ენის გამოყენების ერთეული შემთხვევები. ხშირად ეს ენა მიემართებათ რუსებს და არა აფხაზებსა და ოსებს, ხოლო ნეგატიური გამოხატვის წყაროები კი რესპონდენტები არიან და არა ჟურნალისტები;
● საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია ნეგატიურად აისახება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებული თემების ტელემედიაში გაშუქებაზე, ვინაიდან შეზღუდული სივრცე რჩევა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გარდა სხვა თემების გაშუქებისათვის;
● ტელემედიების მიერ მომზადებულ მასალებში მშვიდობის
პოლიტიკა უმეტესწილად უგულებელყოფილი იყო ანდა პოლიტიკური
პოლარიზაციის გავლენით, მშვიდობის თემის ინსტრუმენტალიზება
ხდებოდა;
● თვალში საცემია აფხაზეთთან დაკავშირებით რომანტიკული
დისკურსი მედიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში, რაც არასწორ
წარმოდგენებს ქმნის მაყურებლებში აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიული
რეალობის და სოციოპოლიტიკური წარსულის შესახებ.
კვლევის - „კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში“
ავტორი ლაშა ქავთარაძეა.