MFRR: „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის დევნა 2025 წელსაც განაგრძო
18.02.2026

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მედიის თავისუფლების დარღვევის ყველა ის შემთხვევაა გაანალიზებული, რომელიც 2025 წელს, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში დაფიქსირდა.

მონიტორინგის შედეგებით, საკვლევ პერიოდში, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, მედიის თავისუფლების დარღვევის 1481 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა დაშინება და ცილისწამება იყო), რაც მედიის 2 377 წარმომადგენელს შეეხო. აქედან, ყველაზე მეტი, 208 დარღვევა სერბეთში დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოთხი ჟურნალისტი მოკლეს: 3 მათგანი უკრაინაში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, ხოლო 1 თურქეთში, სასტიკი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  

მედიის თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს უცხოელი აგენტების შესახებ კანონებთან, უცხოური დაფინანსების ან გავლენის ბრალდებებთან დაკავშირებული პრესის თავისუფლების 72 დარღვევა დააფიქსირა, რაც მედიასთან დაკავშირებულ 142 პირს ან ორგანიზაციას შეეხო. ამ შემთხვევებიდან 34 - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 38 კი კანდიდატ ქვეყნებში მოხდა: „ევროკავშირის ფარგლებში ინციდენტების ყველაზე მეტი რაოდენობა (18) უნგრეთში, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა (18) საქართველოში დაფიქსირდა“.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ შედარებით უსაფრთხო თავშესაფარია მედიის თავისუფლებისთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კლიმატი კვლავ მრავალი საფრთხისა და გამოწვევის მატარებელია:

„სისტემური გამოწვევები ისეთ წევრ სახელმწიფოებში, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ევროკავშირის სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ამასობაში, ევროკავშირის ბლოკის გარეთ, ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ აგრძელებენ სერბეთი, საქართველო და განსაკუთრებით თურქეთი მედიის თავისუფლების დრამატულ კრიზისს და მდგომარეობის გაუარესებას. ეს ცხელი წერტილები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მხრიდან სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს, რათა დაცული იყოს დამოუკიდებელი მედიის დარჩენილი ნაწილი“.

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF), „ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციისა“ (EFJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის დევნა 2025 წელსაც განაგრძო. გასული ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში მედიის თავისუფლების დარღვევის 143 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მედიის 263 სუბიექტს შეეხო:

„განსაკუთრებით საგანგაშო იყო სამართლებრივი თავდასხმების მკვეთრი ზრდა - 60 დოკუმენტირებული შემთხვევა (42%), წინა წელს დაფიქსირებულ 33 ინციდენტთან შედარებით. აღრიცხული ინციდენტიდან უმეტესობა პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მიერ იყო ჩადენილი (28.0%), მათ მოსდევდა სამთავრობო და საჯარო მოხელეები (25.2%) და სასამართლო ხელისუფლება (18.9%)“.

ანგარიშში აღნიშნულია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანანო პატიმრობაც: „აგვისტოს დასაწყისში, 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უსამართლო წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების წინაშე აღმოჩნდნენ. მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე, ის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა“.

დოკუმენტში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან ერთად, ჟურნალისტების დაკავების შემთხვევებიც მოხვდა:

„MapMF-მა დააფიქსირა ჟურნალისტების დაპატიმრების, ციხეში ჩასმის ან საზღვარზე დაკავების 18 შემთხვევა. ერთ-ერთი დაკავებული ჟურნალისტი იყო გურამ მურვანიძე, ამაღლობელის კოლეგა და მედიასაშუალება „ბათუმელების“ ოპერატორი, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ამაღლობელის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მაშინ, როდესაც ის პროტესტებსა და სოციალურ არეულობას აშუქებდა. ხელისუფლებამ მას ბრალი წაუყენა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებით. შემოდგომაზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნინია კაკაბაძე (Mediachecker-ის ჟურნალისტი) და მამუკა მგალობლიშვილი („პუბლიკა“)“. 

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ (MFRR) კონსორციუმი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის განმავლობაში, ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე რეპრესიული საკანონმდებლო აქტიც მიიღო, რომელთა საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და მათგან დონორებისა და გრანტების შესახებ მონაცემების გამჟღავნება მოითხოვა:

„გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ წერილობით გააფრთილა  „ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“, ასევე რადიომაუწყებლებს ჟურნალისტთა კავშირს - ხალხის ხმას („რადიო მარნეული“), რადიო ნორის და „სისტემა გამას“ („რადიო პოზიტივი“) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის“.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები კვლავ დაუსჯელი რჩება, გამოძიებები ხშირად ფორმალურია და დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ის დიდი ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება: „გაამკაცრა ცენზურა და ზეწოლა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ცნობილი ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში გაუქმდა ზაუტაშვილის ტოქშოუ. 

MapMF-მა დააფიქსირა სამსახურის დაკარგვის ხუთი შემთხვევა, რომლებიც გამოწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებით და შეეხო 21 ჟურნალისტსა და მედიის თანამშრომელს“.

„სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედია თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ 27 და კანდიდატ 9 ქვეყანაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ