MAC: „დამოუკიდებელი მედიის ანგარიშებზე ინკასოს დადება არ არის რიგითი ფინანსური ოპერაცია - არამედ, მისი მიზანია დამოუკიდებელი მედიის დასუსტება და გაქრობა“
21.07.2025
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელსაც „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის წინააღმდეგ ახორციელებს:

„დამოუკიდებელი მედიის ანგარიშებზე ინკასოს დადება არ არის რიგითი ფინანსური ოპერაცია - არამედ, მისი მიზანია დამოუკიდებელი მედიის დასუსტება და გაქრობა.

"ბათუმელების" შემთხვევა სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელსაც "ქართული ოცნება" დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის წინააღმდეგ ახორციელებს.

უკვე 6 თვეზე მეტია უკანონოდ ციხეში იმყოფება მზია ამაღლობელი — "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს პირველი პოლიტიკური პატიმარი ქალია. ინკასოს დადება კიდევ ერთი ზეწოლის ფორმაა მზია ამაღლობელის გასატეხად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წინააღმდეგ ინკასოს დადება ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული. ამის მაგალითია რადიო ჰოლდინგი "ჰერეთი" და რეგიონალური მაუწყებელი "თრიალეთი". “ჰერეთი", რომელიც სამ რადიოს აერთიანებს (თბილისში — "თბილისი", კახეთში — "ჰერეთი" და ბათუმში — "ციტრუსი"), აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით, მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო. დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის განცხადებით, ამ უეცარი თავდასხმის მიზეზი მისი მხრიდან მოვლენების კრიტიკულად გაშუქებაა.

“ბათუმელებს” და სხვა დამოუკიდებელ მედიას ინკასოს ადებენ მაშინ, როდესაც, "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ მყოფ მაუწყებლებს „იმედს" და „რუსთავი 2"-ს, შემოსავლების სამსახურის წინაშე მილიონობით დავალიანება აქვთ (17 და 25 მილიონი ლარი).

ბოლო პერიოდში მედიის მრავალმხრივი შევიწროების მცდელობა - რეპრესიული კანონების მიღება, სასამართლოს დახურვა, დაუსაბუთებელი ჯარიმები და სხვა - პირდაპირ მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას“.

კოალიციის განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება, არის შეტევა თითოეული ჩვენგანის უფლებაზე - ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, გავიგოთ სხვადასხვა მოსაზრება, გავავრცელოთ ჩვენი ხმა და ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ.

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო რომ დაადო, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ დღეს გაავრცელა. „ბათუმელების“ განცხადებით, ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური - კი სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის: ძირი თანხა - 47 ათასი ლარი, საურავი - 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

გამოცემას სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და მის დასაფარად შესაბამის თანხებს ყოველთვიურად იხდიდა.

როგორც „ბათუმელები“ წერს, 1 ივლისს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალი ჰქონდათ, რომელიც 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცემის ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულება დაიწყებოდა. 

მოსალოდნელი ინკასოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს, 17 ივლისს კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ