პარლამენტმა თიკო ერაძეს ეკა ჭიჭინაძის მობილურის ეკრანის გადაღებისთვის აკრედიტაცია შეუჩერა
13.11.2025

პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, თიკო ერაძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანის გადაღებისთვის 1 თვის აკრედიტაცია შეუჩერა.

„ნებართვის გარეშე გადაიღეთ პარლამენტის წევრის ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი და აღნიშნული კადრები ატვირთეთ სოციალურ ქსელში, რაც დასტურდება ფოტო და ვიდეო მასალით“, - ვკითხულობთ პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში.

თიკო ერაძე კი მიიჩნევს, რომ „რა კადრიც არ უნდა გადამეღო, ეკას ტელეფონის ეკრანს მაინც ვერ ავცდებოდი და ზოგადად, არაფერ შუაშია ივანიშვილის მორიგი მარიონეტის ჩივილი და მისი ეკრანი, მითუმეტეს, რომ არანაირი პირადი ინფორმაცია, მიმოწერა ან რამე ამ ეკრანზე არ იკითხებოდა, დიდი ხანია ნერვებს ვუშლი და დაიღალნენ“.

პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ საფუძველზე მიიღო. 

აკრედიტაციის ამ წესის მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, თანხმობის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის „დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს“.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა 1 თვით აკრედიტაციის მიღება შეუზღუდა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის - „ხალხთან ერთად“ წამყვანს, ელისო ჯარიაშვილსა და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, თათა ფორაქიშვილს. მაშინ ამის მიზეზი ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, არჩილ გორდულაძესა და ნინო წილოსანთან, „ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა“ გახდა.

მარტში პარლამენტმა აკრედიტაცია 6 თვით  შეუჩერა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც. 

2024 წელს კი, პარლამენტმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებსაც. ეს შემთხვევები მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშებშიც. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ