კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2
500 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების საგამოძიებო უწყება“, „რეჟიმის ოპონენტების თქმით“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების პრეზიდენტი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“, „რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა“, „ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია“, „ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან“ და სხვ. გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
მიუკერძოებლობის პრინციპისა და ბალანსის ( 54-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები) დარღვევად ჩაუთვალა ComCom-მა „ფორმულას“ 22 აპრილის 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული მასალა, სადაც წამყვანი ამბობს: „მიხეილ სარჯველაძეს დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები ტყუილში ამხელენ. მათი განმარტებით, მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ წამლებს შედეგიანად იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. პირველი არხის მენეჯმენტი დღის 12 სთ.-ზე გაჟღერებულ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია“.
კომისიის დასაბუთებით, მასში ალტერნატიული მოსაზრება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია/კომენტარი წარმოდგენილი არ იყო.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „ფორმულას“ ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად, 21 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამონიტორინგა.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულა“, „TV პირველთან“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლების დარღვევის გამო, წინა თვეში წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის: „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულასთვის“ მაშინ წერილობითი გაფრთხილების მიცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საგანგაშოდ შეაფასა და მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით მარეგულირებელი მაუწყებლებს ცენზურას უწესებს.
„საგულისხმოა, რომ მაუწყებლებისთვის ყოველი შემდგომი იმავე ტიპის დარღვევის დადგენა მათთვის სოლიდური ფინანსური სანქციების დაწესების, ან/და მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის წინაპირობა გახდება, რაც ისედაც მწირი ფინანსური რესურსების პირობებში მომუშავე მედიებისთვის მძიმე ტვირთი იქნება“, - აღნიშნა ორგანიზაციამ აპრილში.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა წინა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი - 20 დარღვევა სწორედ „ფორმულას“ აღმოუჩინა, ყველაზე ცოტა (4) კი - „იმედს“.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე დარღვევაზე აპრილში პირველად იმსჯელა.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა.
მაშინდელ განცხადებაში კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შარშან, გაზაფხულზე შესული ცვლილებებით მიეცა.
2025 წლის ივნისში, კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

