ვეხმარებით უკრაინულ მედიას — კამპანია ჟურნალისტების მხარდასაჭერად
22.04.2022

რატომაა მნიშვნელოვანი უკრაინული მედიის მხარდაჭერა


უკვე მეორე თვეა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია. რუსული არმიის სისასტიკე, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ოკუპირებული რეგიონები, ჰუმანიტარული კრიზისი 21-ე საუკუნის სრულიად წარმოუდგენელი რელობაა. რეალობა, რომელსაც მსოფლიო ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, ტელევიზორების, კომპიუტერებისა თუ სმარტფონების ეკრანებზე ადევნებს თვალს. დღეს ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათზე ნადირობენ, ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ - როგორც უკრაინული, ისე საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედიასაშუალება, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან.

ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი, ვინც საკუთარ ქალაქებში დარჩა, სულაც არ ყოფილა ახალი ამბების რეპორტიორი, მით უმეტეს ომის რეპორტიორი.
ზოგი მათგანი ონლაინგამოცემის რედაქტორი იყო, ზოგი ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი, ზოგიერთი საერთოდაც მოგზაურობასა თუ კულტურაზე წერდა, თუმცა დღეს ისინი ამბობენ, - "მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე" და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ სიმართლე ყოველთვის არ კვდება ომში. ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ პირობებში ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომაც, ონლაინგამოცემა The Fix - მა შექმნა უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია, რომლის მიზანიც უკრაინული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ფინანსური დახმარებაა. გამოცემების "ბათუმელების & ნეტგაზეთის" ეს კამპანიაც ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილია. 

"ჟურნალისტები, ოპერატორები თუ ფოტორეპორტიორები, დღეს, რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიყვებიან ამბებს. თქვენი დიდი თუ მცირე შენატანით დაეხმარებით მათ, გადარჩნენ, იმუშაონ და გააგებინონ მსოფლიოს სიმართლე ომზე, რომელმაც ისინი, გამოცდილებისა თუ სურვილის მიუხედავად, ომის ჟურნალისტებად აქცია", — წერია უკრაინული მედიის მხარდასაჭერად შექმნილ გვერდზე.

  • უკრაინელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ აქ
  • კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდს
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ