„მითების დეტექტორის“ კვლევა: „ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“
25.09.2025


„ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“ - „მითების დეტექტორის“ ახალი კვლევის მიხედვით, „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართული:

„თავდაპირველად, შეტევები მის პიროვნებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ კამპანია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ნარატივში გადაიზარდა.

ამ ნარატივების თანახმად, ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რათა საქართველოში პოლიტიკური არეულობა დაწყებულიყო და „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. კამპანიის ფარგლებში მას არა მხოლოდ „დანაშაულის“ შესრულებაში სდებდნენ ბრალს, არამედ დასავლეთის ელჩებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას და ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აბრალებდნენ“.

„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის მიხედვით, რომელიც თებერვლიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გამოვლინდა როგორც პერსონალური დისკრედიტაცია, ასევე სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნილი დაწყებული მისი სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო განცხადებების დამახინჯებული გაშუქებით. მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ჟურნალისტზე და მის საქმესთან დაკავშირებით „მითების დეტექტორმა“ სამი მანიპულაციური, ერთი დეზინფორმაციული, ერთი კონტექსტის გარეშე გავრცელებული და ნაწილობრივ მცდარი შინაარსის ინფორმაცია გადაამოწმა. 

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, მონიტორინგის შედეგად შემდეგი გზავნილები გამოვლინდა: 

  • ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს;

  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში;

  • დასავლეთის ორმაგი სტანდარტი – ელჩები და საერთაშორიო ორგანიზაციები დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ახალისებენ;

ზემოაღნიშნულ გზავნილებს შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ: 

  • “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ირაკლი ხელაძე.

  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), ანუკი გუმბერიძე (ტელეკომპანია იმედი), ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია იმედი);

  • “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები და სხვა: გია აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, გელა  ნიკოლაიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა), დავით ჩიხელიძე (რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი),  გოგა ხაინდრავა (რეჟისორი);

  • პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი), სოსო მანჯავიძე (ერი მედია); გელა ზედელაშვილი (ასავალ-დასავალი); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი); ბესო ბარბაქაძე (საქართველო და მსოფლიო);

  • ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები: “არა ნაცებს – არა დიქტატურას”, “მიხუნ ჰაუზენი”, დაათ ცაბაძე, Kakha Danelia, Boris Gedevani; 

„მითების დეტექტორის“ კვლევით, გარდა დისკრედიტაციის კამპანიისა, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავდა როგორც ამაღლობელის საქმის სიმძიმის გადამეტებულად წარმოჩენას, ასევე საერთაშორისო კომენტარების მანიპულაციურ გაშუქებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მისი პიროვნული შეურაცხყოფა და სექსუალური ორიენტაციის თემით მანიპულაციაც. 

„ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ანონიმური ფეისბუკ ანგარიშებიც, რომლებიც ამაღლობელის შესახებ შეურაცხმყოფელ აღწერილობებსა და ვიზუალურ მასალებს ავრცელებდნენ“, - წერს ორგანიზაცია. 

მონიტორინგის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, პროსახელისუფლებო ექსპერტებისა და ანტილებერალური ატორების გზავნილებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ვრცლად „მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ აქ. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო  2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ