გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, Twitter-ია ამად კარგი
24.03.2016
ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გაშუქებამ საერთაშორისო მედიაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ს ინფორმაციის გავრცელებასა და ზოგადად, ‘ნიუსის’ შექმნაში უდიდესი როლი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ქეთი ქარდავას მიერ აეროპორტში გადაღებული ფოტო, ფაქტობრივად ბრიუსელის მოვლენების სიმბოლოდ იქცა და ყველა წამყვამა საერთაშორისო გამოცემამ გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქეთი ქარდავამ ფოტო მის პირად Facebook გვერდზე გააზიარა და რთული სათქმელია, მოხვდებოდა თუ არა ეს მასალა წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე, რომ არა Twitter, სადაც ფოტო მყისიერად გავრცელდა (მაგრამ არა ქეთი ქარდავას მიერ). ჩემი პირადი აზრია და ცხადია ამას ემპირიულად ვერ გავამყარებ, რომ სწორედ Twitter-ის მეშვეობით იქცა აღნიშნული ფოტო ბრიუსელის მოვლენების სიმბოლოდ, სხვა შემთხვევაში იგი დარჩებოდა Facebook-ის პირად გვერდზე გაზიარებულ საინტერესო, მაგრამ საერთაშორისო მედიისთვის შეუმნჩნეველ ღირებულ ფოტო მასალად.

Twitter-თან შედარებით, Facebook-ს არასოდეს ექნება იგივე გავლენა ნიუსის კეთებაზე. რთულია ინფორმაცია მოიძიო Facebook-ზე, თუ კონკრეტული ინდივიდი ლიმიტირებულ მეგობართა რიგებში არ გყავს და ე.წ. ჰაშთაგებმა, Facebook-ზე იგივე წარმატებით არ იმუშავა როგორც Twitter-სა თუ Instagram-ზე.

სამწუხაროდ, ამ კუთხით ქართული მედია საერთაშორისო მედიის ტენდენციებს არ, ან ვერ აჰყვა. გაგიჭირდებათ იპოვოთ თუნდაც 5 ცნობილი ჟურნალისტიც კი, ვინც აქტიურად მოიხმარს Twitter-ს ყოველდღიურ საქმიანობაში. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მედიასაშუალებას საქართველოში აქვს Twitter ანგარიში, თუმცა მათი მოღვაწეობა ამ პლატფორმაზე მხოლოდ ნიუსების ავტომატურ რეჟიმში გაზიარებით შემოიფარგლება.

ოდნავ უკეთესი, თუმცა საბოლოო ჯამში არცთუ ისე ეფექტური, პოლიტიკა აქვთ სახელმწიფო ინსტიტუტების პრესსამსახურებს. მაგალითად პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი Twitter ანგარიშებს მხოლოდ ინგლისურად აახლებენ, რაც ცალსახად არასწორია. აქვე უნდა ითქვას, რომ სავარაუდოდ არცერთი მათგანი პირადად არ აახლებს ინფორმაციას. განსხვავებით დასავლელი ლიდერებისგან, რომელთა დიდი ნაწილი აქტიურად იყენებს Twitter-ს და ხშირად პირადადაც აწერენ ხელს ცალკეულ პოსტებს. არ არსებობს ინსტიტუციური ბმა სოციალური მედიის ანგარიშებს შორის. ცალკეული Twitter და ხშირად Facebook ანგარიშები ინდივიდებზეა მიბმული და არა ინსტიტუტებზე. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას „გადაყვა“ პრემიერ მინისტრის Twitter ანგარიში (90 ათასზე მეტი მიმდევარით) და კვირიკაშვილს სრულიად ახალი ანგარიში გაუხსნეს, რის გამოც ამ უკანასკნელს დღეს კომიკურად ცოტა მიმდევარი ჰყავს (1500-ზე ნაკლები).

მოკლედ რომ შევაჯამო, საქართველოს თითქმის უკლებლივ ყველა მედია, სახელმწიფო პირი თუ სამოქალაქო აქტივისტი, ონლაინ გამოხატვის პლატფორმად Facebook-ს ამჯობინებს. ამიტომ იქცა ქართული Facebook სივრცე forum.ge-ს ვიზუალურად უფრო დახვეწილ გაგრძელებად, სადაც აპოლიტიკური პოსტების დადება ზოგჯერ, პოლიტიკურად აქტიური მომხმარებლების გაღიზიანებასაც კი იწვევს.

სხვა დისკუსიის საგანია ასევე „ესეების“ წერა სტატუსებად თუ კომენტარებად. Twitter ამის საშუალებას არ იძლევა და 140 სიმბოლოში გაიძულებს აზრის ჩამოყალიბებას. Twitter-ის დადებით მხარედ სწორედ ეს მიიჩნევა. ზედმეტი „ბლა-ბლას“ რამდენიმე წინადადებაში მოქცევა მოკლედ და ლაკონიურად, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან გვჭირდება ქართველ ‘იუზერებს’. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული პოსტით არ ვცდილობ ზოგადად სოციალური მედიის მომხმარებელთა კრიტიკას. ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენოს პირადი გვერდი, თუმცა ზოგადი ტენდენცია ქართულ ონლაინ სივრცეში უფრო ღრმა ანალიზს ნამდვილად საჭიროებს.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური ქსელი Twitter 10 წლის გახდა. Facebook-თან ერთად, Twitter-ს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მედიის საქმიანობის ცვლილების პროცესში ალბათ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ის რომ დღეს ჟურნალისტობა ცალკეულ საგამომცემლო სახლსა თუ მედია კორპორაციაში ფორმალური საქმიანობით არ შემოიფარგლება, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებაა. პირადი ბლოგების, youtube არხების თუ სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება თავად აწარმოოს ნიუსი და გახდეს პროცესის მონაწილე. Twitter ამ ყველაფრის სათავეშია, თუმცა სამწუხაროდ, არა საქართველოში.

ბლოგის ავტორი : გიორგი თაბაგარი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ