CMIS: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 434 შემთხვევა აღირიცხა
01.10.2025


„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434 ინციდენტი აღრიცხა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური ძალადობა).

CMIS-ი წერს, რომ საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია:

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ განხორციელდა ისეთი ტიპის დარღვევები როგორებიცაა: ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება/დაპატიმრება, დაკითხვა, გადაღების აკრძალვა, ადმინისტრაციულ შენობებში არშეშვება, უკანონო ჯარიმები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პრობლემისა, არც ერთი თავდამსხმელი, მათ შორის, საჯაროდ იდენტიფიცირებული პირები, პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური მოტივით არის გასამართლებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარალელურად, დამოუკიდებელი მედია და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნე გახდნენ. “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი თუ ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა თუ სამოქალაქო სექტორისთვის“.

„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა:

პოლიტიკური მოტივით გასამართლება - 1 შემთხვევა

• 6 აგვისტოს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფიზიკური ძალადობა და დაზიანება - 122 შემთხვევა

• ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა - 82

• ჟურნალისტების დაზიანება (მათ შორის, ქიმიური ნივთირებით აქციებზე) - 40

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა - 104 შემთხვევა

• გადაღების აკრძალვა - 65

• ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა - 18

• საჯარო ღონისძიებაზე არშეშვება - 9

• სასამართლო სხდომიდან გაძევება - 9

• აკრედიტაციის შეჩერება - 3

სამართლებრივი კატეგორიის ინციდენტები - 102 შემთხვევა

• დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აქციების გაშუქების დროს - 37 (ე.წ. “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძველით”, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას). ამ ეტაპზე ჯარიმების დიდი უმრავლესობა გასაჩივრებულია; მცირე ნაწილს ჯარიმა მოეხსნა

• სხვა ტიპის ფინანსური ჯარიმა (მაგ. მედიაორგანიზაციაზე დაკისრებული ჯარიმები, სოციალურ მედიაში პოსტის გამო ჯარიმა)- 17

• სამართლებრივი დევნა (მაგ. სასამართლოში დაბარება) - 19

• უკანონო დაკავება - 11

• მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა - 5

• SLAPP სარჩელი - 5

• დაკითხვა - 5

• სიტყვიერი გაფრთხილება - 3

სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია - 108 შემთხვევა

• სიტყვიერი შეურაცხყოფა - 65

• დაშინება - 22

• დისკრედიტაცია - 21

საკუთრებაზე თავდასხმა - 29 შემთხვევა

• ტექნიკის დაზიანება - 13

• ტექნიკის ჩამორთმევა - 14

• ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა) – 2

შრომითი უფლებები დარღვევის (2025 წლის იანვრიდან დღემდე) - 22 შემთხვევა

(ყველა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უკავშირდება)

• სამსახურიდან გათავისუფლება - 12

• დისციპლინური სანქციის დაკისრება - 8

• სამუშაო უფლების შეზღუდვა (მაგ. სამუშაოზე არდაშვება) - 2

CMIS-ის განცხადებით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დარღვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ. მხოლოდ პროტესტის გაშუქებისას, 28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების დაუსაბუთებლად არშემოშვების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების დღეს, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 70 შემთხვევა აღრიცხა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ