ჩეჩნეთში "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს თავს დაესხნენ, რა ხდება?
04.07.2023
მოკლედ: დღეს, 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში (ჩეჩნეთი) ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს ელენა მილაშინას.
  • ის, ჩეჩნეთში, ადვოკატ ალექსანდრე ნემოვთან ერთად ზარემა მუსაიევას სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა.
  • ზამირა მუსაიევას ორივე შვილი აქტივისტია, რეჟიმის კრიტიკისთვის კრემლის სამიზნე მათი ოჯახის ყველა წევრი გახდა.

დეტალები: "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, აეროპორტიდან მომავალ გზაზე, ელენა მილაშინასა და ადვოკატის - ალექსანდრე ნემოვის ტრანსპორტს მოძრაობა სამმა მანქანამ შეუზღუდა და გაჩერება აიძულა, ნიღბიანმა პირებმა მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დაუზიანეს აპარატურა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები.

ამ ეტაპზე, ორივე მათგანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ელენას აქვს მოტეხილობები და დაზიანებები თავის არეში. მან საავადმყოფოში გონება რამდენჯერმე დაკარგა. ალექსანდრე ნემოვი მუხლში სავარაუდოდ ბასრი იარაღითაა დაჭრილი.

კონტექსტი
ელენა მილაშინა გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც აშუქებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
  • ელენამ ამხილა, როგორ ვერ გაუმკლავდა ჩეჩნეთის ხელისუფლება კოვიდ19-ის პანდემიას და როგორ აცხადებდა რეჟიმი ტერორისტებად მათ, ვისაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.
  • 2020 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა ამ სტატიას, "ნოვაია გაზეტას" და მილაშინას კი მათ წინააღმდეგ "კრიმინალის ჩადენით" დაემუქრა.
  • 2021 წლის 15 მარტს, გამოაქვეყნა სტატია "მე ვმსახურობდი ჩეჩნეთის საპოლიციო ძალებში და მე არ მინდოდა, რომ მომეკლა ხალხი". ეს კრიტიკული მასალა გახდა დამატებითი მიზეზი მისი და "ნოვაია გაზეტას" წინაარმდეგ წამოწყებული კამპანიის მიზეზი.

2022 წელს, სასამართლომ "როსკომნადზორის" მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზია შეუჩერა, დამოუკიდებელ გამოცემა "ნოვაია გაზეტას", მათ მუშობა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან განაგრძეს (novayagazeta.eu), თუმცა რუსეთში ეს ვებგვერდიც დაიბლოკა.

ამავე წლის სექტემბერში კი "ნოვაია გაზეტა EU"-ს მთავარი რედაქტორი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს.

წაიკითხეთ ვრცლად, "რუსეთში დახურული მედიაგამოცემები".

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ