2025 წელს ტელემაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლების 78.5% ოთხმა სამთავრობო არხმა მიიღო
18.02.2026


2025 წელს ტელევიზიებმა 99.2 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. analytics.comcom.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი - 78.48% ოთხ სამთავრობო არხზე მოდის. მათგან კი ყველაზე მეტი - 45 044 153 ლარი (45.4%) „იმედმა“ მიიღო.  

Analytics.comcom. ge-ის მიხედვით, 2025 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავალი 59-მა ტელემაუწყებელმა მიიღო.


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ორმა ტელევიზიამ 2025 წელს, ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ ჯამური სარეკლამო შემოსავალი მაგალითად, 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავალი - 99.2 მილიონი ლარი 2024 წელთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი. 

2024 წელთან შედარებით გასულ წელს ყველაზე მეტად „ჯი-დი-ესის“, „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა. მაგალითად, „ჯი-დი-ესის“ შემოსავალი ბოლო წელს 4 115 716 ლარით გაიზარდა, „იმედის“ - 20 242 055 ლარით, „რუსთავი 2“-მა კი 8 342 726 ლარით მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღო.


რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ