წინააღმდეგობის 10 თვე კოსტავას ქუჩიდან რუსთაველამდე
30.09.2025
კატეგორია - საქართველო

(ფოტო: მარიამ ქავშბაია / „პუბლიკა“)

„არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“; „გააშუქე სიმართლე“; „მოუსმინეთ ხალხის ხმას! ხალხი ითხოვს სამართალს“ - ეს და არაერთი სხვა, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხთან დაკავშირებული შეძახილი გზად საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე, მე-10 თვეა ყოველ საღამოს ისმის.

საზმაუს მარშმა, რომლის მონაწილეებიც „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ, კოსტავას 68-სთან შეკრება გასული წლის 30 ნოემბრიდან დაიწყო.

------------------------------------------------------------

2 დღით ადრე, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებდა, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა. მოქალაქეები პარლამენტთან 307-ე დღეა უწყვეტად იკრიბებიან.

------------------------------------------------------------

მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა „პირველი არხი“ არაობიექტურ და მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს და პირდაპირი ეთერის დათმობა მოითხოვეს. სახალხო პროტესტის შედეგად ტელევიზიის ბადეში „საგანგებო ეთერი“ (30-45 წუთიანი გადაცემა) გაჩნდა, თუმცა არხის მენეჯმენტმა იანვრიდან ეს ფორმატი გააუქმა. პროტესტის მონაწილეებმა კი „პირველი არხის“ ყოფილ შენობასთან „სახალხო ეთერის“ მოწყობა და იმ თემებზე საუბარი დაიწყეს, რასაც, მათი თქმით, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა აშუქებდეს.


(ფოტო: ალექსანდრე ქეშელაშვილი / „პუბლიკა“)

მარიამ დალაქიშვილი სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ის სამსახურიდან, თითქმის ყოველდღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან მიდის და მარშის წევრებს უერთდება.

„მახსოვს, ტელევიზორი რომ ჩავრთე და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხალხი დავინახე, მივხვდი, რომ ვერც ერთი წუთით უფრო გვიან ვერ მივიდოდი და აქ წამოვედი. იმის მერე, ყოველდღიურად ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროტესტში“, - იხსენებს მარიამი ჩვენთან საუბრისას.

მისთვის დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყელის იდეა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ იბრძვის ისეთი მაუწყებლის არსებობისთვის, როგორიც, მისი თქმით, აქამდე არასდროს გვქონია:

„ქუჩაში ადამიანებს არბევდნენ, პროტესტის ამხელა ტალღა იყო და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება და პროტესტი ფაქტობრივად არ შუქდებოდა. იმის მაგივრად, რომ საუბარი ადამიანების რეალურ წუხილზე ყოფილიყო, იანვარში მაგალითად, ყველა გადართვაზე ეთერში SpiderMan-ი გადიოდა. დღესაც ასეა, ისე დაიწყო ეს სასწავლო წელი, საზმაუს ეთერში ვერ მოისმენთ იმას, რომ ახლაც ძალიან ბევრ სკოლაში წყლისა და საპირფარეშოს პრობლემა არ არის გადაჭრილი; რომ რეგიონებში საავადმყოფოებში საშინელი გამოწვევის წინაშე დგანან ექიმები, ფაქტობრივად შიშველი ხელებით უწევთ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბარი. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში და ის, რასაც უნდა ემსახურებოდეს, მოსაპოვებელი და საბრძოლია.

ფონად სულ მესმის ხოლმე, რა საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა?! იმ ქვეყნებში, სადაც ის თავის რეალურ ფუნქციას ასრულებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანებს საშუალებას აძლევს ისაუბრონ თავიანთ წუხილებზე, ეხმარება მათ ერთმანეთის დანახვასა და სოლიდარობისა და თანაგანცდის გაღვივებაში. 

ვიბრძვი იმისთვის, რომ მქონდეს ისეთი საზოგადოერივი მაუწყებელი, როგორიც არასდროს არ გვქონია. წლების მანძილზე რაღაცები, რაც ბრძოლის ან პროტესტის შედეგად იცვლებოდა, ბოლომდე არასდროს არ ყოფილა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. არსობრივი ამობრუნებისთვის ვიბრძვი, რომ ეს არხი მართლა თავის რეალურ იდეას ემსახურებოდეს“.


(ფოტო: chai khana)

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციებში პირველივე დღიდან მონაწილეობს გოტა ჭანტურია, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი. როგორც ის გვიყვება, მარშის ფორმა და შინაარსი ბუნებრივად ჩამოყალიბდა:

„როცა ხალხი მიდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გასაპროტესტებლად, ყოველთვის რაღაც დიდი პოლიტიკური ამბები წყდებოდა…არ გვინდოდა, რომ მოთხოვნები, რაც გვქონდა, ცარიელ სიტყვებად დარჩენილიყო, როგორც პოლიტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე. როცა რაღაც მოთხოვნას იტყოდნენ, ულტიმატუმად რამდენიმე საათს განუსაზღვრავდნენ ადრესატს და მერე არაფერი, ისე ჩაივლიდა, თითქოს არც თქმულა. სწორედ ამიტომ გავაგრძელეთ ეს პროცესი და შემდეგ, ბუნებრივად ფორმირდა ეს მარში.

წინააღმდეგობაში ორი რამეა მნიშვნელოვანი: ერთი - ფორმა და მეორე - შინაარსი. ამ პროტესტს ფორმაც შემოაქვს, მარში რომ მიდის, შეძახილები აქვს, მანძილს გადის და საზოგადოებას აგებინებს…მსვლელობის დროს რასაც ვაჟღერებთ, მას სოლიდარობის ელემეტებიც აქვს, სოციალური ელემენტიც, სხვადასხვა პრობლემას ეხმიანება. ტელევიზიის კარი ჩაიკეტა, მაგრამ ამან წინააღმდეგობის უფრო დიდი სახე მიიღო. ყოველდღიურმა რუტინამ ბარიერები გაარღვია. მთავარი სათქმელი, რაც შეძახილებად ფორმირდა, ადამიანების გონებაში, მეხსიერებაში ჩაჯდა, ეს კი პროტესტისთვის უმნიშვნელოვანესია“.


(ფოტო: „მედიაჩეკერი“)

ონისე ოქრიაშვილი Stand-Up კომიკოსია. რადგან ფიქრობს, რომ „პირველი არხი“ მოვლენებს ობიექტურად უნდა აშუქებდეს, საზმაუს მარშს თითქმის ყოველდღე უერთდება. ონისე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ უნდა მართავდეს:

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ არაფერია დასამალი იმაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რომ არის. ელემენტარულად ის მაინც გვინდა, რომ პარტიის წარმომადგენელი არ წარმოადგენდეს არხს, რომელიც საზოგადოების ფულითაა დაფინანსებული და საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს.

გულდასაწყვეტია, რომ ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეთერი გააუქმეს. მაშინ მეგონა, რომ მოვახერხებდით მის დაბრუნებას, თუ დიდ მობილიზებას და საზოგადოებრივ მაუწყებელთან განგრძობითი ხასიათის პროტესტს გავაგრძელებდით, თუმცა ასე აღარ გამოვიდა. მგონია, რომ ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა „ქართულ ოცნებას“ ის ეთერები. ვინც კი უსმენდა, ყველა აღფრთოვანებული იყო იმ სტუმრებით, რომლებიც არ იყვნენ პოლიტიკოსები, იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საუბრობდნენ პრობლემებზე.

თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნების“ ნარატივს, ჩვენ ვართ ეკონომიკის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რაღაცაში ლუქსემბურგს ვუსწრებთ, სადღაც გაიხსნა უფასო საცურაო აუზი და ა.შ. სიმულაციას ქმნიან, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველა კარგად ცხოვრობს, არაფერი არ გვიჭირს და გვაცადეთ ქვეყნის შენება. ამ დროს საზმაუს ეთერში, რომელსაც მთელს საქართველოში აჩვენებს, გამოდის სკოლის მასწავლებელი, რომელიც ჰყვება, რომ გაკვეთილზე მოსწავლე ვერ უსმენს, რადგან მას შია. პროპაგანდით გაბრუებული ადამიანი ამას რომ მოისმენს, ფიქრობს, რას ჰქვია ბავშვს შია. ეს ამ სიმულაციას არღვევს. ეს ადამიანები რომ გამოდიოდნენ, პროპაგანდა მოირყა და ამიტომაც დახურეს ეს ეთერები. თუმცა, ღრმად მწამს, რომ როცა რეჟიმს შევცლით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად გადავა იმ ღირსეული პროფესიონალების ხელში, ვინც იაზრებს ამ არხის მნიშვნელობას“.


(ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media)

ლევან კალანდარიშვილი არქიტექტორია. როგორც თავად გვიყვება, საპროტესტო მოძრაობის დაწყებამდე, პროფესიიდან გამომდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბედი ადარდებდა:

„ამ მოვლენებამდე, დროის რაღაც ნაწილი იმას დავუთმე, რომ ეს შენობა დაგვეცვა, როგორც ქართული თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის ძალიან საინტერესო მაგალითი და მერე, ასე აღმოჩნდა, რომ ცხოვრებამ მარშთან დამაკავშირა“.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია თუნდაც ერთი განსხვავებული ხმის გაჟღერებაა, არხი მრავალფეროვნება არ არის:

„რატომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელიც მრავალხმიანი იყოს და ყველას ხმა ისმოდეს? ადრე იყო ასეთი სისტემა: ვიღაც ზის, მარტო მისი ხმა ისმის და ის ჩვენი ბელადია. ბელადების დრო აღარაა. სხვა ქვეყნის ბელადებს რომ უყურებენ, მოსწონთ? ეს მე უკვე გავიარე, 70 წლის ვარ. ნახევარი ცხოვრება საბჭოთა კავშირში ვიცხოვრე და იქ დაბრუნება არ მინდა. არ მინდა, რომ ეს სიყალბე კიდევ გაგრძელდეს. უფრო კარგი ქვეყანა გვინდა, სხვა ხომ არაფერი“.


(ფოტო: internazionale)

თათია დვალი, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, ანთროპოლოგი და გენდერის მკვლევარია. თათიას აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედისგან“ და postv-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად პროპაგანდისტული მესიჯებით გამოირჩევიან, ცდილობს მესიჯები კარგად შეფუთოს, თუმცა მისი მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ძალაუფლების მაქსიმალურად გამყარებაა:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც „ქართული ოცნების“ წანაზარდად იქცა, ერთადერთი არხია, რომელსაც რეიტინგზე არ უწევს ნადირობა, რადგან ბიუჯეტიდან თანხა იმთავითვე აქვს გამოყოფილი. თუკი ჩემი ჯიბიდან ფინანსდება ტელევიზია, რომელიც არა თუ ხალხის ინტერესებს, არამედ ისეთ ჯგუფს ემსახურება, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანა რეპრესიებში ამყოფოს და სრულად მოაშთოს რაიმე ტიპის დემოკრატიული ხმა, მაშინ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ჩემი უკმაყოფილება გამოვხატო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ.

შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ამდენი ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. შეიძლება ეს შედეგი ხვალ არ დადგეს. საერთოდ არ მაქვს ის განცდა, რომ ერთ რომელიმე დღეს სრულიად შეიცვლება ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელია, გაჩუმება იყოს აქედან გამოსავალი. ამ ქვეყანაში არსებობა რომ ჯერ ისევ შეგვიძლია, სწორედ ყოველდღიური წინააღმდეგობის დამსახურებაა. ცვლილებასაც ეს ყოველდღიურობა მოიტანს და არა მისგან ამოგლეჯილი ერთი კონკრეტული დღე“.

თათია ჩვენთან საუბრისას მისთვის გამორჩეულ იმ დღესაც იხსენებს, როდესაც იგრძნო, რომ საზოგადოებისთვის საზმაუს პროტესტი მეტად გასაგები და ახლო გახდა.

„ერთი დღე მახსოვს მკაფიოდ. იანვარი იყო. როცა რუსთაველზე მარში მივიდა და აქციის მონაწილეები დაგვხვდნენ, ძალიან დიდი მოლოდინი ვიგრძენი და რაღაცნაირად, ეს მოლოდინი იყო არა მხოლოდ ის, რომ აბა, როდის მოვლენ, არამედ ის, რომ ელოდები, როდის მოვა ის ხალხი, რომელიც უკვე მიიღე, როგორც წინააღმდეგობის ძალიან მნიშვნელოვანი კერის ნაწილი. იმ დღეს თითქოს ნავსი გატყდა.

რუსთაველზე უამრავი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი დგას. ძალიან ეკლექტურია ეს სივრცე და სწორედ ამ ეკლექტურობაში მოსჩანს დემოკრატიის ის ჩანასახი, რომელიც დღეს წართმეული გვაქვს. ამ ეკლექტურობაში როცა შენ ვიღაცები გელიან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პოლიტიკურად რაღაცებში არც კი გეთანხმებოდნენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი მგონია. შეიძლება მე და რუსთაველზე მდგომი რომელიმე ადამიანი, რომელიც ფარნით მხვდება, რიგ საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ჩემთვის სრულიად სხვა იყოს ქვეყნის მოწყობის იდეალური ჩარჩო და სრულიად სხვა იყოს მისთვის, მაგრამ დღის ბოლოს, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს, ყველას ერთნაირად ეხება და აწუხებს ზუსტად ის პრობლემები, რომლებზეც ვაპელირებთ“.


(ფოტო: „ნეტგაზეთი“)

მათ შორის, ვინც საზმაუს მარშს რუსთაველის გამზირზე, თითქმის ყოველ დღე ხვდება, არის გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი. გვანცა ფიქრობს, რომ კოსტავას ქუჩიდან დაძრული მარში „პროტესტის გულია“: 

„ამ თვეების განმავლობაში, ის მთავარი მესიჯები, რაც ამ მარშმა შექმნა და ყველას დაგვამახსოვრა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც აქციის მონაწილეები სულაც არ არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მარშმა ძალიან ეფექტური გზა მოიფიქრა იმისთვის, რომ ჩვენი გულისტკივილი იმ საზოგადოებისთვისაც, რომელიც ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად ყოველდღიურად ყოფნას, ან არც აქვს სურვილი, მიეწოდებინა და დაემახსოვრებინა. ეს ნიშნავს იმას, რომ საზმაუს მარშის წყალობით, ჩვენი ხმა მივიდა იმ ადამიანებამდე, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო შორიდან გვიყურებენ.

აქ, პარლამენტთან რომ მოვდივართ, ჩვენი კომუნიკაცია ადამიანებთან იწყება კითხვით - „მარში მოვიდა“? არავის არ უნდა, მისი მოსვლა გამოტოვოს. ყველას გვინდა, რომ ვიყოთ იმ ემოციური მომენტის მონაწილე, როდესაც მარში შეძახილებით მოდის, ჩვენ ვანთებთ ფარნებს და მათ შეძახილებს ასე ვპასუხობთ. თუ მოხდა ისე, რომ დავაგვიანე და მარშს ვერ შევხვდი, მგონია, რომ ჩემთვის სრულყოფილი დღე არ იყო. ამ პროტესტით ყველანი რუტინაში ვართ, მაგრამ ყოველდღიურად გამოიარო ამხელა მანძილი სხვადასხვა საპროტესტო შეძახილით და დადგე რუსთაველზე, კიდევ უფრო რთული მისიაა. მათი საშუალებით ქალაქი გრძნობს, რომ პროტესტი გრძელდება.

ადამიანებს სჭირდებათ ემოციის გამოხატვა და სწორედ მარში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაგროვილი ემოციები გამოვხატოთ. არ წარმომიდგენია, რომ რუსთაველზე შეიძლება დადგეს ისეთი საპროტესტო დღე, როდესაც მარში არ მოვა. სანამ ეს ბრძოლა არის, ეს ბრძოლა არის საზმაუს მარშთან ერთად“.



საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ