პარლამენტმა ონლაინ გამოცემებს: „პუბლიკას“
და „მონიტორს“
აკრედიტაცია ვადამდე ადრე გაუუქმა. პარლამენტის აპარატის უფროსის,
კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანებებში, რომლებიც მედიებმა
მიიღეს, აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად ზედიზედ 10 კვირის
განმავლობაში პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტების
არყოფნაა მითითებული.
„მედიაჩეკერს“ პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მორიგი სესიის პერიოდში ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალების არცერთი აკრედიტებული ჟურნალისტის არყოფნის მიზეზით, წლიური აკრედიტაცია ვადამდე ადრე რამდენიმე მედიასაშუალებას გაუუქმდა. ეს ამ საფუძვლით აკრედიტაციების შეჩერების პირველი შემთხვევაა.
„პარლამენტის აკრედიტაციის რაოდენობრივი შეზღუდვის გამო „მონიტორს“ აკრედიტებული მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი ჰყავდა, ვინაიდან რაოდენობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“. რაც შეეხება „მონიტორის“ არააკრედიტებულ ჟურნალისტს, საქართველოს პარლამენტში ერთჯერადი საშვის მისი მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.
„მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. “მონიტორი” პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს“, - წერს „მონიტორი“.
აკრედიტაციის წესის შესაბამისად, პარლამენტში 4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდა „პუბლიკასაც“. წლიური აკრედიტაციის ვადამდე ადრე შეჩერების გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ისიც გაასაჩივრებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, 14 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია“ და „მათ გადმოღებაზე“ იფიქრებდა.
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“ შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით არის დამტკიცებული. ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. ამ წესის საფუძველზე ითხოვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვას.
არსებობს ორი სახის აკრედიტაცია: საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც 1 წლის ვადით, ყოველი კალენდარული წლისთვის და მოქმედებს კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გაიცემა და სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც იმ ჟურნალისტზე გაიცემა, რომელსაც საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ აქვს.
ბოლოს შესული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს. მან სპეციალური ფორმის დაცვით შევსებულ განაცხადში ჟურნალისტის პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზანი და სასურველი თარიღიც უნდა მიუთითოს. აპარატის უფროსი კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში მიიღებს.
2026 წლის 1 იანვრამდე, ჟურნალისტი, რომელსაც საპარლამენტო აკრედიტაცია არ ჰქონდა, ან მედიასაშუალება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განცხადებას აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსს ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნიდა. დეპარტამენტი კი გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში იღებდა.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

