ისტორიული ფოტოები მსოფლიო ჩემპიონატებიდან
15.06.2018
14 ივნისს რუსეთში ფეხურთის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ფეხბურთი ყველაზე აქტუალური და ხშირად განხილვადი თემა იქნება როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში.

მედიაჩეკერი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიულ ფოტოებს გაგახსენებთ. კადრებს, რომლებიც ფეხბურთის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ სენტიმენტებს იწვევს.


ინგლისელ ფეხბურთელს, რეი უილსონს მოედანზე ძაღლი გაეკიდა. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ბრაზილია და ინგლისი ეთამაშებოდნენ.

POPPERFOTO

ინგლისელი ბობი მური ხელს ართმევს და ულოცავს ბრაზილიელ პელეს გამარჯვებას. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ ინგლისი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

IMAGO/COLORSPORT/ICON SMI

დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ფრანც ბეკენბაუერი და აღმოსავლეთ გერმანიის კაპიტანი, ბერნდ ბრაუხი მატჩის დაწყებამდე ტრადიციული ხელის ჩამორთმევის ცერემონიის დროს. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის ისტორიული მომენტი, როდესაც გერმანიის ორი გაყოფილი მხარე სპორტულ მატჩში პირველად დაუპირისპირდა ერთმანეთს.

AFP/GETTY IMAGES

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ხელით გატანილი გოლი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრებთან გამართულ მეოთხედფინალურ მატჩზე. კადრის განმეორებით ჩვენებისას კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელმა გოლი ხელით გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. 2005 წელს, მარადონამ აღიარა, რომ ბურთს ხელი შეგნებულად მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „ღმერთის ხელის“ სახელით შევიდა.

BONGARTS/GETTY IMAGES

ფრანგი ფეხბურთელი და შემდგომში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი პენალტის დარტყმამდე ბურთს კოცნის. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ბრაზილია ხვდებოდნენ. პლატინიმ კარს დიდი მანძილით ააცილა ბურთი და პენალტი გააფუჭა. თუმცა, მისმა გუნდმა მაინც მოიპოვა გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

BOB THOMAS/GETTY IMAGES

90-იანი წლების იტალიის ნაკრების ვარსკვლავი, რობერტო ბაჯო სევდიანად დაჰყურებს მოედანს ფინალში გაფუჭებული პენალტის შემდეგ. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთს იტალიისა და ბრაზილიის ნაკრებები ხვდებოდნენ. ბაჯოს მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა თამაშის ბედი და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.



LUCA BRUNO/AP

დევიდ ბექჰემი წითელ ბარათს იღებს 1998 წლის მსოფლიოში ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან გამართული დრამატული მატჩის მეორე ტაიმში. დევიდ ბექჰემი თამაშისას არგენტინელმა დიეგო სიმეონემ წააქცია, რის შემდეგაც ბექჰემმა მას ფეხი ჩაარტყა. პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად ნახევარფინალში არგენტინა გავიდა. ბექჰემის ემოციურ საქციელს დიდი კრიტიკა მოჰყვა ინგლისში. ამ მარცხს ბევრი სწორედ მას აბრალებდა.

BOB THOMAS/POPPERFOTO/GETTY IMAGES

სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა მსოფლიო ჩემპიონის თასით ხელში ციურიხში, 2004 წელს. რამდენიმე წამის წინ მან FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება მოისმინა, რომლის მიხედვითაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკას ფეხბურთის ისტორიაში პირველად მიეცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საშუალება.


ASSOCIATED PRESS


ზინედინ ზიდანი საერთაშორისო კარიერას უხერხული ინცინდენტით ასრულებს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის  ფინალში მატჩის დროს შელაპარაკებისას გაბრაზებულმა ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიის ნაკრების მცველს, მარკო მატერაცის მუცელში თავი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. საბოლოოდ იტალიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

AFP / John MacDougall

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი დამწუხრებული უყურებს მსოფლიო თასს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. მესი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა, თუმცა მისმა გუნდმა ფინალში გერმანიასთან 0:1 წააგო. ეს ფოტო 2015 წლის მსოფლიო პრესის ფოტო კუნკურსის გამარჯვებული გახდა

Bao Tailiang/Chengdu Economic Daily

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ