„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკია ქარტია“ „კოალიცია ცვლილებისთვის“
წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის
საქალაქო სასამართლოში მისულ ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის
ფაქტს ეხმიანება
და პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს
მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქცევით და კანონის
ძალით აგებინოს მას პასუხი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.
„სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი ამჯერად თავს მინდია გაბაძეს დაესხა. ჟურნალისტის თქმით, მატიაშვილმა სამჯერ სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, „წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით“, ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში. მანამდე დავით მატიაშვილი მინდია გაბაძეს პოლიციის გამოძახებითა და „ოთახში შეყვანით“ დაემუქრა, რომელიც ჟურნალისტმა აღიქვა, როგორც ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვა. სხვა მანდატურმა მინდია გაბაძეს ორჯერ კისერში ჩაავლო ხელი.
მანამდე, 22 ივლისს, დავით მატიაშვილი დაემუქრა „პუბლიკის” რედაქტორს ზურა ვარდიაშვილს, რომელიც სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთით გამოკეტა.
გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც, ნატალია ჯახუტაშვილის თქმით, მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა. „ფორმულას“ ჟურნალისტს ტელეფონი 15 წუთის მერე, გატეხილი დაუბრუნეს.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. სასამართლოებში მათ არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო იქ, განსაკუთრებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათ მიმართ უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია. ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ“.
ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც უკიდურესად რთულ პირობებში აშუქებს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს“.