როგორც „მედიის განვითარების ფონდი“ წერს, მაშინ, როცა კომუნიკაციის
მარეგულირებელი კომისია უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო
სათემო მაუწყებლებსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონმდებლობის
დარღვევას ედავება, ჩინეთის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია
„ობიექტივის“ ეთერში გადაცემის - „ჩინეთის პანორმა“ დაფინანსებას
კვლავ
აგრძელებს.
MDF-ის ცნობით, 2025 წელს, „ობიექტივის” Youtube არხზე „ჩინური პანორამას“ სულ 31 ჩანაწერია ხელმისაწვდომი. გადაცემათა ციკლი დაახლოებით 50-წუთიანია და ჩინეთის დროშისა და რუკის ფონზე წამყვანისა და მოწვეული სტუმრის ფორმატში გადის. მისი ძირითადი წამყვანი ბადრი ნაჭყებია, პერიოდულად კი - ბორის მანჟუკოვი. „ჩინური პანორამა“ ჩინეთის ეკონომიკასა და პოლიტიკას, ასევე, მის როლს გლობალურ მოვლენებში პოზიტიურად წარმოაჩენს.
„“ობიექტივი”, რომელსაც ჩინეთის საელჩოსგან გადაცემის განთავსებისთვის დაფინანსება მე-2 კვარტალში აქვს მიღებული, იდენტური შემოსავალი მე-4 კვარტალშიც უფიქსირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალის თანახმად, 2025 წლის მე-4 კვარტალში ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავალი 25,305 ლარს შეადგენდა, საიდანაც 12,605 ლარი მფლობელის, ირაკლი ცილიკიშვილის შემოწირულებაა, 12,700 ლარი კი - ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი.
ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე კატეგორიაში „7000 ლარს
ზემოთ დაფინანსება” „ობიექტივს” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს
გასწვრივ გადაცემის განთავსება და სპონსორობა აქვს
მითითებული; ხოლოს დაფინანსების წყაროების შესახებ
კატეგორიაში - მხოლოდ სპონსორობა“.
2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
როგორც „ობიექტივის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ირაკლი ცილიკიშვილმა „მედიის განვითარების ფონდს“ განუცხადა, ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ სპონსორობის თანხაა და გადაცემის განთავსების კატეგორიის დამატება შესაძლოა, ბუღალტრის შეცდომაა. „მისი თქმით, ჩინეთის საელჩო გადაცემა “ჩინურ პანორამას” ასპონსორებს, რაც კანონით დაშვებული გამონაკლისია“.
როგორც MDF-ი წერს, კატეგორიაში - „7000 ლარს ზემოთ დაფინანსება“ „ობიექტივს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება 2025 წლის მე-2 კვარტალშიც აქვს მითითებული, როცა მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება უკვე აკრძალული ჰქონდათ.
„მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების კომისიას მიმართა შეკითხვით დაიწყო თუ არა ტელეკომპანია “ობიექტივის” მიერ უცხოური ძალის დაფინანსების მიღების და, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა ან გეგმავს თუ არა ფაქტზე რეაგირებას. მარეგულირებლის პასუხში ნათქვამია, რომ მაუწყებლის მიერ შევსებული ფორმების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაუწყებლისგან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 ივნისიდან კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ორი საქმე განიხილა, თუმცა უცხოური დაფინანსებით გადაცემის განთავსებასთან დაკავშირებული არც ერთი არ იყო.
ამავდროულად, კომისიამ დასავლური შემოსავლების მიღების
გამო გააფრთხილა ტელე და რადიომაუწყებლები. 22 იანვარს, ComCom-მა
2025 წლის III კვარტალში, ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის
ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების
გამო წერილობით
გააფრთხილა „რადიო მარნეული“. 2025 წლის 9
ოქტომბერს კი კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“
დაფინანსების მიღების გამო „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და
რადიოები: „ნორი“, „მარნეული“, „პოზიტივი“
გააფრთხილა.

