ჯიმ მოჰერი Brent & Kilburn Times-ის წინააღმდეგ - ბრიტანეთის პრესის საბჭოს გადაწყვეტილება
15.09.2017
მომჩივანი ფიქრობდა, რომ ის გამოცემის ახალი ამბების რედაქტორმა შეავიწროვა მაშინ, როცა მის შესახებ სოციალურ ქსელში დამამცირებელი პოსტები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ პრესის საბჭოს მანდატი არ ითვალისწინებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კონტენტის განხილვას, PCC-მ ეს შემთვევა მაინც განიხილა, ვინაიდან მომჩივნის მიერ მითითებულ მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ„ჟურნალისტები არ უნდა ჩაერთონ შეურაცხყოფაში, შევიწროებასა და დევნაში“, მათ შორის არც სოციალურ ქსელებში.

პრესის საბჭომ დააკმაყოფილა მომჩივანის საჩივარი.

მომჩივანი ფიქრობდა, რომ ის გამოცემის ახალი ამბების რედაქტორმა შეავიწროვა. კერძოდ, აცხადებდა, რომ გაზეთს, წერილების რუბრიკაში გამოსაქვეყნებლად, არაერთხელ მისწერა წერილი სიჩქარის შემზღუდველ ხელოვნურ ბორცვებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, თუმცა გამოცემაში ეს წერილები არ გამოქვეყნდა. მოგვიანებით, მომჩივანმა კიდევ ერთხელ მიწერა გამოცემის იმ რედაქტორს, რომელიც სწორედ ამ წერილების მიღებაზე, დარედაქტირებასა და გამოქვეყნებაზე იყო პასუხისმგებელი და გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისი წერილები უგულებელყვეს და არ გამოაქვეყნეს. ამ წერილის გაგზავნის დღეს, რედაქტორმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაპოსტა: „წარუმატებელი პარლამენტარი“, „შევეცდები მას ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო“. მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორის პოსტში მომჩივანის სახელი და გვარი ნახსენები არ ყოფილა, მომჩივანი ფიქრობდა, რომ პოსტების ადრესატად სწორედ ის მოიაზრებოდა. რედაქტორის პოსტები მოიწონა 53 ადამიანმა და დააკომენტარა 43-მა. მომჩივანი შეშფოთებული იყო ამ პოსტების შინაარსით.

გამოცემამ აღიარა, რომ რედაქტორის ქმედება „სამწუხარო და არასასიამოვნო“ იყო, მაგრამ ეთიკის კოდექსის დარღვევას არ ეთანხმებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ფაქტი არ იყო შევიწროვება, როგორც ამას მომჩივანი მიუთითებდა, გარდა ამისა, რედაქტორმა კომენტარები პირად ფეისბუქის გვერდზე დაწერა, პოსტს ჰქონდა ჩართული პირადი მოხმარების პარამეტრები, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა მხოლოდ „მეგობრებს“, ფეისბუკ friend-ებს შეეძლოთ.

პრესის საბჭოს გადაწყვეტილება:

მიუხედავად იმისა, რომ პრესის საბჭო, როგორც წესი არ განიხილავს სოციალურ მედია გვერდებზე გამოქვეყნებულ კონტენტს, ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლი (შევიწროება) ეხება ჟურნალისტების ყველა პროფესიულ ქცევას, მათ შორის, გამოხატვას სოციალურ მედია გვერდებზე. ამ მუხლში წერია, რომ „ჟურნალისტები არ უნდა ჩაერთონ შეურაცხყოფაში, შევიწროებასა და დევნაში“. მომჩივნის წუხილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით ეხებოდა უშუალოდ ახალი ამბების რედაქტორის კონტაქტს მომჩივანთან მის პროფესიულ როლში, სწორედ ამიტომ ეს საჩივარი დასაშვებად სცნო პრესის საბჭომ.

კომენტარები შეიცავდა ლანძღვა-გინებას, პირად შეურაცხყოფასა და ძალადობრივი ხასიათის მუქარას, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს სერიოზულ ხასიათს არ ატარებდა. ამის გარდა, ამ კომენტარებიდან ჩანდა, რომ ახალი ამბების რედაქტორი აპირებდა გამოეყენებინა პროფესიული უფლებამოსილება იმისათვის, რომ მომჩივანის „ცხოვრება უბედურებად ექცია“. გაზეთს არ უარუყვია, რომ რედაქტორის პოსტებში სწორედ მომჩივანი იგულისხმებოდა და მისი ვინაობის ამოცნობა ამ პოსტებიდან, ფართო საზოგადოებასაც მარტივად შეეძლო.

*********************************************************************

მოჰერმა აგრეთვე იჩივლა იმასთან დაკავშირებით, რომ გაზეთში გამოქვეყნდა არაზუსტი ინფორმაცია პირველი მუხლის (უზუსტობა) დარღვევით და მასში მას არ მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რითაც მისი აზრით, დაირღვა კოდექსის მე-2 მუხლი (პასუხის გაცემის შესაძლებლობა). ამის გარდა, მრჩეველმა მოჰერმა იჩივლა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტების წერილების განმეორებითმა გამოქვეყნებამ და მისი პასუხების გამოქვეყნებაზე უარმა, კიდევ ერთხელ შეავიწროვა ის, რითაც დაირღვა კოდექსის მე-4 მუხლი (შევიწროება).

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა განაცხადა, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა მისი კოლეგა საკრებულოს წევრების და პოლიტიკური ოპონენტის რამდენიმე წერილი სიჩქარის შემზღუდველ ხელოვნურ ბორცვებზე. მან აღნიშნა, რომ მასალები შეიცავდა უზუსტობებს და განსაკუთრებით შეწუხებული იყო იმით, რომ გაზეთმა თავისი მკითხველები შეცდომაში შეიყვანა. მან თქვა, რომ საპასუხოდ გადააგზავნა წერილები, მაგრამ გამოცემამ გამოქვეყნებაზე უარი უთხრა. მომჩივანმა განაცხადა, რომ რედაქციის ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენდა ახალი ამბების რედაქტორის მუქარის გაგრძელებას იმის შესახებ, რომ მის ცხოვრებას „უბედურებად გადააქცევდა“, და მის წინააღმდეგ მიმართული შევიწროების საერთო კამპანიის ნაწილი იყო.

1-ლი და მე-2 მუხლების საფუძველზე წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, გაზეთმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო თანაბრად გაეშუქებინა პოლიტიკოსების მოსაზრებები წერილების რუბრიკაში და რომ ადრე მას მომჩივნის უამრავი წერილი ჰქონდა გამოქვეყნებული. ისინი გამოსაქვეყნებლად ახალი ამბების რედაქტორმა შეარჩია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებდა მომჩივანის კორესპონდენციის გამოქვეყნებას.

საბჭოს გადაწყვეტილება

გაზეთებს აქვთ სარედაქციო თავისუფლება იმ მასალის გამოქვეყნებისას, რასაც ისინი თავიანთი მკითხველისთვის საინტერესოდ მიიჩნევენ. ადგილობრივი გაზეთის წერილების რუბრიკა, ტრადიციულად, მკითხველებს სთავაზობს ღირებულ ფორუმს დებატებისთვის, მათ შორის, არჩეული წარმომადგენლების მიერ.

საბჭომ აღნიშნა, გაზეთი უფლებამოსილი იყო გამოექვეყნებინა მომჩივანის ოპონენტების წერილები. გაზეთს არ დაურღვევია სიზუსტის პრინციპი, არ გამოვლენილა რაიმე ისეთი კონკრეტული უზუსტობა, რომ საჭირო ყოფილიყო მომჩივანის მხრიდან პასუხის გაცემა მე-2 მუხლის პირობების მიხედვით.

გაზეთმა აჩვენა, რომ ადრე მას გამოქვეყნებული ჰქონდა მომჩივნის უამრავი წერილი, რომელიც გამოსაქვეყნებლად ახალი ამბების რედაქტორმა შეარჩია, და განაცხადა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მომავალშიც გამოაქვეყნებდა მოჰერის პუბლიკაციებს. საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ რედაქციის შემდგომი გადაწყვეტილებები არასწორი ან მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყო, მომჩივანის წინააღმგედ, შესაბამისად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თეგები : თვითრეგულირება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ