ქარტია ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლას ეხმაურება
13.02.2026


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ეხმაურება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ამ ფაქტით და თავ-თავიანთი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღონ მსგავს სიტუაციებში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ გუშინ, 11 თებერვალს, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ირანის ისლამური რევილუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა მის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიების და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა მას ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. უცნობმა პირებმა ჟურნალისტს გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს, ხოლო შემდგომ იმაში დასარწმუნებლად, რომ მან მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო- და ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. ამავე პირებმა ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.

„პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა იმის გამო, რომ ეს პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ სამსახურს წამოადგენდნენ ისინი, ვერ შეძლო“.  

26 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს და ადგილზე გადაღებული კადრები წაუშალეს „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძესაც.

-------------------------

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოზე, რომელშიც ქვეყნის მედიაგარემოა შეფასებული.

RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

გასული წლის ნოემბერში ქართული დამოუკიდებელი მედიის დევნის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებზე ანგარიში - „პროტესტის 1 წელი - კრიტიკული მედია ხალხის სამსახურში“ გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ