რატომ არ გვაქვს სოციალური თოქშოეუები
02.05.2023
რატომ გვჭირდება სოციალური თოქშოეუები ქართულ სატელევიზიო სივრცეში არაერთ გასართობ ან პოლიტიკურ თოქშოუს ვხვდებით, თუმცა იშვიათია სოციალური თოქშოუები, რომლებიც სიღრმისეულად განიხილავს საზოგადოების პრობლემებს.

რატომ გვჭირდება სოციალური თოქშოუები?

მედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს სოციალური თემების განხილვასა და საკითხის გააზრებაში. პრობლემის სწორად გაშუქება, ერთ-ერთი ნაბიჯია მისი მოგვარებისკენ. დისკუსიასა და მსჯელობაზე აგებულ სოციალურ თოქშოუებში იკვეთება პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და გამოსავლის გზები.

  • სოციალური ქსელების სწრაფი ზრდის მიუხედავად, ტელევიზია ჯერ ისევ რჩება ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ საშუალებად.
  • სარეკლამო კომპანია Betterfly Media-ს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, რეიტინგების სათავეებშია ღამის შოუები, გასართობი, ყვითელი თოქშოუები და ე.წ. მეგაშოუები.

რატომ (თითქმის) არ გვაქვს სოციალური თოქშოუები? მოკლედ

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის:

  • მედიაში პოლარიზაციის მაღალი დონე;
  • ინტერესი უფრო პოლიტიკური თემების მიმართ;
  • რეიტინგზე გათვლილი და სკანდალზე ორიენტირებული კონტენტი.
დეტალურად

"მედია, პარტიებთან ერთად, არის პოლარიზებული და პარტიულ დღის წესრიგს მიყვება, ნაცვალ იმისა რომ რაც საჯარო ინტერესია ის გააშუქოს" - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური და პოლიტიკური პროგრამის დირექტორი Სალომე შუბლაძე.

სწორედ პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის გამო, სატელევიზიო სივრცეში იშვიათად შევხვდებით სოციალურ საკითხზე კონსტრუქციულ მსჯელობას, თუნდაც პოლიტიკოსებს შორის.

  • “მთავარ არხზე”, “TV პირველსა” და “ფორმულაზე” ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიან, ხოლო “იმედზე” ძირითადად არ ისმის ოპოზიციური, კრიტიკული ხმა.
  • ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელი გადაცემაში ერთად ისხდნენ, დაპირისპირებით დასრულდა.
არის თოქშოუები სატელევიზიო სივრცეში?

მეტწილად არა, მაგრამ არის/იყო რამდენიმე გამონაკლისი

  • “ხალხის ხმა” “მთავარ არხზე” იყო ერთგვარად სოციალური თოქშოუ, თუმცა გადაცემა დაიხურა.
  • ასევე დაიხურა გადაცემა "პლტფორმა", ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, რომელიც არსებითად სოციალური თოქშოუ არ იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად იგივე თემები განიხილებოდა.
“რეალური სივრცე”

დღეს, საქართველოს ტელევიზიებში ფაქტობრივად, ერთადერთი სოციალური თოქშოუ “რეალური სივრცეა”, პირველ არხზე. გადაცემაში საუბრობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური თოქშოუს, “რეალური სივრცის” არსებობა ერთის მხრივ, იმით არის განპირობებული, რომ ის არ არის კომერციული მედია.გადაცემა ეთერში ათ წელზე მეტია გადის და, როგორც ჟურნალისტი, თამარ მშვენიერაძე ამბობს, "არცერთ ეტაპზე არ გამხდარა რეიტინგზე გათვლილი".

"რუსული სატელევიზიო შოუების გავლენით, 10 წლის წინ, სოციალური თოქშოუ აღიქმებოდა როგორც ყვითელი, რეიტინგზე გათვლილი გადაცემა და როდესაც სხვა ტელევიზიებმა მსგავსი ფორმატების გაკეთება დაიწყეს, რაღაც ეტაპზე რეიტინგით იგებდნენ, თუმცა მათ ვერც რეპუტაცია შეინარჩუნეს, ვერც მდგრადობა" - ამბობს მშვენიერაძე.

აღნიშნავს იმასაც, რომ სოციალურ საკითხებზე შესაძლებელია, კონსტრუქციული, მშვიდი საუბარი, ესკალაციის, სკანდალების გამოგონების გარეშე.

"თუ გვსურს, რეალითი შოუების მსგავსი რეიტინგი, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ." - თქვა მედიამკვლევარმა აირინ კოსტერამ მედიაჩეკერთან ინტერვიუში.

რატომ არის სოციალური თოქშოუები მნიშვნელოვანი

სოციალური თემები საბოლოოდ ეხება და გავლენას ახდენს ყველაზე. ამას კვლევებიც ადასტურებს:

  • NDI-ს 2022 წლის კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევის მიხედვით კი, გამოკითხული მოსახლეობის 30% ცუდად, 16% კი ძალიან ცუდად აღწერს მის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას.

შესაბამისად, სატელევიზიო სივრცეში უნდა იყოს პროგრამები, სადაც არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ რიგითი ადამიანების ხმაც ისმის. სოციალური თემები კი უფრო სიღრმისეულად უნდა გაშუქდეს.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ