მედიის მიერ მივიწყებული მთავარი ამბები
12.12.2015
რატომ ვერ ახერხებს თანამედროვე მეინსტრიმ მედია, რომ ერთ დროს ძალიან აქტუალური თემები არ დაივიწყოს, არ აქციოს მეასეხარისხოვნად და უფრო მეტიც, არ დაავიწყოს მკითხველსა თუ მაყურებელს?

ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, მედიაში სულ უფრო მატულობს ინფორმაციის ნაკადი. შესაბამისად, მედიას სულ უფრო გიჟურ რეჟიმში უწევს მუშაობა და ზღვა ინფორმაციის მომხარებლამდე მიტანა. ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადში კი ყოველთვის არის ე.წ. ცხელი ამბავი (Breaking news), რომელიც დღეების, ხშირად კი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც არ კარგავს აქტუალურობას. ასეთ თემებს აქვეყნებენ გაზეთებისა და ონლაინ გამოცემების მთავარ გვერდებზე, საინფორმაციო გამოშვებები იწყება და მთავრდება ამით, მზადდება ტოკ-შოუები, სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები და ა.შ.

გადის რამდენიმე კვირა ან თვე, მთავარი თემა ხდება უმნიშვნელო, ყველას ავიწყდება, მის ადგილს ახალი “ცხელი ამბავი” იკავებს და მედიის არქივიც ივსება დაუსრულებელი მთავარი ამბებით, მათი გაგრძელება და დასასრული კი მაყურებლისთვის უცნობი რჩება.

საკმარისია რომელიმე ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს არქივს ზერელედ გადაავლოთ თვალი და უცებ გაიხსენებთ ოდესღაც მთავარი, თუმცა დაუსრულებელი და დროში გაჭედილი ამბების კოლექციას:

2014 წლის შემოდგომაზე საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რამდენიმე კერა გაჩნდა. ერთ-ერთი შემთხვევა ეხებოდა ქობულეთში მუსლიმი მოქალაქეების მიერ პანსიონის, იგივე მედრესეს გახსნის მცდელობას, რასაც ადგილობრივი არამუსლიმი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. იმავე პერიოდში დაპირისპირებით დასრულდა ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის ძველი შენობის დემონტაჟიც.

საყდრისის უძველესი ოქროს მომპოვებელი მაღაროს აფეთქება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა 2014 წლის მიწურულსა და 2015 წლის დასაწყისში. ეს ამბავი საინფორმაციო სივრცის ლიდერი თვეების განმავლობაში იყო. ერთ-ერთი ბოლო ამბავი, რაც საყდრისთან დაკავშირებით მედიამ გააშუქა, მიმდინარე სასამართლო პროცესები იყო.

ეს არის, სულ მცირე, ის ორი მეტ-ნაკლებად ძირითადი თემა, რომელიც მეინსტრიმ მედიამ თვეების შემდეგ დაივიწყა. მაგალითად, არ ვიცით მოხესა და ქობულეთში, ასევე, სხვა მსგავს ადგილებში, მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ რა სიტუაციაა, ამოიწურა თუ არა კონფლიქტი, არსებობს თუ არა რელიგიური დაპირისპირების საფრთხე, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ თვეების წინ განგაშით მიუთითებდნენ.

მეინსტრიმ მედიიდან ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ დამთავრდა საყდრისის ამბავი, რა ეტაპამდე მივიდა სასამართლო, რა მასშტაბით დაზიანდა უძველესი არქეოლოგიური ძეგლი, კვლავ ხომ არ გრძელდება მისი დაზიანებ, რა ეტაპზეა RMG Gold-ის მიერ დაპირებული საყდრისის მუზეუმის შექმნის პროცესი და ა.შ. სხვა ამბების მსგავსად, საყდრისის თემამაც დაუსრულებელი ამბების არქივში გადაინაცვლა.

მსგავსი „დაუსრულებელი ამბების“ გახსენება ასევე დაუსრულებლად შეიძლება. მაგალითად, ქართულ მედიაში ძნელად იპოვით ინფორმაციას, თუ როგორ დასრულდა ებოლას ეპიდემია, რომლის გამოც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სრული ისტერიკა იყო. სხვათა შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ ებოლა ეპიდემიის ეპიცეტრში - სიერა ლეონეში - დამარცხებულია. ბოლო თვეებში იქ ერთი შემთხვევაც არ იყო გამოვლენილი, თუმცა, ახალი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა.

ჩვენ არ ვიცით ახლა რა სიტუაციაა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკვე წელიწადზე მეტია ომია. არ ვიცით, მაგალითად, როგორ დამთავრდა ცენტრ პოინტის, დექსუსისა და ამ კომპანიებისგან დაზარალებული 6 ათასი ადამიანის დავა. რაც ბოლოს გავიგეთ ის არის, რომ 2013 წელს ცენტრ პოინტის დამფუძნებლებს ბრალი წაუყენეს, მათ ზარალის ანაზღაურების პირობა დადეს. შედეგები კი... არ ვიცით.

მედიის მიერ მთავარი და რეზონანსული თემების მივიწყებას ობიექტურთან ერთად სუბიექტური მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს.

პირველი და უმთავრესი, ალბათ, ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობაა. მაშინ, როცა ყოველდღიურად ათობით მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ხდება, რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიცაა ყველა ძველი თემის გაცოცხლება, გამორკვევა, მიდევნება. შეზღუდული რესურსების პირობებში მედია არჩევანს მიმდინარე ამბების სასარგებლოდ აკეთებს.

თუმცა ზოგჯერ არსებობს სუბიექტური მიზეზიც, რაც პრიორიტეტებს ეხება - ხანდახან მიმდინარე ამბების გაშუქება უფრო მარტივია, ვიდრე ერთი ამბის ბოლომდე სრულყოფილად გაშუქება.

ბლოგის ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ