საზმაუს გენერალური დირექტორი მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი გახდა
29.07.2026


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი გახდა. ის ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორია, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა მას სექტემბერში ეწურება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თინათინ ბერძენიშვილის მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით დანიშვნას მხარი საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა, ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „სამწუხაროდ, თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში და ახლაც, ბოლო ორი წელია განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიქცა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ მანქანად და რა თქმა უნდა, მე თქვენ მხარს არ დაგიჭერთ“, - თქვა ბასილაია-შავგულიძემ.

კენჭისყრამდე ბერძენიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია - „გენერალური დირექტორის ექვსწლიანი მანდატი, ყველაზე დიდი დაპირება უკვე გაკეთებული საქმეა“ და სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თავისი 6-წლიანი მანდატი შეასრულა. 

თინათინ ბერძენიშვილს არაერთი შეკითხვა, მათ შორის, ფეისბუკ პოსტების გამო თანამშრომლებისთვის ხელფასის დაქვეთის, გადაცემების დახურვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, საკონცერტო ნომრის მიმდინარეობისას არასრულწლოვანი გოგოს ცუდად გახდომის, ნეგატიური საერთაშორისო შეფასებების შესახებ, დაუსვა ლაშა ტუღუშმა. მან დასაწყისში აღნიშნა, რომ ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც კონკურსში ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, რაც „არ მეტყველებს კარგად ზოგადად ჩვენს მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ერთი კანდიდატი ასეთ დიდ ტელევიზიაში რომ არსებობს, ხომ, ეს სერიოზული პრობლემა არის ნამდვილად“. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში განაცხადების მიღება 1 თვე გრძელდებოდა

ლიკა ბასილაია-შავგულიძის ერთ-ერთი კითხვა კი შეეხებოდა იმას, თუ რატომ არ იწვევს ამ ორი წლის მანძილზე „პირველი არხი“ ეთერში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. ამის საპასუხოდ  ბერძენიშვილმა თქვა, რომ „ზუსტად იციან პროდიუსერებმა, ხელმძღვანელებმა, ეს იერარქია იმისთვის გვაქვს, ვინ მოიწვიონ, რატომ მოიწვიონ, რა დროს მოიწვიონ, როგორ გააშუქონ. როგორც კი გენერალური დირექტორი დაიწყებს ყოველდღიურად ამ საქმიანობაში ჩარევას, ის დირექტორი, მე მგონია, რომ უნდა დაითხოვონ“. 

გასაუბრების ეტაპის დასასრულს სამეურვეო საბჭოს დანარჩენმა წევრებმა თინათინ ბერძენიშვილი შეაქეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს, საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ „თინათინ ბერძენიშვილი არის, საზოგადოებრივი მაუწყებელი რაც არსებობს საქართველოში, ყველაზე წარმატებული დირექტორი რომ ვთქვა, ეს იქნება ცოტა, ის არის ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად ვიყავით…“. 

„თინათინ ბერძენიშვილის მძიმე მემკვიდრეობა“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორის პირველი ვადა შეაჯამა „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“. კოალიციის განცხადებით, „თინათინ ბერძენიშვილის ხელმეორედ დანიშვნა უალტერნატივო კონკურსში არის იმის დასტური, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებს არა საზოგადოების ინტერესების, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების დასაცავად“. 

----------------------------------------------------------------------

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წელს სამსახურიდან გაათავისუფლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც. არხი „რეპუტაციის შემლახავი“ განცხადებების გავრცელების საყვედურობს და ხელფასს უქვითავს თანამშრომლებსაც. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში. „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გასული წლის შეფასებისას აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მთავრობის ჩარევაზე ვკითხულობთ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშშიც

2026 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 15 000 ლარია. 

 

 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ