10 გამოსადეგი ონლაინ ინსტრუმენტი ჟურნალისტებისთვის
19.02.2022
Bellingcat ღია მონაცემების კვლევაზე დაფუძნებული, უმსხვილესი საგამოძიებო მედიაპლატფორმაა. უკვე რვა წელია, მისი ჟურნალისტები ზედმიწევნით სწავლობენ ყველაფერს რაც კი ონლაინ წვდომაშია, ამოწმებენ და ადასტურებენ ინფორმაციას, პოულობენ ადამიანებს, ადგილებსა და ბიზნეს-ერთეულებს მხოლოდ და მხოლოდ ღია მონაცემების გამოყენებით. Bellingcat-ის პორტფოლიოში უამრავი წარმატებული გამოძიებაა, სირიაში სიკვდილით დასჯის გადამოწმებიდან, ალექსეი ნავალნის მოწამვლამდე, და რაც მთავარია, ორგანიზაცია ჟურნალისტური გამოძიებისთვის გამოსადეგ ყველა რესურსს საჯაროდ აზიარებს. ზოგიერთი ინსტრუმენტი რთულია და მომზადებას საჭიროებს, თუმცა ბევრია ისეთიც, რომელიც მოხმარებაში მარტივია და სიღრმისეული კვლევისას დაგვეხმარება.

Bellingcat-ის სრული ჩამონათვალი, კატეგორიების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ეს კი 10 ნაცადი ინსტრუმენტია, რომელიც საჭირო ინფორმაციის მოპოვებას საგრძნობლად გაგვიადვილებს:


alt

Google lens

სურათის მიხედვით ძებნა. ამ აპლიკაციას უფრო ზუსტი შედეგები აქვს ვიდრე Google Image search-ს. სმარტფონში ჩამოტვირთვის შემდეგ ის გამოჩნდება ყველგან, სადაც ქრომის ბრაუზერი გიყენიათ. პერსონალურ კომპიუტერზე გამოსაყენებლად კი შეგიძლიათ RevEye დააყენოთ, რომელიც 1 დაწკაპუნებით სურათს ყველა პლატფორმაზე მოგაძებნინებთ - Google, Yandex, Bing, Tineye. გამოგვადგება ნებისმიერი საგნის, ადამიანის, ადგილის იდენტიფიცირებაში. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და პირველსავე შედეგს არ ვენდოთ.


alt

Suncalc

აპლიკაცია, Suncalc ჩრდილის პოზიციის მიხედვით ადგენს, რომელი საათი იყო, როცა ფოტო გადაიღეს. შეგიძლიათ ჩრდილის მიმართულების ნახვა ნებისმიერი დროისთვის. წარმოიდგინეთ გვეუბნებიან, ფოტო ამა და ამ დროს არის გადაღებული, ფოტოს კი მეტა ინფორმაცია (ფაილის შესახებ დეტალური ინფორმაცია) წაშლილი აქვს. შეგვიძლია, ჩრდილის მიმართულების მიხედვით გადავამოწმოთ ამ ინფორმაციის სისწორე.


alt

Who posted what

Facebook-ის ქსელში გამარტივებული ძებნა. მაგალითად, შეგიძლიათ მომხმარებლის ID დაადგინოთ და შემდეგ ამის მიხედვით მოძებნოთ, როდის დაპოსტა თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, საძიებო სიტყვის მიხედვით. ვთქვათ, თუ გვინდა რომელიმე სახელმწიფო მოხელის პოსტების ისტორია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მისი Facebook გვერდის მომხმარებლის ID და “ვაქცინაციის” შემცველ ყველა პოსტს დავინახავთ.


alt

Epieos tools

თუკი ხელში საინტერესო ადამიანის მეილი ჩაგივარდათ მაგრამ მის შესახებ, ფაქტობრივად არაფერი იცით, ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ. ეს აპლიკაცია გუგლთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგაწვდით, მაგალითად, თუ Google maps-ზე ოდესმე შეფასება დაუტოვებია, მას ნახავთ. ასევე, ბევრ ადამიანს Gmail-თან დაკავშირებული Skype ანგარიშიც აქვს და ინსტრუმენტი მომხმარებლის სახელსაც გაჩვენებთ და პროფილის ფოტოებსაც.


alt

Socialblade

ეს ინსტრუმენტი Youtube არხის სტატისტიკას აჩვენებს. ამ ინსტრუმენტის 100%-ით ნდობა, და მითუმეტეს, ციტირება, არ შეიძლება, რადგან მთლიანი ანალიტიკა მხოლოდ ანგარიშის მფლობელს აქვს, თუმცა ინსტრუმენტი საკმაოდ ზუსტად ითვლის მნახველებისა და გამომწერების რაოდენობას და თვეების მიხედვით, დინამიკაში გვაჩვენებს არხის განვითარებას.


alt

Have I been pwned

საკუთარი კიბერუსაფრთხოების მონიტორინგში დაგვეხმარება. მეილის შეყვანით შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად უსაფრთხოდაა თქვენი ანგარიშები და ხომ არ ცდილობდა ვინმე რომელიმეს გატეხვას.


alt

What’s my name

ამ საძიებო ინსტრუმენტით შეგიძლიათ, მომხმარებლის სახელის მიხედვით სწრაფად იპოვოთ ყველა პლატფორმა, სადაც ამ სახელს იყენებს. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ძალიან სპეციფიკური მომხარებლის სახელი აქვთ შერჩეული, მას რამდენიმე პლატფორმაზე იყენებენ. ასე შეძლებთ, თქვენთვის საინტერესო პიროვნებაზე მეტი ინფორმაცია უფრო სწრაფად შეაგროვოთ, ვიდრე Google search-ით.


alt

Sentinel hub playground

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს გვაჩვენებს. რეზოლუცია გაცილებით დაბალია, ვიდრე Google Earth-ზე, სამაგიეროდ, ყოველ მეორე-მესამე დღეს განახლდება. განსაკუთრებით გამოსადეგია კვამლისა და ხანძრის დინამიკის სანახავად.


alt

Map Checking

ხშირად გვესმის რომ რომელიმე საპროტესტო აქციაზე “ასობით”, ანდა “ათასობით” ადამიანი იდგა, ზოგჯერ კი უფრო სპეციფიკურ რაოდენობასაც ასახელებენ. Map Checking დაგვეხმარება, ეს ინფორმაცია გადავამოწმოთ. რუკაზე ჩვენთვის საინტერესო ფართს მოვხაზავთ, ადამიანების დგომის სიმჭიდროვეს მივუთითებთ და გავიგებთ, მაქსიმუმ რამდენი ადამიანი შეიძლება მდგარიყო მოცემულ ადგილზე.


alt

ADSB Exchange

ფრენების მონიტორინგის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. სხვა რადარებისგან განსხვავებით, აქ დამატებით ნახავთ პატარა რადარებით მიღებულ, არაოფიციალურ ინფორმაციასაც, რადგან ამ პლატფორმაზე მოყვარულებიც ტვირთავენ საკუთარი რადარების გამოჭერილ მონაცემებს. ამიტომ აქ ხშირად ჩანს კერძო პატარა თვითმფრინავები, რომლებსაც სხვაგან ვერ დაინახავთ.

ავტორი : თამუნა ჩქარეული;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ