შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო
21.07.2025
კატეგორია - საქართველო



შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური - კი სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს:

„უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალი ჰქონდათ, რომელიც 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცემის ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულება დაიწყებოდა. 

„ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად“.

მოსალოდნელი ინკასოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს, 17 ივლისს კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

„დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, - წერს „ბათუმელები“.

გამოცემის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება: 

„წესით მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე.

მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია“.

შემოსავლებმის სამსახურმა ივნისის ბოლოს ინკასო დაადო რეგიონულ ტელეკომპანიის „თრიალეთისა“ და რადიოჰოლდინგ „ჰერეთის“ [აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში - „თბილისი“, კახეთში - „ჰერეთი“ და ბათუმში - „ციტრუსი“] ანგარიშებსაც.


კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო. 
ექვს თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ