დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა განახლდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურორები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლითაც მას 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ისინი ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ითხოვს.
---------------------------------
„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო:
„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“.
------------------------------
ქუთაისის საააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. საქმის მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია, კოლეგიაში კი შედიან მოსამართლეები: მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
11 ნოემბრის სხდომა 24-ადგილიან მცირე დარბაზში ჩატარდა.
პროცესზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, თუმცა
ისინი სასამართლოს ეზოშიც არ შეუშვეს. სააპელაციო სასამართლოსთან
მყოფმა მზია ამაღლობელის კოლეგებმა და მხარდამჭერებმა მოსამართლეს
სხდომის დიდ დარბაზში გადატანისკენ მოუწოდეს. დარბაზის შეცვლის
შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმაც, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ ეს
საკითხი უკვე განიხილეს და მათ თხოვნას მომდევნო სხდომისთვის
გაითვალისწინებდნენ.
სხდომას ესწრებოდა მზია ამაღლობელიც, რომელსაც საკუთარი
სიტყვის დარბაზიდან წარმოთქმის საშუალება პირველად მიეცა. აქამდე
გამართულ პროცესებზე ამაღლობელს შემინული კაბინიდან გამოსვლისა და
ადვოკატების გვერდით დაჯდომის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მან თქვა, რომ
ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან
და მისი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
11 ნოემბერს ხელისუფლებას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმის
შეწყვეტისა და მისი დაუყოვნებელ გათავისუფლებისკენ მოუწოდა
„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა:
„დღეს, როდესაც საქართველოს სააპელაციო სასამართლო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მზიას წინააღმდეგ საქმე და უზრუნველყოს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება“.
ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმაც“: „მზიას მზიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი განაჩენი უნდა გაუქმდეს“.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და
დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას
მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო
ჯილდოს მფლობელი
გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია -
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

