„იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქ გვერდებზე დაკვირვების ფარგლებში „მითების დეტექტორმა“ კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინა
27.10.2026


ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტექტორი“ წერს, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქ გვერდებზე დაკვირვების ფარგლებში კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინეს, „რომლებიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის კონსპირაციულ და ანტიევროპულ პოსტებს კოორდინირებულად იწონებენ და სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის იმიტირებას ქმნიან“.  

„წინა კვლევის ფარგლებში „მითების დეტექტორმა“ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პროფილის ფოტოებით მოქმედი 434 ანგარიში გამოავლინა, რომლებიც ამჟამად დეაქტივირებულია. იმის დასადგენად, რამდენად აღმოიფხვრა მსგავსი პრაქტიკა, მონიტორინგი ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ პოსტებზე გაგრძელდა.

„მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ოქტომბერში გამოვლენილ პროფილებს, რომლებიც „ინტერპრესნიუსის“ პოსტებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხარდაჭერის იმიტირებას ახდენდნენ. მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამ ანგარიშების აქტივობა მხოლოდ „ინტერპრესნიუსით“ არ შემოიფარგლება და საეჭვო პროფილები სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე სხვა მედიასაშუალებების  პოსტებზეც რეაგირებდნენ. 

წინა კვლევის მსგავსად, მონიტორინგმა ანგარიშების ვიზუალური დუბლირების შემთხვევები, ასევე AI-გენერირებული პროფილის ფოტოებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოლოკაციური შეუსაბამობები გამოავლინა. ამასთანავე, გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ ანგარიშების უმეტესობას პროფილები აქვთ დახურული, მათი ნაწილი კი ადრე გამოვლენილი და დეაქტივირებული პროფილების ვიზუალს ატარებს“.

„მითების დეტექტორმა“ მონიტორინგის შედეგად რამდენიმე საერთო ქცევითი მახასიათებელიც გამოავლინა. მაგალითად, ანგარიშების უმრავლესობა ორ დღეშია შექმნილი, 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებაა, გამოვლენილი ანგარიშების უმეტესობას კი პროფილები დახურული აქვს:  

„445 ანგარიშიდან 300-ს ფეისბუქის Locked Profile ფუნქცია აქვს გააქტიურებული, რაც პროფილზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხილვადობას ზღუდავს. ეს მახასიათებელი განსხვავდება „მითების დეტექტორის“ წინა კვლევაში გამოვლენილი 434 AI-გენერირებული ტროლის ქსელისგან, რომლის წაშლის შემდეგაც ახალი ანგარიშების ქცევაში შესაძლო ტაქტიკური ცვლილება იკვეთება“. 

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, სანდოობის გასაზრდელად პროფილებში მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები და სასწავლებლები, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და „TV პირველიც“.

კვლევის მიხედვით, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქ პოსტების რეაქციების ანალიზი აჩვენებს, რომ „საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად რამდენიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახი კალაძე) სტრატეგიულ გზავნილებზე ხდება, გამონაკლისის სახით კი, მნიშვნელოვან სამთავრობო განცხადებაზე (საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება პარტიების აკრძალვის პროცესზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ), პირის (ბიძინა ივანიშვილის დასწრება პარტიულ ღონისძიებაზე) და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის (ზაზა შათირიშვილი) კონსპირაციულ და ანტიდასავლურ გზავნილებზე“. 

ვრცლად რა გზავნილების მხარდაჭერის გასაძლიერებლად გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა, წაიკითხეთ „მითების დეტექტორის“ კვლევაში - „სახელისუფლებო ტროლების „ხილული ხელი“: 445 ტროლის კოორდინირება „დიფ სთეითის“, დასავლეთისა და ოპოზიციის წინააღმდეგ“. 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ