„თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” - უზენაესი ძალის ამ დოქტრინალურ ფორმულირებას კაცობრიობის ნაწილი, მტკიცებულებებისა და ორ წყაროსთან გადამოწმების გარეშე, უპირობოდ და უსიტყვოდ, მინიმუმ ორი ათასი წელია ენდობა.
ენდობა, აღიარებს და ადასტურებს, რომ სიტყვაა ღმერთი.
თუმცა საუკუნეებგამოვლილი და ეჭვგარეშე აღიარების საპირისპიროდ, ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ, ნაკლებად დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყნებში სდევნიან, სცემენ, უკანონოდ აპატიმრებენ და კლავენ სიტყვების გავრცელებისთვის, შეკითხვისთვის, ვარაუდის გამოთქმისთვის. ჟურნალისტობა დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე.
სამართლიანი იქნება დაზუსტება, რომ ჟურნალისტიკა არ არის მუდმივად საშიში. საგანგაშოა ობიექტური გაშუქება ისეთი საკითხების, როგორიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ადამიანების ჩაგვრა, ომი ან კორუფცია. ასეთ დროს ხდება დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესია მსოფლიოში. რამდენადაც მაღალია მედიის გაჩუმების მცდელობა, იმდენად ჩანს, „ჟურნალისტები თხრიან იმას, რასაც საგულდაგულოდ მალავენ პოლიტიკოსები”. სხვა დანარჩენისთვის, არსებობს „სამთავრობო (და პროპაგანდისტული) მედია“.
გამონაკლისი არც საქართველოა.
დღეს 2026 წლის 21 მარტია - ქართული ჟურნალისტიკის დღე. ყველაზე მძიმე და საშიში დრო გაქრობის პირას მყოფი დამოუკიდებელი მედიისთვის. უფრო ზუსტად, მძიმე დროა დამოუკიდებელი მედიისთვის და საშიში - ადამიანებისთვის.
გაქვს პასუხები:
- რატომ შეუჩერეს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიას?
- რატომ სჯის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს მარეგულირებელი კომისია?
- რა დაემართა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას?
- რატომ არის ციხეში მზია ამაღლობელი?
- ვინ იმეტებდა სასიკვდილოდ გურამ როგავას?
- რატომ სცემენ ხოლმე არჩევნების ან აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს?
- რატომ ქრებიან ეკრანებიდან წამყვანები?
- რას აშუქებენ შენი დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლები?
- წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მრავალფეროვანი ინფორმაციის გარეშე?
- უსიტყვოდ (და უღმერთოდ) როგორ იცხოვრებ?
- შეგიძლია ცოდნის გარეშე მიხვიდე თავისუფლებამდე?
- როდის გრძნობ თავს დაცულად?
- რას მოაქვს შენი თავისუფლება?
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - ვიცავთ
მედიას, ვიცავთ თავისუფლებას.
ბლოგში
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს
რედაქციის პოზიციას.

