MAC: „ქართული ოცნების“ სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა
02.10.2025
კატეგორია - საქართველო

 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „“ქართული ოცნების“ სასამართლო - უსამართლობის და ძალადობის ადგილი“, ხოლო  ჟურნალისტების მიმართ ძალადობა  და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილება გახდა.

„1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტმა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, მას პირდაპირ დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არაერთხელ.

იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის  საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. „ქართული ოცნების“ სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის ანმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,  სრულ სოლიდარობას გამოხატავს იმ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე მანდატურების თავდასხმის ფაქტი დაგმო  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს  მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქცევით და კანონის ძალით აგებინოს მას პასუხი ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ