როგორ შეცვალა მედია ფოტოგრაფიამ
16.08.2023
სანამ კამერა თითქმის ყველას საკუთარ სმარტფონში ექნებოდა, ფოტოგრაფიამ დიდი გზა გაიარა. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით V-IV საუკუნეებში ჩინეთსა და საბერძნეთში ობსკურას კონცეპტუალური აღწერილობები გვხვდება. კამერა ობსკუა ფოტოებს არ იღებდა, თუმცა იყენებდა შუქის ლინზას.

პირველი ფოტო

  • პირველი ფოტო ჰელიოგრაფიის, ე.წ. მზის ხატვის მეთოდით ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გადაიღო მე-19 საუკუნის დასაწყისში.
  • კადრის აღბეჭდვას თითქმის 8 საათი დასჭირდა - ამ დროში მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა და ისე ჩანს, თითქოს შენობის ორივე მხარეს ანათებს.
alt

ნიეფსის პარტნიორი იყო ლუი დაგერი, რომელსაც რეალური კადრის აღსაქმელად დროის შემცირება სურდა, რაც გამოუვიდა კიდეც. მან დაგეროტიპი გამოიგონა.

  • „ამ ტექნიკით, ქიმიისა და ფიზიკის ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თქვენ შეძლებთ რამდენიმე წუთში შექმნათ ყველაზე დეტალური ხედები“ - წერდა დაგერი.

ფოტოჟურნალისტიკა

მე-19 საუკუნეში იწყება ფოტოჟანრების ჩამოყალიბება, რომელთა შორის ერთ-ერთი ფოტოჟურნალისტიკაცაა. მედია ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდანვე იყენებს ილუსტრაციებს. ორი ყველაზე ადრეული ილუსტრირებული ყოველკვირეული გამოცემებია - The Illustrated London News, L'Illustration. თუმცა ფოტოების, როგორც რეპორტაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება გამოცემებმა შედარებით გვიან დაიწყეს.

პირველი ომის რეპორტიორი როჯერ ფენტონი იყო. მან ჯერ კიდევ 1855 წელს ყირიმის ომი გადაიღო. ფენტონმა შეძლო, ბრიტანული საზოგადოებისთვის ომი გაეშუქებინა. მის ობიექტივში მოხვდა ბრიტანელ მეომართა პორტრეტები, აღჭურვილობა, ადგილები, სადაც ჯარი ჩერდებოდა. მთლიანობაში, ოთხი თვის განმავლობაში 360 ფოტო დააგროვა.

alt

სოციალური ფოტოგრაფიის მაგალითი

  • ლუის ჰაინსმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ბავშვთა შრომა გამოააშკარავა - ის არასრულწლოვანების სამუშაო პრობლემებს იღებდა და საუბრობდა იმ სირთულეებზე, რასაც ბავშვები აწყდებოდნენ.
  • ლუის ჰაინსის გადაღებულმა ფოტოებმა ჩაუყარა საფუძველი ბავშვების უკანონო შრომის დასასრულს და საბოლოოდ, ის ფედერალური კანონით დარეგულირდა.
  • ჰაინსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარ თავს სოციალური ფოტოგრაფი უწოდა და თვლიდა, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია გაანათოს სიბნელე და გამოავლინოს უცოდინრობა. მისი კადრები დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მაგალითია.
alt

ტექნოლოგიური განვითარება

მე-19 საუკუნის ბოლოს კომპაქტური ფოტოაპარატების გამოგონებამ მცირე ზომის ხელის კამერები შედარებით დაბალ ფასად გახდა ხელმისაწვდომი. მათ შორის, ყველაზე პოპულარული Kodak იყო. “თქვენ დააჭირეთ ღილაკს, ჩვენ ვაკეთებთ დანარჩენს” (“You Press the Button, We Do the Rest”) - ასეთი იყო Kodak-ის სისტემის აღწერა.

მე-20 საუკუნეში ტექნიკა და შესაბამისად, ფოტოგრაფია კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა. ფოტოგრაფია დღემდე რჩება ამბის თხრობისა და ისტორიის დოკუმენტაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, თუმცა ფოტომანიპულაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დეზინფორმაციის რისკებიც გაზარდა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ