"გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ, მაგრამ არ მინდა, ვაკეთებდე გადაცემას ისე, როგორც სხვა"
27.09.2023
"შესაძლოა, მაკრიტიკებდნენ, რომ ჩემი თხრობის სტილი მედიის სახელმძღვანელოს წესებში არ ჯდება, ან თეორეტიკოსი ჟურნალისტისთვის არ ვიყო მისაღები", — გვითხრა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელიც 2020 წლიდან "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურს მართავს და ყოველკვირეულ გადაცემას, "ნოდარ მელაძის შაბათს" ქმნის, — "კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეს მე ვარ და არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან; არ მინდა, ვაკეთებდე გადაცემას ისე, როგორც სხვა."

მასთან ვისაუბრეთ "მედიაჩეკერისა" და "პროექტ 64"-ის ერთობლივ პოდკასტში — "მედიასა და პოლიტიკაზე".

უყურეთ ვიდეოს აქ: 




მოუსმინეთ პოდკასტს აქ:



მოკლედ:
  • მელაძის გუნდის საგამოძიებო რეპორტაჟების "კოლექცია" გახმაურებულ საკითხებს მოიცავს. ზოგჯერ, ეს რეპორტაჟები პოლიტიკურ პროცესზეც ახდენენ გავლენას.
  • თუმცა, ის ჯერ კიდევ რჩება იმ ჟურნალისტად, რომელსაც ამბების ზედმეტად დრამატულად გადმოცემის სატელევიზიო მანერის გამო აკრიტიკებენ.
  • მისი გუნდის რეპორტაჟები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის-ხოლმე, რადგან გადაცემა ხშირად აქვეყნებს მასალებს, რომლითაც ჟურნალისტები მაღალჩინოსნების შესაძლო გადაცდომებზე საუბრობენ.
  • სანაცვლოდ, მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა “მელაძის შაბათს” ფაქტების სიზუსტის პრობლემაზე მიუთითებს და "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში არსებული მედიარესურსების დახმარებით, ამ საგამოძიებო რეპორტაჟებში მოყვანილი ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტებს ავრცელებს-ხოლმე.

სტრიქონებს შორის:
ნოდარ მელაძე მართავდა გავლენიანი ტელეარხის, "რუსთავი 2"-ის ახალი ამბების განყოფილებას მაშინ, როდესაც ეს არხი ჯერ კიდევ ტელეყურების რეიტინგების ლიდერი იყო.
  • 2019 წელს, "რუსთავი 2"-ზე მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, მელაძე გაათავისუფლა "სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო."
  • 2022 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და "რუსთავი 2"-ს მისთვის 80 000 ლარის გადახდა დააკისრა
  • 2019 წელსვე, ის გახდა ახლად დაარსებული "მთავარი არხის" ნიუსრუმის ხელმძღვანელი, რომლის სარედაქციო შემადგენლობა "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტებით დაკომპლექტდა; მეტი
  • მელაძემ, ნიკა გვარამიას დაფუძნებული "მთავარი არხი" 2020 წლის აპრილში დატოვა და "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა
  • 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნოდარ მელაძისა და მისი საავტორო გადაცემის პროდიუსერისა და ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ, სამთავრობო "იმედზე" თქვა, რომ ფლობს ინფორმაციას, თითქოს, ქვეყანაში არეულობის პროვოცირების მიზნით, ამ ჟურნალისტების ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მეტი

რაზე ვესაუბრეთ მელაძეს:
  • კრიტიკული მედიის როლზე;
  • პროექტზე "ნოდარ მელაძის შაბათი";
  • იმაზე, თუ მისი აღქმით, რა შინაარსს აძლევს ჟურნალისტური საქმიანობით ქართულ პოლიტიკას და რას - მედიას;
  • ფიქრობს თუ არა, რომ დრამატულობა, რაც ამბებს სენსაციურად ამძაფრებს, შესაძლოა, იყოს პრობლემა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის;
  • მისი აღქმით, რამდენად შესაბამისად რეაგირებს პოლიტიკური კლასი და საზოგადოება "ნოდარ მელაძის შაბათის" გახმაურებულ საგამოძიებო რეპორტაჟებზე;
  • რა პროფესიულ "ფილტრს" გადის საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში გასვლამდე და პროფესიული შეცდომების ანალიზიც ვცადეთ.

რა გვითხრა მელაძემ:
  • მისმა გუნდმა მოიპოვა, მაგრამ არ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ზოგიერთი ჟურნალისტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებდა;
  • გაგვიზიარა, რა რისკებს უქმნის პოლიტიკური გარემო საგამოძიებო ჟურნალისტიკას საქართველოში;
  • ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" ჰქონდა გავლენა "რუსთავი 2"-ისა და "მთავარი არხის" ახალი ამბების შინაარსზე;
  • "იმედზე" მუშაობის იმ პერიოდზე, როდესაც არხი, სარედაქციო კურსით მხარს უჭერდა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს, ხელისუფლებაში ყოფნისას
  • და ნინო ჟიჟილაშვილის გადაწყვეტილებაზე, საავტორო პროექტის,"პოლიტმეტრის" გუნდთან ერთად წასულიყო "ტვ პირველიდან" მას შემდეგ, რაც არხის საინფორმაციო სამსახური ნოდარ მელაძის დაქვემდებარებაში მოექცა; მანამდე "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურს სწორედ ჟიჟილაშვილი მართავდა. ის ახლა "ფორმულასთვის" მუშაობს. მეტი

საუბარი დავასრულეთ პრობლემაზე, რაზეც, როგორც წესი, საჯარო დისკუსიები არ იმართება-ხოლმე: საქმე ეხება ტოქსიკურ სამუშაო გარემოს, რაც ზოგიერთი ტელევიზიის ნიუსრუმებისთვის მახასიათებლად იქცა.

მოუსმინეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: გიორგი თარგამაძე


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ