ფოტო: ლევან ზაზაძე
ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავატარე: გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია და ბოლოს უკვე ონლაინ მედია. ყველა მათგანში წლის ბოლოს შეჯამებას მთხოვდნენ, რაც იმდენად მძულდა, რომ არასდროს ვასრულებდი. ბოლო წლებია ამ შეჯამებას, არამხოლოდ მედიები, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი „ფრენდიც“ მთავაზობს, ამას მომავალი წლის გეგმებიც ემატება და ასე დაუსრულებლად. წლის ნომინაციები და ლაურეატების გამოვლენაც მძულს. 2004 წელს, გაზეთ „24 საათში“, წინასაახალწლო საავტორო სვეტში (მაშინ ბლოგებს სვეტი ერქვა), დავწერე ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ და ვამხილე ყველა მათგანი, ვინც ერთი თვით ადრე იწყებდა კითხვას: „შენა და ახალ წელს რას აპირებ?“ იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახლობლების ნაწილი ისე შევაშინე, ახალ წელსაც არ მილოცავდნენ. ერთი სიტყვით, არ მიყვარს თავსმოხვეული დღესასწაულები და არც იმის მჯერა, რომ წლების ნუმერაციაზეა დამოკიდებული ცვლილებები. სიახლის მოლოდინი კი სულ მაქვს, მაგრამ ეს 31 დეკემბრის ღამესთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული. საახალწლო „ნიუსების“ თვალიერებისას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯია მელონის სიტყვები მომეწონა, გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი წელი უარესი იქნებაო.
რა გვქონდა 2025 წელს?
მედიისთვის 2025 წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ძალაში შევიდა ე.წ. ფარა, რომელიც ყველას, ვინც საერთაშორისო ფონდებიდან თუ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ამით სრულ დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ინარჩუნებდა, აგენტებად გვაცხადებს. ეს კანონი იმ პროპაგანდის იარაღია, რომლის მიზანიც არის წარმოგაჩინონ უცხო ქვეყნის აგენტად და იმუშავონ შენს დისკრედიტაციასა და განადგურებაზე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, რომლის „ენჯიო“ ბიოგრაფიასაც აღარ შეგახსენებთ, მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, რომ დაადგინოს აქამდე მიღებული გრანტების შესაბამისობა კანონთან.
კამერები და მიკროფონები აკრძალეს სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ არ გვაჩვენოს დღევანდელი სასამართლო, რომელსაც მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის სახე აქვს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება აუკრძალეს ტელე და რადიო მაუწყებლებსაც. პოლიტიკური, უფრო სწორედ პარტიული ფული აღარ არის ტელევიზიებში, რადგან მომდევნო 3 წლის მანძილზე არჩევნები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, 2 ტელევიზია დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ვფიქრობ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლები ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავდნენ და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე.
ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საკითხები, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ორგანოს უნდა განეხილა, კომუნიკაციების კომისიას დაექვემდებარა და მას მაუწყებლების დასანქცირების საშუალებაც მიეცა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა როგორც იქნა, მოიცილა ურჩი თანამშრომლები, ახალ შენობაში გადაბარგდა, რკინის ღობე შემოარტყა და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიძირა. მათ უკვე გარედან უკმაყოფილების ხმაც აღარ წვდებათ, იმდენად შორს არიან „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულები. რაც უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ხდება ეს არხი, რაც უფრო იზრდება მაუწყებლის დაფინანსება, მით უფრო უახლოვდება საბჭოთა წარსულს, სადაც მაყურებელი ეკრანიდან მხოლოდ ტყუილს, გამოგონილ რეალობას ხედავდა.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ 2025 წელს, პირველი ჟურნალისტი ქალი პოლიტპატიმარი გვყავს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელები“ ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი მედიაა, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო და დღემდე მოაღწია, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი პროფესიის ერთგულია. ამიტომ შეარჩია რეჟიმმა მზია ამაღლობელი სამაგალითო სასჯელისთვის და შეატყობინა დამოუკიდებელ მედიებს - ყველას დაგსჯით და ყველას გაგტეხავთო.
რა მიიღო სანაცვლოდ?
„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების მიუხედავად, არც ერთ მედიას არ შეუწყვეტია მუშაობა. ტელევიზიები, სადაც უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და ჟურნალისტებს თვეებია სრული ხელფასი არ აუღიათ, მაინც მუშაობენ. მუშაობენ გაუსაძლის პირობებში, მტრულ გარემოში… მათ უწევთ „ქართული ოცნების“ წევრების დევნა, ბრძოლა კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ. შეწუხებული დეპუტატები ხშირად ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ითხოვენ და ასრულებენ კიდეც. პროპაგანდისტული არხების არც ერთი თანამშრომელი დაიჯერებს, რომ მათი კოლეგები, რომელთა ხელფასი ოდესღაც რამდენიმე ათასი ლარი იყო, დღეს მის გარეშე მუშაობენ. ცხადია, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ისინი ჯერ ისევ ფეხზე დგანან და იბრძვიან.
ონლაინ მედიები კი ნაცვლად დაშლისა, კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საერთო პლატფორმა - „სინათლე მედია“ შექმნეს, რომელმაც ისეთ შედეგებს მიაღწია, რასაც არავინ ელოდა.
ყველა ჩვენთაგანს ემუქრებიან, ჩვენ წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიები, სავარაუდოდ, სუსის დაკვეთით, სიუჟეტებს ამზადებენ, უკანონო ფულის მიღებას გვაბრალებენ და მაინც ვერ აღწევენ მიზანს, მაინც ვერ გვაშინებენ. ონლაინ მედიების მიმართ საზოგადოებამ არნახული სოლიდარობა გამოხატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სინათლე არ ჩაქრება!
არამხოლოდ მედიის, არამედ ყველა ჩვენი თანამებრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მზია ამაღლობელია, რომელიც კოლოსივით უდრეკია და რომელმაც გვაჩვენა, რომ იდეალიზმი და გმირობა შესაძლებელია ჩუმი, უსიტყვო და ადამიანური იყოს. ვერასდროს ვახერხებ მზიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარს. მისი გაუტეხელობა და სიჯიუტე არასდროს მოგვცემს უფლებას ჩვენ აქ, თავისუფლებაზე დარჩენილები გავტყდეთ და დავნებდეთ. სიფრთხილე შიშსა და თვითცენზურაში არ გადაგივიდეთო, - გვითხრა ბოლოს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კრებაზე რომ დარეკა და იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთად უნდა იყოთ და ყველაფერი გამოვაო. აუცილებლად გამოვა, რადგან ერთად ვართ!
ამ ჩემი „საახალწლო“ ბლოგის დასაწყისში ჯორჯია მელონის სიტყვები გავიმეორე, მძიმე იყო 2025, მაგრამ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება-მეთქი. კი, 2026-ში კიდევ უფრო მოგვიჭერენ მარწუხებს, კიდევ უფრო მეტს დაგვიჭერენ, დაგვშლიან, დაგვხურავენ, გვცემენ, ალბათ, ისევ მოგვწამლავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ, ქართველებმა (მათ შორის ჟურნალისტებმა), არნახული სოლიდარობის, თანადგომის, ერთმანეთის სიყვარულისა და ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ! უკანასკნელი წლები, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე ღიად ჩვენი მთავარი მტერი - რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის და გვკლავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს იბრძვის, იცის, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, ეს დღეები და წლებიც ყველაზე ტკბილად გაახსენდება, რადგან არასდროს ყოფილა ამდენი სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ბრძოლის ჟინი. არასდროს ყოფილა ეს სიტყვები ასეთი გულწრფელი და ნამდვილი, როგორც დღეს: მიყვარხარ საქართველო!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

