“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი მედიასაც ეხება
29.12.2021
„ქართული ოცნების“ 7 დეპუტატის მიერ „საარჩევნო კოდექსის“ შესახებ წარდგენილი კანონპროექტით სხვა საკითხთან ერთად ზუსტდება, თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

რა წერია კანონპროექტში?

ცვლილების მიხედვით, პრესის ნაწილში „საარჩევნო კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.

კანონპროექტის მიხედვით, მე-5 მუხლს უნდა დაემატოს 51 პუნქტი:

„51. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.“

რა წერია ამჟამინდელ კანონში?

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 44-ე მუხლის 5-ე პუნქტის მიხედვით:

“კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.

იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.”

კანონპროექტის მიზანი:

პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული “გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას”, რომლებიც გამოიყენება როგორც მორიგი, ისე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.

შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების გარეშე ჩატარებასა და ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესის წარმართვას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ