უფასო პლატფორმები სოციალური მედიის ანალიზისთვის
19.06.2021
ინტერნეტსივრცეში მედია კონტენტის გავრცელებასა და აუდიტორიის გაზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი სოციალურ ქსელებს უჭირავს. სოციალური მედიის სწორი სტრატეგიის შემუშავებისთვის კი საჭიროა ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალების ანალიზი.

აუდიტორიის ჩართულობის, ინტერესებისა და ქცევის შესწავლა ფართო აუდიტორიამდე მიღწევისა და მათზე მორგებული მასალის შექმნის საშუალებას გვაძლევს.

ქვემოთ ჩამოთვლილი პლატფორმების ნაწილი სრულად უფასოა, ნაწილი კი მომხმარებლებს უფასოდ ფუნქციების შეზღუდულ რაოდენობას სთავაზობს. ზოგი მათგანი სოციალური მედიის პლატფორმებშივეა ჩაშენებული, ზოგს კი დამოუკიდებელი დეველოპერები გვთავაზობენ.

Google Analytics კომპანია "გუგლის" ამ პლატფორმით შესაძლებელია, როგორც ვებგვერდის, ისე სოციალურ ქსელებში არსებული არხებისა და ანგარიშების შესახებ დეტალური სტატისტიკური მონაცემების მიღება. მაგალითად, შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი სოციალური ქსელიდან გადადიან მომხმარებლები თქვენს ვებგვერდზე, რამდენი მნახველი ჰყავს კონკრეტულ მასალას რეალურ დროში, რომელ ხელსაწყოებს იყენებს თქვენი აუდიტორია და სხვა.

Talkwalker სოციალური მედიის მონიტორინგისა და ანალიზისთვის განკუთვნილი ხელსაწყოა, რომლითაც შესაძლებელია კონკურენტების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის სტატისტიკური მონაცემების ნახვა და შედარება. დემოგრაფიული მონაცემების მიღება და იმის გაგება, თუ სად ახსენებენ კონკრეტულ ბრენდს. ეს პლატფორმა "ფეისბუქის", "ტვიტერის", "ინსტაგრამის", "იუთუბისა" და "ლინკდინისთვის" ანალიზისთვის გამოიყენება. უფასო ვერსიით შესაძლებელია ჰეშთეგებისა და საკვანძო სიტყვების მოძებნა და მათი მონიტორინგი.

CrowdTangle მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი მონიტორინგისა და ანალიტიკის პლატფორმაა, რომლითაც შესაძლებელია კონკრეტული დროის მონაკვეთში სოციალურ მედიაში აქტუალური მასალების მოძებნა, აუდიტორიის ჩართულობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ნახვა, "ფეისბუქის", "ინსტაგრამის", "რედითის" გვერდების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სხვა ვერიფიცირებული პროფილების ანალიზი.

CrowdTangle-ის სრული ვერსია მხოლოდ "ფეისბუქის" პარტნიორებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა Link Checker Chrome Extension-ითა და Live Displays-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს კონკრეტული ბმულის ან/და აქტუალური თემის შესახებ პოსტებზე ჩართულობის მონაცემები.

Facebook Insights ხელმისაწვდომია "ფეისბუქ" გვერდების ადმინისტრატორებისთვის. ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია თქვენს გამოქვეყნებულ მასალებზე აუდიტორიის ჩართულობის შესახებ მონაცემების მიღება და მათი შედარება კონკურენტ გვერდებთან. 2021 წლის ივლისიდან Facebook Insights-ს ჩაანაცვლებს Facebook Business Suite Insights, რომლითაც "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" თქვენი აუდიტორიის შესახებ მონაცემებს ნახავთ.

Twitter Analytics - "ტვიტერის" ამ ფუნქციით, შეძლებთ ნახოთ როგორი ჩართულობა ჰქონდა თქვენს "ტვიტერის" ანგარიშს ბოლო 28 დღის განმავლობაში, მათ შორის, გაიგებთ რამდენი მომხმარებელი გადმოვიდა თქვენს ანგარიშზე, როგორ გაიზიარდა გამომწერების რიცხვი, რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი "ტვიტი" და სხვ. მონაცემების სანახავად უნდა გადახვიდეთ analytics.twitter.com-ზე.

Followerwonk -ის საშუალებით კი შესაძლებელია "ტვიტერზე" გამომწერების აქტივობების ნახვა.

YouTube Analytics - სხვა სოციალური ქსელების მსგავსად, "იუთუბის" ამ ფუნქციითაც შესაძლებელია დეტალური მონაცემების მიღება თქვენი არხისა და ატვირთული ვიდეოების შესახებ. მათ შორის, აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემები, ვიდეოს ყურებადობის დრო და სხვა.

ამ პლატფორმებთან ერთად დიდი მედიასაშუალებების ძირითადი ნაწილი სოციალური მედიის ანალიზისთვის განკუთვნილ სხვა ფასიან სერვისებსაც იყენებს. მათ შორისაა Tubular Labs, Chartbeat, Sharablee, Parsley, Newswhip, Social News Desk, Storyful და ა.შ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ