სტრატეგიები აუდიტორიის ნდობის დასაბრუნებლად - "როიტერსის ინსტიტუტის" ახალი კვლევა
19.10.2023
თანამედროვე მედიის განვითარება ზრდის დეზინფორმაციასა და ე.წ "საინფორმაციო ხმაურს", საბოლოოდ კი აუდიტორია თავს არიდებს ახალი ამბების მიღებას.

"როიტერსის ინსტიტუტმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" 2023 წლის სექტემბერში გამოაქვეყნეს ბრაზილიაში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ჩატარებული კვლევის ანგარიში: "ახალი ამბების ნდობის აღდგენის სტრატეგიები - 4 ქვეყნის მაგალითზე".

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში ადამიანები ჟურნალისტიკაში განსხვავებულ ღირებულებებს აფასებენ, მათ მაინც აქვთ საერთო მოთხოვნა: მედიაში ამბებს აშუქებდნენ სამართლიანად, ზუსტად და მიუკერძოებლად.

კვლევის მთავარი მიგნებები, მოკლედ:
  • ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ეცნობიან ახალ ამბებს ნაკლებად მიიჩნევენ, რომ მედიის სანდობაა შემცირდა;
  • ოთხივე ქვეყანაში გამოკითხულები თვლიან, რომ სანდოობის აღსადგენად, მედია უნდა საუბრობდეს ერთმანეთისთვის განსხვავებული ჯგუფებისთვის გასაგები ენით და მათთვის საინტერესო თემებზე ანუ გაშუქების ერთი და იმავე პრინციპი არ მუშაობს ყველა ადამიანისთვის.
  • აუდიტორიის ის ნაწილი, რომელიც რაღაც მხრივ ისედაც ენდობა მედიას, არის უფრო ღია ნდობის აღდგენის სტარატეგიების მიმართ.
  • გამოკითხულთა უმეტესობა თანხმდება, რომ მათ სურთ ახალ ამბებში უფრო მეტი ჩვეულებრივი, მათნაირი ადამიანი, "გამოსავლის ჟურნალისტიკა" და ნაკლები სენსაციონალიზმი.
  • ისინი თვლიან, რომ პრობლემა არა კონკრეტულ ჟურნალისტებში, არამედ ზოგადად არსებულ ბიზნესმოდელებსა და მედიების მენეჯმენტშია. გამოკითხულებისთვის უფრო მეტად სანდოა გამოწერითა და საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებული მედიასაშუალებები.
  • დანარჩენი სამი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში გამოკითხულებს ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომელ გამოცემებს ენდობიან და რომლებს არა.
  • ადამიანები, რომლებიც არ ასხვავებენ მედიასაშუალებებს და მთლიანობაში არ ენდობიან მედიას, ნაკლებად ღია არიან "ნდობის აღდგენის სტრატეგიებისადმი".

"ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ეცნობიან ახალ ამბებს, ყველაზე ნაკლებად სჯერათ სიახლეების" - რას ნიშნავს ეს?

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი ამბების სანდოობის კვლევისთვის, კონკრეტული ამბები ან მედიასაშუალებები ხშირად ყველაზე ნაკლებადაა მნიშვნელოვანი და აუდიტორია ნდობის საკითხს ინტუიციაზე, მედიასთან კავშირსა და სიახლოვეზე დაყრდნობით წყვეტს.
  • ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეცნობიან ახალ ამბებს აქვთ უფრო ღრმა კავშირი სიახლეებთან და გამოცემებთან, ამიტომ ისინი უფრო მეტად ენდობიან გაშუქებულ მასალებს.
კვლევის მიხედვით, ადამიანებს მედიის მიმართ ხშირად ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებები აქვთ, რიგ შემთხვევებში კრიტიკული, თუმცა ძირითადად, ადამიანებში არსებობს მზაობა, რომ მედიას დაეხმარონ ნდობის აღდგენაში.

ძირითად პრობლემად რჩება სენსაციონალიზმი, ამასთანავე, სარედაქციო პოლიტიკის გაუმჭვირვალობა და ჟურნალისტების მიერ ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფა. გამოკითხულები ამბობენ, რომ მედია არ არის მრავალფეროვანი, არ უსმენს საზოგადოებას და არ საუბრობს მათ საჭიროებებზე.

წაიკითხეთ ვრცლად: "ახალი ამბები მხოლოდ პრივილეგირებულთათვის - კვლევა"

თეგები : კვლევების გაშუქება;
ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ