ვახტანგ აბაშიძეს კომუნიკაციების კომისიის წევრობის ვადა ეწურება
13.02.2026


ვახტანგ აბაშიძეს კომუნიკაციების კომისიის წევრობის ვადა ეწურება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, აბაშიძის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, მთავრობამ კომუნიკაციების კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 11 თებერვლიდან ღია კონკურსი გამოაცხადა. კომისიის წევრობაზე კანდიდატურის დასახელების უფლება ყველას აქვს, შესაბამის საბუთებს მთავრობის ადმინისტრაცია 12 მარტის ჩათვლით მიიღებს.

ვახტანგ აბაშიძე 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017 წლიდან კი კომისიის წევრია. აბაშიძე ComCom-ის თავმჯდომარე იყო 2000-2004 წლებშიც. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, ComCom-ის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნდება, საკონკურსო კომისია წარსადგენი კანდიდატების შესახებ რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ მთავრობა არანაკლებ სამ კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ ახალ თავმჯდომარედ 29 იანვარს, 3 წლის ვადით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩია. გულორდავა კომისიის წევრად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა. კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა კახი ბექაურს ამოეწურა.

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ 10 თებერვალს, „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი, შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შემსრულებლად 1 თვის ვადით, „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძე დანიშნა.

----------------------------------------

კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედია კრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის ფუნქციებში საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც შედის. 

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.

--------------------------------------

გოგა გულორდავამ შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, მან სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. 

კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

--------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 

2025 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამოც. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. ამასთან, ComCom-მა  სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ არცერთი (4) საჩივარი არ დააკმაყოფილა. „იმედის“ წინააღმდეგ კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარიც. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ