რამდენად აქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მედიაში გამოყენების პოტენციალი?
12.01.2023
ბლოკჩეინ სისტემა ციფრული, ინტერნეტზე დამოკიდებული სისტემაა, რომელიც დღეს, მრავალ სფეროში გამოიყენება, მათ შორის მედიაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გამოიყენება ის ინფორმაციის გავრცელების კუთხით და რა საფრთხე ან შესაძლებლობაა მისი ჟურნალისტიკაში გამოყენება.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ცენზურის პირობებშიც შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელება.
  • ეს სისტემა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც შესაძლოა მედიისთვის პოტენციური შემოსავლის წყარო გახდეს.

2018 წელს, ჩინელმა სტუდენტმა თავისი უნივერსიტეტი დანაშაულში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ამხილა.

მან თავისსავე კრიპტო “საფულეში” 0 ერთეული ეთერიუმი (კრიპტოვალუტა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება) გადარიცხა. ერთი შეხედვით ეს გადარიცხვა არაფერს ნიშნავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი “გადარიცხვა” ტრანზაქციისთვის საჭირო რაოდენობასთან ერთად დამატებით რამდენიმე ბაიტს (ასოებს, ციფრებს) შეიცავდა.

საქმე ის იყო, რომ ამ გადარიცხვით მან გაგზავნა დაშიფრული წერილი, სადაც უნივერსიტეტი ლექტორის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვაში ამხილა. წერილში ასევე ეწერა, როგორ დევნიდა და ემუქრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, რომლებიც ამ თემაზე ინფორმაციის გამოთხოვას ცდილობნენ.

აქტივისტის ეს წერილი შეგიძლიათ ბმულზე ან თანდართულ სურათში ნახოთ. ამისთვის გრაფაში “View input as” უნდა მონიშნოთ UTF-8.

alt

მართალია, ეთერიუმზე დაწერილ ტექსტზე წვდომა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, თუმცა სტუდენტისთვის ცენზურის პირობებში ამ პლატფორმით ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი გზა იყო.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინ სისტემა?

  • ციფრულ სისტემაში ჩაშენებული მათემატიკური გამოთვლებითა და “ინტელექტით” ყოველ ახალ ტრანზაქციაზე ბლოკჩეინში ემატება ახალი ბლოკი, რომელიც უკავშირდება მის წინა და შემდეგ ბლოკს, მეტი დაცულობისთვის კი ე.წ ნოდები ანუ “კვანძები” რომლებიც ბლოკებს ერთმანეთთან აკავშირებენ მთლიანი ბლოკჩეინის ასლს ინახავს.
  • ასევე უკვე არსებული ჩანაწერის (ტრანზაქციის) წაშლა ან შეცვლა შეუძლებელია და მხოლოდ ახალის “შექმნით” შეიძლება “დაშვებული შეცდომის” ჩასწორება.
  • სწორედ ეს სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არსებობდეს ციფრული ფულის ერთეული (კრიპტოვალუტა), როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა.
  • ამ სისტემაში ტრანზაქციები ე.წ “ჭკვიანი კონტრაქტებით” (Smart Contracts) ხორციელდება, ეს კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად “ამოწმებს” ორივე მხარის მოთხოვნებს და მათ თანხვედრას “ადგენს”.
  • ჩინელმა აქტივისტმა ეთერიუმის პლატფორმა სწორედ ამ მიზეზით გამოიყენა, რადგან ბიტკოინისგან განსხვავებით ეთერიუმი იყენებს ამ “ჭკვიან კონტრაქტებს”, რაც ალტერნატიულად, “კონტრაქტის პირობების” ნაცვლად შეიძლება ინფორმაციის გასავრცელებლად გამოვიყენოთ.

    alt

მოკლედ ბლოკჩეინზე

  • ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა ვინმე სატოში ნაკამოტოს სახელით,თუმცა ეს იყო ფსევდონიმი, რომლის უკანაც შეიძლება რამდენიმე ადამიანი იდგეს.
  • 2022 წლის მონაცემებით, ციფრული ვაჭრობის დიდ პლატფორმებზე როგორიცაა Blockchain.com და Coinbase.com ჯამში 170 მილიონზე მეტი ანგარიშია დარეგისტრირებული.
  • ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელია შუამავალის (ბანკი ან სხვა) გარეშე, მომხმარებლიდან მომხმარებელთან.
  • ინფორმაციის (ტრანზაქციის) მიმოცვლის დროს ბლოკჩეინი იყენებს დაშიფვრის მეთოდს, რაც ბლოკში არსებულ “მასალას” ცვლის და მისი ნახვა მხოლოდ სპეციალური “გასაღებით” შეიძლება. გამგზავნს აქვს “საჯარო” გასაღები შესაბამისად ჩანს, რომ ტრანზაქცია განხორციელდა, თუმცა მიმღების პირადი “გასაღების” გარეშე შეუძლებელია ტრანზაქციის დეტალების ნახვა.
  • ბლოკჩეინ სისტემის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში Web3.0-ის დამკვიდრებას უკავშირებენ, რადგან ინტერნეტის განვითარების ეს ეტაპი სხვა მახასიათებლებთან ერთად, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dapps) არსებობას გულისხმობს, ეს კი ბლოკჩეინი სისტემის მთავარი უპირატესობაა. თუმცა Web 3.0 ამ ეტაპზე განვითარების ეტაპზეა, შესაბამისად მისი შესაძლებლობები ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის.

         alt

 

პირველი ბლოკჩეინ მედიაპლატფორმა

პირველი ჟურნალისტური პლატფორმა, Civil ნიუსრუმებში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას და ტოკენის (CVL) ჩაშვებას ისახავდა მიზნად, თუმცა ეს იყო “სტარტაპი, ექსპერიმენტი” და როდესაც კომპანია სამწლიანი მუშაობის შემდეგ 2020 წელს დაიხურა, მისმა დამფუძნებელმა, მეთიუ აილსმა “Poynter”თან ინტერვიუში თქვა, რომ მას, “განვითარების მცირე შანსები ჰქონდა”.

Civil ისგან მიღებული გრანტითა და ფაილების სისტემით (IPFS), გამოცემა “Popula”-მ" 2018 წელს შეძლო ეთერიუმის ბლოკჩეინზე პირველი სტატიის გამოქვეყნება.

alt

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინ სისტემა მედიაში ჯერ წარმატებით ვერ დაინერგა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მას ისევ აქვს პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით:

შესაძლებლობები

  • ბლოკჩეინ სისტემით, უფრო მარტივია კონკრეტული ფაილის წარმომავლობისა და პირველწყაროს დადგენა, შესაბამისად მეტად დაცულია ინტელექტუალური საკუთრება და დეზინფორმაცია,რადგან სისტემა ინახავს ტრანზაქციების (რედაქტირებების) ისტორიას. არსებობს მასალების მუდმივი არქივი.
  • ე.წ “Crowdfunding” ბლოქჩეინ სისტემაში უფრო მარტივად მუშაობს, რადგან თუ თქვენ ჩაუშვებთ თქვენივე კრიპტოვალუტას მომხმარებლებს შეეძლებათ მისი შეძენა რაც მათთვის ერთგვარი ინვესტიციაა, ხოლო მედიისთვის დამოუკიდებელი ფინანსების გარანტია.

გამოწვევები

  • ბლოკჩეინ სისტემის მუშაობა დამოკიდებულია ინტერნეტზე, ხოლო სახელმწიფოებს შეუძლიათ მასზე რეგულაციების დაწესება ან ინტერნეტის სრულიად გამორთვა.
  • საზოგადოების ყველა წევრს არ აქვს ინფორმაცია და ტექნიკური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი ან ეთერიუმის პლატფორმა,შესაბამისად ამ სისტემის გამოყენება (აქ განთავსებული სტატიების წაკითხვა) ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლია.
  • ამ სისტემაში სიტყვის თავისუფლება მაქსიმალურადაა დაცული, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სიძულვილის ენის ან სხვა საფრთხის შემცველი მასალების გავრცელებას.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ