როგორ გაჩნდა ახალი ამბები რადიოში
01.09.2016
დღეს უამრავ რადიოტალღაზე ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გამოშვება გადის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ პირველი საინფორმაციო გამოშვება რადიოში 1920 წლის 31 აგვისტოს გადასცეს.

რადიო ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა თავიდან, მის მომხმარებლებს აზრად არც მოსვლიათ, რომ ეს ახალი მოწყობილობა შეიძლებოდა საინფორმაციო საშუალებადაც ქცეულიყო.

თავდაპირველად, არ არსებობდა FM ტალღა, ან ცალკეული რადიოარხისთვის გამოყოფილი სიხშირე. რეგულაციების გარეშე მოქმედ რადიოსივრცეში ხშირად, ეს ტალღები ერთმანეთსაც ფარავდა. თუმცა, რადიოში მაინც დაიბადა პირველი საინფორმაციო გამოშვება. მოვლენა, რომელმაც ეს პლატფორმა მედიად აქცია.

რადიოს ახალი ამბების ისტორია კი დეტროიტში დაიწყო. მაშინ პოპულარული გაზეთი “დეტროით ნიუსი” სქრიფსების საოჯახო ბიზნესი იყო. მედიასივრცეში საკუთარი გავლენის გაზრდისთვის მათ ახალი გზების ძიება დაიწყეს. სურდათ შეექმნათ ახალი ამბების რადიო, მაგრამ ედუარდ სქრიფმა და მისმა ოჯახმა ამ სფეროზე ბევრი არაფერი იცოდნენ. უფრო მეტიც, მათ არ მოისურვეს, რომ რადიო სქრიფსების ოჯახთან ყოფილიყო დაკავშირებული. სრულიად ახალი ტექნოლოგია და ბიზნესი ზედმეტად სარისკო იყო მაღალი ფენის წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობისთვის. და როგორც თანამედროვე ფილმებში ან ბიზნეს სფეროზე არსებულ ლეგენდებში ხდება ხოლმე, მათ ახალი რადიოარხის შექმნა ინოვაციებით დაინტერესებულ ტინეიჯერს მიანდეს.

მაიკლ დელაისლ ლიონსი თანამედროვე რადიომაუწყებლობის პიონერად სწორედ ამ ისტორიის გამო მიიჩნევა. ლიონსმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ახალ რადიოს მაუწყებლობა დაეწყო. ლიცენზია სახელმწიფოსგან 1920 წლის 20 აგვისტოდან მიიღო. 10 დღე რადიო მხოლოდ ექსპერიმენტულ კონცერტებს გადასცემდა. თავისთავად არაფრით გამორჩეული მუსიკა მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ სატესტო რეჟიმის გასვლამდე მას მსმენელი შემოეკრიბა.

10 დღის შემდეგ კი ახალი ამბავი დააანონსეს. აი, როგორ ჟღერდა ის: “გიგზავნით პრაიმერის შედეგებს “დეტროიტ ნიუსი”. არავინ იცის, რამდენი ადამიანი უსმენდა მაშინ ამ ფრაზას. თუმცა, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ცხადად ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რა მნიშვნელობის მოვლენასთან ჰქონდა საქმე. 1920 წლის 31 აგვისტოს, ქაოსურად განაწილებულ რადიოს ტალღებში ახალი მედია დაიბადა. პლატფორმა, რომელმაც გასულ საუკუნეში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი შეატყობინა მსოფლიოს მოსახლეობას.

მოგვიანებთ “დეტროიტ ნიუსის” დაფუძნებულ რადიოს 8MK დაარქვეს, დღეს კი WWJ-ის სახელითაა ცნობილი და მისი მოსმენა ინტერნეტშიცაა შესაძლებელი, თუმცა რადიოსაშუალებას ახლა CBS ფლობს.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ