5 რჩევა განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის გაშუქებისას
28.04.2020

კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო პროცესზე მსოფლიოს მასშტაბით იქონია გავლენა. სკოლებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. Education Writers Association-ის რედაქტორი ემილი რიჩმონდი განათლების თემაზე მომუშავე რეპორტიორებს COVID-19-ის გაშუქების რჩევებს უზიარებს.

დამშვიდდით და განაგრძეთ გაშუქება

ჯანდაცვის სფეროს ნებისმიერი კრიზისის დროს, მედია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლები კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ, განათლების თემებზე მომუშავე რეპორტიორებმა ნიუსრუმის მუშაობაში ძირითადი როლი უნდა შეასრულონ. ამავე დროს, მედია უნდა მოერიდოს დეზინფორმაციის, ჭორებისა და პანიკის გავრცელებას.

შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებში ჟურნალისტები აქტიურად მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრევენცია ვირუსის გავრცელების შემცირებას უზრუნველყოფდა. შტატებშივე Edweek-მა შექმნა რუკა, რომელზეც დახურული სკოლებია ასახული. ადგილობრივმა მედიამ The Tampa Bay Times-მა კი დეტალურად გააშუქა, თუ რა ზომები მიიღეს ცენტრალური ფლორიდის სასკოლო დაწესებულებებმა, რომლებიც საერთო ჯამში 200 000 მოსწავლეს აერთიანებს.

გამოიყენეთ მონაცემები კონტექსტის შესაბამისად

როდესაც დადასტურებული შემთხვევების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებთ, ახსენით, როგორ უკავშირდება ეს ციფრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა რისკებს. მაგალითად, კორონავირუსის ფატალური შემთხვევების გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებისას, აუცილებელია კონტექსტის დაზუსტება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ტესტების სიმცირისა და მისი საეჭვო სიზუსტის გამო, შესაძლოა, კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს, ვიდრე დადასტურებულადაა ცნობილი. შესაბამისად, ინფიცირებულთა სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, უფრო დაბალი იყოს. კონტექსტისთვის ინფორმაციის სასარგებლო წყაროებია აშშ-ის განათლების დეპარტამენტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მასალები.

რამდენად მომზადებულები არიან ადგილობრივი სკოლები?

იმის გათვალისწინებით, რომ ამინდის გაუარესების გამო, სასწავლო პროცესის რამდენიმე დღით გადადებაც კი, ადგილობრივების ძირითადი ნაწილის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანია, რეპორტიორებმა კითხვა დასვან, რა გეგმა აქვთ სკოლებს უფრო ხანგრძლივი ვადით სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მაგალითად, მედია პლატფორმა EdSource-მა, კალიფორნიელი ოჯახებისთვის კრიზისის პერიოდში სკოლებთან დაკავშირებული სიტუაციის ნათლად ასახსნელად, კითხვა-პასუხის მეთოდი გამოიყენა. ადგილობრივ სკოლებში მიღებული პრევენციული ზომები დეტალურად გააშუქეს The Arizona Republic-მა და The Los Angeles Times-მა. დიდი ტესტი (გამოცდა) ონლაინ სწავლებისთვის?

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა, კორონავირუსი საფრთხეს უქმნის სასწავლო პროცესის ჩაშლასაც. სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ახალი გამოწვევაა. თომას ბ.ფორდემის ინსტიტუტის კვლევის ასოცირებულმა დირექტორმა ადამ ტაინერმა The 74-ზე გამოაქვეყნა მასალა ჩინეთში განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან ინტერვიუზე დაყრდნობით. სტატიის მიზანი კორონავირუსის ფონზე ჩინური გამოცდილების წარმოაჩენა იყო, რაც შესაძლოა შტატების სკოლებისთვის სასარგებლო ყოფილიყო. The Philadelphia Inquirer-ის რედაქცია კი შეეცადა გაერკვია, მზად იყვნენ თუ არა ადგილობრივი კოლეჯები თუნდაც მოკლე ვადით მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად.

საუბარი მხოლოდ სასწავლო დროის დაკარგვაზე არაა

კორონავირუსის გამო, გაუქმდა გამოსაშვები ღონისძიებები, სპორტული და კლასგარეშე სასწავლო პროგრამები. გამოსაშვები ღონისძიება შეიძლება გადაიდოს, თუმცა სხვა სასწავლო პროგრამების გაუქმებამ, შესაძლოა, მძიმედ იმოქმედოს ოჯახებზე, რომლებშიც მშობლები მუშაობენ. როგორ უმკლავდებიან ოჯახები ბავშვებზე ზრუნვისთვის მოულოდნელად გაჩენილ საჭიროებებს? სკოლის დახურვის შემთხვევაში მისცემენ თუ არა კომპანიები დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის ნებართვას? ახალი გამოწვევები მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხებათ. გაცვლითი პროგრამებით უცხოეთში, განსაკუთრებით იტალიაში, წასული სტუდენტების ნაწილს სახლებში უწევს დაბრუნება. ეს და განათლებასთან დაკავშირებული სხვა თემები კვლავ აქტუალური რჩება გლობალური პანდემიის პირობებში.



წყარო: ewa.org

ფოტო: mes.gov.ge


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ