გამოცემა „ინდიგოს“ განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად, „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე.
„რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.
ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს. ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს“, - წერს გამოცემა სოციალურ ქსელში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ სექტემბრის ბოლოს საქმის წარმოება დაიწყო ორგანიზაციების: iFact, „მთის ამბები“, „ფლანგვის დეტექტორი“, „რეალპოლიტიკა“, „პროექტი 64“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წინააღმდეგაც.
მაშინ ქართული მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის
თაობაზე განგაშის სიგნალი
ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების
უსაფრთხოების პლატფორმამ“. საქართველოს მთავრობას უცხოური
დაფინანსების შესახებ ახალი რეპრესიული კანონების უკან გაწვევისკენ
მოუწოდა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც“.
„გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს
სარჩელებით მიმართა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.
ორგანიზაციის
შეფასებით, „სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს
ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით,
არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო
დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა
პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო
ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 აპრილს „გრანტების შესახებ“ კანონში
მიიღო ცვლილებები, რომლითაც მთავრობის ნებართვის გარეშე არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მედიისთვის გრანტების გაცემა აიკრძალა. უნებართვო
გრანტისთვის კი სასჯელი გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი
ოდენობით“ დაეკისრება.
საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ
გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო
მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად
შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების
რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს
სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი
ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და
დევნას.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე,
კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების
შეწყვეტა
დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა
მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული),
„რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“.

