ტერმინი “ფეიკ ნიუსი“ - პოლიტიკოსების იარაღი მედიის დისკრედიტაციისთვის
15.07.2021

12 ივლისს საქართველოს ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა Postv-ის ეთერში გამოთქვა აზრი, რომ „ფეიკ ნიუსის“ პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ამისთვის კანონი საჭიროა. 

"ასეთი კანონპროექტი დაგვიწერია კიდეც, მაგრამ ის შემოდებული იქნა თაროზე ბევრჯერ, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად პოპულარული თემა, არადა, მე ვფიქრობ, ეს გასაკეთებელია", - თქვა წულუკიანმა. 

რა პრობლემაა?

ამის გასაგებად ხუთი წლით უკან, 2016 წელში უნდა დავბრუნდეთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სწორედ ტრამპი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად იყენებდა ტერმინ „ფეიკ ნიუსს“ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ როგორც გამოსვლებში, ისე ტვიტერზე. 


2017
 წლიდან მოყოლებული ეს ტერმინი იმდენად პრობლემური გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ თემაზე საგანგებოდ დაიწყეს მუშაობა.

პრობლემაა ერთი მხრივ პოლიტიკოსების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი თავად ტერმინი, „ფეიკ ნიუსი“ - ყალბი ახალი ამბავი.

თუ სახელმწიფო გადაწყვეტს "ფეიკ ნიუსს" კანონმდებლობის დონეზე ებრძოლოს, ამ არგუმენტით შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი მისთვის არასასურველი ინფორმაცია.

„ტერმინი „ყალბი ახალი ამბები“ არაადეკვატურია „ინფორმაციული დაბინძურების“ კომპლექსურობის აღსაწერად“ - ვკითხულობთ ევროსაბჭოს 2017 წლის ანგარიშში.

აქვეა აღნიშნული, რომ მსოფლიოში ტერმინ "ფეიკ ნიუსს" პოლიტიკოსები იყენებენ იმ მედიასაშუალებების დასახასიათებლად, რომელთა გაშუქებასაც არ ეთანხმებიან. ეს ტერმინი ხდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ძალაუფლების მქონეებს შეუძლიათ შეზღუდონ და ძირი გამოუთხარონ თავისუფალ პრესას. 

რატომაა პრობლემა ტერმინი „ფეიკ ნიუსი?“

ძალაუფლების მქონე პირებისგან ტერმინ ფეიკ ნიუსის ყალბი ახალი ამბების გამოყენება იმ მედიის დისკრედიტაციის მცდელობად იქცა, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, - ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი და მედია კონსულტანტი, ონნიკ ჯეიმს კრიკორიანი.

პრობლემაა ისიც, რომ „ფეიკ ნიუსის“ გამოყენება, ერთ პრიმიტიულ ტერმინში აქცევს ისეთ კომპლექსურ პრობლემებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია, არაობიქტური გაშუქება, არაზუსტი გაშუქება და ა.შ.

მაგალითად, მცდარი ინფორმაცია შესაძლოა იყოს სტატია ან სხვა ტიპის მასალა, რომელშიც გარკვეული ელემენტები მცდარია, თუმცა არა მიზანმიმართულად და ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვით. დეზინფორმაცია კი ყალბი ინფორმაციაა და განგებ არის შექმნილი ზიანის მისაყენებლად.  

ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას ეუთოს და გაეროს ერთობლივი დეკლარაციაც „ყალბი ახალი ამბების“, დეზინფორმაციისა პროპაგანდის შესახებ: „ინფორმაციის გავრცელებაზე ზოგადი აკრძალვები, რომლებიც გაურკვეველ და ბუნდოვან იდეებს ეფუძნება, მათ შორის "მცდარ ინფორმაციასა" და "არაობიექტურ ინფორმაციას" შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტებთან“

კონტექსტი

თეა წულუკიანი მმართველი პარტიის პირველი წარმომადგენელი არაა, რომელიც ოპოზიციურ მედიას „ფეიკ ნიუსად“ მოიხსენიებს. 
„ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა გასულ წელს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ გადაცემით დაიწყო. მედიის რეგულირების ინიციატივით გამოვიდა რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილიც.

თუმცა ვიცეპრემიერის მიერ პრესის რეგულაციაზე საუბარი დაემთხვა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს, რომლებიც 11 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

ონნიკ კრიკორიანი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი განსაკუთრებით შეშფოთებული უნდა იყოს თბილისში 5 ივლისს მომხდარი მოვლენების შემდეგ სიძულვილის ენაზე, თუმცა ის მხოლოდ ოპოზიცისს მხრიდან კრიტიკამ შეაწუხა: “დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კანონპროექტის ინიცირებამდე კი ხელისუფლება ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან  კონსულტაციას უნდა გადიოდეს და მათთან თანამშრომლობდესს, თუმცა ვიცით, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოსწონს, რაც ასევე პრობლემაა“.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ