ComCom-მა „იმედის“ წინააღმდეგ რამაზ სამხარაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა
12.02.2026

 

კომუნიკაციების კომისიამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-ი წერს, რომ „შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინ მედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინ მედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინ მედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში“. 

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ „მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტურ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები“ და „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM 93.5“, ComCom-ს გადაცემა „იმედის კვირაში“, 2025 წლის 23 და 30 ნოემბერს, გასული გასული სიუჟეტების გამო მიმართა. მომჩივანის შეფასებით, „იმედმა“ „რადიო თბილისი FM 93.5“-ისა და კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის შესახებ არაზუსტი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან „წარმოჩენილი იყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები“:

„საჩივრის თანახმად, სიუჟეტში გამოყენებული იყო კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და კომპანიის ლოგო. სიუჟეტში მითითებული ბრალდებები წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არ ეფუძნებოდა არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ოფიციალურ დასკვნას და არც გადამოწმებულ ფაქტობრივ წყაროებს“.

ასევე, რამაზ სამხარაძის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას მაუწყებლიდან მისი კომენტარის ან პოზიციის გასაგებად და ინფორმაციის გადასამოწმებლად არავინ დაკავშირებია. მან სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით, წერილობით „იმედსაც“ მიმართა და არასწორი (მცდარი) ფაქტების გასწორება ან უარყოფა მოითხოვა.

ტელეკომპანიის წერილობითი განმარტებით კი, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ „იმედისთვის“ პასუხის უფლების მოთხოვნით არ მიუმართავს, „რადგან მომჩივანის წერილში არ იყო მითითებული მსგავსი მოთხოვნა და არც შესაბამისი სამაართლებრივი საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წერილობით პოზიციააში აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა მოიცავდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის გავრცელებას, რაც შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია“.

რამაზ სამხარაძემ კომუნიკაციების კომისიას „იმედის კვირის“ სადავო სიუჟეტებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ რამდენიმე პუნქტის დარღვევის დასადგენად მიმართა. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის არცერთი (4) საჩივარიც. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ