(ფოტო: screenshot-ი „სადისკუსიო კლუბი 42“-ის მეორე პანელური დისკუსიიდან)
„ცხადია, „პირველ არხზე“ ვიმყოფებით და „პირველი არხის“ სახელით მაქვს პატივი, რომ მოგესალმოთ“, - ასე დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ „სადისკუსიო კლუბი 42“-ის პირველი პანელური დისკუსია, რომელიც მისი გადაცემის, „42-ე პარალელის“ იუთუბ არხზე 30 მარტს გამოქვეყნდა.
ის „პირველი არხის“ ახალი შენობის დარბაზში მყოფებს ტელევიზიის გენერალური დირექტორის, თიკო ბერძენიშვილის სახელითაც მიესალმა, რომელიც მისი თქმით, ღონისძიებას ქვეყანაში არ ყოფნის გამო ვერ დაესწრო.
გვიმრაძემ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლოს დააფუძნეს ორგანიზაცია - „სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42“, რომლისთვის „ასევე, „პირველი არხის“ დახმარებით ეს არის პირველი ღონისძიება, სადაც ჩნდება ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, სახელი“. მან გამოთქვა იმედიც, რომ მომავალში კიდევ შეძლებენ საინტერესო პროექტების განხორციელებას.
„აი, ეს „სადისკუსიო კლუბი 42“, რომლითაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდულობით, ნუ თავდაპირველად, ალბათ, თვეში ერთხელ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ასეთი ტიპის დისკუსიებს შემოგთავაზებთ, ხოლო შეიძლება, თუ გამოგვივიდა შემდეგ ორ კვირაში ერთხელაც გავაკეთოთ ხოლმე…“
გიორგი გვიმრაძის თქმით, ასევე, ისინი შეთანხმდნენ, „საქართველოს პირველ ლედისთან, რომ ეს ღონისძიებები მისი პატრონაჟით განხორციელდება. იცით, რომ ისიც არ გახლავთ საქართველოში და შესაბამისად, ვერც ის ესწრება დღეს ჩვენს ამ შეხვედრას“.
რატომ გადაწყვიტა თამარ ბაგრატიონმა „სადისკუსიო კლუბი
42“-ის პატრონაჟი და რა სახის დახმარებას გულისხმობს ის, ამის
გასარკვევად „მედიაჩეკერი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, კითხვები
გაგვაგზავნინეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია, აღარ
პასუხობენ ჩვენს ზარებსაც.
„სადისკუსიო კლუბი 42“-ის
პირველი პანელური დისკუსიის თემა ახლო აღმოსავლეთის ომის
გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური შედეგები იყო, მომხსენებლები -
ენერგოუსაფრთხოების საკითხების მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე,
აღმოსავლეთმცოდნე ემილ ავდალიანია და „პირველი არხის“ ანალიტიკოსი
შოთა თხელიძე. დისკუსიაში დარბაზიდან ასევე ჩაერთვნენ: დეპუტატი ლადო
ბოჟაძე, „მილენიალის“ წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი, „პოსტვ“-ის წამყვანი
ზვიად ავალიანი, „პირველი არხის“ ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ
ჯანიაშვილი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და
სხვ.
ზოგადი განათლების პოლიტიკა იყო მეორე დისკუსიის თემა, რომელიც „42-ე პარალელის“ იუთუბ არხზე 11 მაისს გამოქვეყნდა. მისი მოხსენებლები იყვნენ: „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ჩაკვეტაძე, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და „პირველი არხის“ ანალიტიკოსი, ბაქარ ბერეკაშვილი. მასწავლებლებთან ერთად, აუდიტორიიდან კითხვები დასვეს: ვასილ მაღლაფერიძემ „პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ, დავით ქართველიშვილმა, არჩილ სიხარულიძემ და სხვ.
ბოლოს გიორგი გვიმრაძე სტუმრებს დისკუსიის
არაფორმალურ გარემოში გაგრძელებასაც სთავაზობს. მაისის დასაწყისში
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „სადისკუსიო კლუბ 42“-ის ფარგლებში
პანელურ დისკუსიაში მონაწილე სტუმრების გასამასპინძლებლად
ფურშეტიც
შეუკვეთა.
გიორგი გვიმრაძე „სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42“-ის ერთპიროვნული დირექტორია, ხოლო გამგეობის წევრები მასთან ერთად, „პირველი არხის“ ანალიტიკოსები ნინო ხელაია და ბაქარ ბერეკაშვილი არიან. ორგანიზაცია 2025 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა.
„პირველი არხის“ ანალიტიკოსები: ნატალია ბალავაძე, ნინო ხელაია, შოთა თხელიძე, მერაბ ჯანიაშვილი, სანდრო ცაგარელი, თათო მარიდაშვილი, ბაქარ ბერეკაშვილი; „მილენიალის“ წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი და კონფლიქტოლოგი შოთა შველიძე არიან „სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42“-ის სალექციო კურსის - „ქართული მწერლობა, როგორც სოციალური და პოლიტიკური იდეების არქივი“ ლექტორებიც.
„კურსი მიზანმიმართულია სკოლის დამამთავრებელი კლასების (აბიტურიენტები) მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და იმ ახალგაზრდებზე (16-დან 29 წლამდე) რომელებიც დაინტერესებულნი არიან ქართული მწერლობითა და პუბლიცისტიკით და მისი მნიშვნელობით ქართული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აზრის ფორმირების საქმეში“, - ვკითხულობთ მის აღწერაში.
„სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42“-ის ლექციები ახალგაზრდობის სააგენტოში ტარდება. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს პროექტი სწორედ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებშია დაფინანსებული.
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემადგენელი ნაწილია. მან ბოლოს საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა. მაშინ კონკურსის საერთო ბიუჯეტად 1 200 000 ლარი იყო მითითებული, ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალურ ბიუჯეტად კი - 100 000 ლარი.
„მედიაჩეკერს“ განათლების მინისტროში უთხრეს, რომ ამ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებისა და მათ მიერ მიღებული დაფინანსების რაოდენობის გასაგებად, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ახალგაზრდობის სააგენტოსგან ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რედაქცია დამატებით მასალას მოამზადებს.
„ნუ იქნება ჩემი პოზიცია, არ მცალია მაგაზე სასაუბროდ“, - ასე გვიპასუხა გიორგი გვიმრაძემ, რომელთანაც რამდენიმე კითხვა გვქონდა. „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა კი კომუნიკაციების სამსახურთან გადაგვამისამართა, რომელიც ჩვენს ზარებს და შეტყობინებას არ პასუხობს.
კვლევის - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ შედეგებში ვკითხულობთ, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოება პარტიული ნიშნით - „ტენდენცია, რომელიც არაერთ საერთაშორისო ანგარიშსა და პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული“.
„შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“, - წერია მასში.
გოტა ჭანტურია, რომელმაც ეს კვლევა მოძრაობის - „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ მიერ გამართულ პროპაგანდის წინააღმდეგ კვირეულზე, მარტში, წარადგინა, მიიჩნევს, რომ „სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42“ კლასიკური ტიპის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ქმნიან და შემდეგ სახელმწიფოსგან ნეპოტისტურად ითვისებენ გარკვეულ რესურსებს იმისთვის, რომ ისევ სახელმწიფოსთან შეთანხმებული ღონისძიებები და აქტივობები განახორციელონ.
„ამ შემთხვევაში ამ ამბავს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამას აკეთებენ პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლები. თანაც, აქ საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის გიორგი გვიმრაძე და „42-ე პარალელის“ მთელი ანალიტიკური ჯგუფი, ასევე, არიან POSTV-ის წარმომადგნელები. მინიმუმ ეს არის არაკეთილსინდისიერება და ნეპოტიზმი, მაგრამ რეალურად, სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა კორუფცია. ორი პროპაგანდისტული მანქანა გაერთიანდა, რათა ამ შემთხვევაში სხვა ფორმით მოახდინონ საზოგადოებაზე გავლენა და თან ამ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის იყენებენ როგორც ახალგაზრდობის სააგენტოს გრანტს, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსს“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე კი ჩვენთან საუბრისას ამბობს:
„სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აფინანსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს, რომელიც გამოირჩევა, კვლევითაც დასტურდება, რომ ვრცელდება მის გადაცემაში ცალსახად არა მარტო „ქართული ოცნების“, ასევე რუსული ნარატივები და ეს იმ ტელევიზიაში, რომლის ხელმძღვანელობის დასანქცირებას ითხოვს ევროკავშირი თავის რეზოლუციებში. ეს მორიგი დასტურია იმისა, თუ რა საინფორმაციო ველი, რა თემების განხილვა უნდა „ქართულ ოცნებას“ და რატომ უპირისპირდება, ებრძვის ძალადობით და რეპრესიებით დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში“.
პოდკასტ „42 პარალელის“ წამყვანობასთან ერთად, გიორგი გვიმრაძე 2025 წლიდან „პირველი არხის“ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელია. მანამდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი იყო. გვიმრაძემ ეს თანამდებობა 2024 წლის დეკემბერის დასაწყისში დატოვა. ტელევიზიას მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.
გიორგი გვიმრაძე კი იმ დღეს, 2024 წლის 4 დეკემბერს, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის იყო პასუხისმგებელი ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც არხმა საზოგადოებას ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო წარმომადგენლად წარუდგინა, რაც არ დადასტურდა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 ნოემბერს კი, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით შეიკრიბნენ, გვიმრაძემ ტელევიზიის ძველ შენობაში მყოფ ნინია კაკაბაძეს ხელი ჰკრა, დოდი ხარხელს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
2025 წლის იანვარში, „მედიაჩეკერს“ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით გაგზავნილ განცხადებაზე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უპასუხა, რომ გიორგი გვიმრაძემ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა და ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

