ავტომანქანის მფლობელთა დილემა - მყავს თუ მაქვს?
04.06.2018



კუთვნილებისა და ფლობის გამოსახატავად ქართულში ყველაზე ხშირად ვიყენებთ ზმნებს - მყავს და მაქვს. ორივე მათგანი სუბიექტის მიერ ობიექტის ფლობას აღნიშნავს. მყავს ზმნა ორივე აქტანტის ( ანუ სუბიექტისა და ობიექტის) „სულიერებას“ გამოხატავს, უსულო (არაცოცხალი)საგნის კუთვნილება კი მაქვს ფორმით გამოითქმის.

ჰყავს ზმნა იხმარება ისეთ არსებით სახელებთანაც, რომლებიც აღნიშნავენ მოძრავ, „მოსიარულე“ საგანს, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანა (და არა ყოველგვარი მანქანა!): დეპუტატს ავტომანქანა ჰყავს, მაგრამ:  საკერავი მანქანა აქვს;

ასევე:

რეგიონს ბევრი ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარი აქვს.

საინტერესოა, რომ ხალხურმა მეტყველებამ ავტომანქანა გაუთანაბრა სულიერი ( ცოცხალი) საგნების გამომხატველ არსებით სახელთა ჯგუფს.

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ის უნდა იყოს, რომ ავტომანქანა მოძრაობს ( წესის თანახმადაც, არსებითი სახელებიდან სულიერია ის, რომელსაც საკუთარი ძალით გადაადგილება შეუძლია, უსულოა საგანი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია).

მეორე მხრივ, ადრე სატრანსპორტო საშუალებებად ცოცხალი ძალა ( ხარი, ცხენი, ვირი...) გამოიყენებოდა. მეტყველებაში, ცხადია, გავრცელებული იყო სულიერის შესაბამისი ზმნის გამოყენება შესაბამის კონტექსტში. მანქანის, როგორც სატრანსპორტო საშუალების დამკვიდრებასთან ერთად ეს წესი შენარჩუნდა.

გამოთქმა „ავტომანქანა მყავს/გყავს/ჰყავს“ დღეს სალიტერატურო ქართულში მტკიცედ არის დამკვიდრებული და ასეც უნდა ვთქვათ და ვწეროთ.

ყველა სიტყვასა და გამოთქმას...თავისი ადგილი აქვს.  აქვს ზმნა კიდევ ერთ „საჩოთირო“ გამოთქმაში გვხვდება.

„წესრიგის დარღვევას სისტემატურად აქვს ადგილი“.

„ადგილი აქვს საარჩევნო ნორმების დარღვევას“.

„კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციებს“.

„ადგილი აქვს ფასების ზრდას პირველი მოთხოვნილების საგნებზე“.

თანამედროვე წერით და ზეპირ მეტყველებაში გამოთქმა „ადგილი აქვს“ იმდენად გავრცელებულია, რომ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც შეუტანიათ, როგორც იდიომი (თუმცა იქვეა თანდართული შენიშვნა - ბარბარიზმი);

რას ნიშნავს „ადგილი აქვს“?

ლექსიკონში გამოთქმა ასეა განმარტებული: „ხდება ხოლმე, რისიმე შემთხვევები არის, შეინიშნება რაიმე“.

„ადგილი აქვს“ რუსული имеет место -ს კალკია და როგორც ნებისმიერი კალკი, ისიც აღარიბებს, აჭრელებს და ვნებს მშობლიურ ენას.

უადგილოდ გამოყენებული გამოთქმა „ადგილი აქვს“ მარტივად შეიძლება ჩავანაცვლოთ ქართულისთვის მეტად ბუნებრივი ზმნური ფორმით ან გამოთქმით.

დასახელებულ ნიმუშებს თუ განვიხილავთ, მაგალითად, „წესრიგის დარღვევას აქვს ადგილი“ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ უფრო ლაკონიური წინადადებით - წესრიგი ირღვევა. ადგილი აქვს ფასების ზრდას - ფასები გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში, კონტექსტის გათვალისწინებით, ეს სიტყვათშეთანხმება მართებულია და გამოყენებაც დასაშვებია. მაგალითად, ქვესათაურად გამოტანილ წინადადებაში გამოთქმა სწორადაა გამოყენებული.


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ