მედიასთან შეუღლება
07.09.2015
სტუდენტობისას მინდოდა თეატრის კრიტიკოსი გავმხდარიყავი, თავს ვზრდიდი კიდეც ამ სფეროში, სტატიებს ვწერდი, გადაცემებს ვაკეთებდი.

მერე მსახიობი შემიყვარდა, მასზე გათხოვილმა, ერთ გამოცემას დავუწერე კრტიკული სტატია, სათაურით ,,თეატრი ბნელში”. არ იყო ცუდი ნაწერი, ფაქტებს და მცოდნე ხალხის აზრებს ეფუძნებოდა.

მოგვინებით გავიგე, რომ თეატრში კედელზე გამოუკრავთ, ხელმძღვანელობას კი პასუხად მხოლოდ ის უთქვამს, რომ გაბრაზებული მსახიობის ცოლის ნაწერი იყო.

პირველად მაშინ დავფიქრდი ინტერესთა კონფლიქტზე (უნივერსიტეტში ჩემ დროს ეთიკას ზედაპირულად გავდიოდით) - იმაზე, იქნებოდა თუ არა ჩემი სტატია ასეთივე, ქმარი ,,განაწყენებული მსახიობი” რომ არ მყოლოდა? თავს ვარწმუნებდი, რომ სტატიაში არაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ თეატრის კრიტიკის მიზნობრივი აუდიტორია ჩემს სტატიებს ყოველთვის წაიკითხავდა, როგორც ,,ცოლის ავტორობით” დაწერილს. მოკლედ, ამ სფეროს შევეშვი.

მას შემდეგ მხოლოდ სოცლიალურ ქსელში წამომცდა ორიოდ სიტყვა ქუთაისის თეატრზე (ძალიან მიყვარს და ვერ ვეშვები) და იქაც კომენტარებში სულ ,,ცოლი” მეძახეს.

ხვდებით ალბათ, რომ ეს ისტორია ეკა მიშველაძის ,,პირველი სტუდიის” ამბებმა გამახსენა. რამდენიმე დღის წინ ეკას კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა ჯერ 150 კაცის თანდასწრებით, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე ქორწინება მიულოცა, და შემდეგ მაუწყებლის შიდა ქცევის კოდექსიდან ამონარიდი წაუკითხა იმის განსამარტად, თუ რატომ ვეღარ განაგრძობდა ეკა პოლიტიკური ტოკ- შოუს წაყვანას.

ამონარიდი ასეთია: ,,ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა”.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩემთვის მოულოდნელად, არაერთი განსხვავებული აზრი გაჩნდა. მოგვიანებით ვნახე, რომ ამ თითქოსდა მარტივად გასაგებ აზრს სოციალურ ქსელში მეგობართა ჯგუფიც სხვადასხვაგვარად კითხულობს. უკირკიტებენ უცხოურ პრაქტიკას, ვინ CNN -ს წამყვანს იხსენებს, ვინ BBC -სას.

არა და მეჩვენება, რომ ძალიან მარტივად გასაგები ქართული რეალობა გვაქვს:

- რაც არ უნდა ობიექტური იყოს ეკა, თუ ის განაგრძობს პოლიტიკური თემის გაშუქებას, აუდიტორიის ნაწილი მას მაინც აღიქვამს კონკრეტული პოლიტიკოსის მეუღლედ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.

- სულელური მიდგომაა - ცოლის მიერ ქმრის წყაროდ არგამოყენება, ეთერში არმოწვევა, რას ცვლის, რას გვაძლევს - გარდა ქმრის დისკრიმინაციისა.

- სულელური და სასაცილოა შეზღუდვის მხოლოდ მეუღლეებზე და ახლო ნათესავებზე გავრცელება. მსგავსი რეგულაციების კონტექსტური წაკითხვა ცხადყოფს, რომ ეს ,,სამსახურებრივ განაწესზე” მეტად თვითრეგულირების მექანიზმია და გულისხმობს, რომ ნებისმიერ პირთან ურთიერთობა (ამაზე ფიქრმა ნათლად შემაგრძობინა facebook -ის სტატუსის ,,In a relationship with” არსი) თუ ის უშვებს ინტერესთა კონფლიქტის ალბათობას და ამასთან, ამ ურთიერთობის გამჟღავნებამ (ჰოი, რომ არაფერი იმალება ამ პატარა ქვეყანაში) შესაძლოა იმოქმედოს აუდიტორიის ნდობაზე მედიის ან ჟურნალისტის მიმართ, უნდა დაგაფიქროს - რა და როგორ აკეთო მომავალში და თავად უნდა მიგაღებინოს გადაწყვეტილება.

- მაწუხებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების თავად მიღების შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა მიშველაძეს არ მისცეს. მას საჯაროდ და მისთვის მოულოდნელი ფორმით ,,მიულოცეს გათხოვება”. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა წესი და ეთიკა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ არის, მენეჯერებისთვისაცაა, იმისთვის, რომ მათ ცალკეულ თანამშრომლებთან მიმართებით (გუშინდელ შეხვედრაზე ეკა სხვა თანამშრომლების მსგავს ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებდა) არა მხოლოდ ის პუნქტები წაიკითხონ, რომლებიც აწყობთ, არამედ დანარჩენიც. მაგალითად ის, რომ იგივე კოდექსი მენეჯმენტს კარნახობდა საკითხზე თანამშრომელთან ერთად არასაჯაროდ ემსჯელა და გადაწყვეტილებაც ამ მსჯელობის შედეგად ისე დამდგარიყო, რომ საზოგადოებას ვნებათაღელვის გარეშე გადაეტანა ცვლილებები.

და რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითრეგულირების მექანიზმმა, ამ შემთხვევაში, ვერ შეძლო ხსენებული ეთიკური ნორმის მიზნის მიღწევა - დაეზღვია მაუწყებელი აუდიტორიის ნდობის დაკარგვისგან. საზოგადოების ნაწილი ,,ხმაურიანი გაშვების” შესახებ ფიქრობს, რომ ეკა ,,ოპოზიციონერზე” გათხოვების გამო მოხსნეს გადაცემიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.

ბლოგის ავტორი : ნათია კუპრაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ