სპორტული ბეჭდური და სამაუწყებლო მედია 360 გრადუსით
11.05.2016
პლატონი თავის გენიალურ ნაშრომში, „სახელმწიფო“ წერს, რომ ადამიანმა გონებრივ განვითარებასთან ერთად, ფიზიკურ სრულყოფაზეც უნდა იზრუნოს. საერთოდ, ბერძნულ ფილოსოფიაში სხეულისა და სულის, გონების სიჯანსაღე ერთმანეთშია შერწყმული. სიჯანსაღის მიღწევის უმთავრესი გზა კი სპორტია - ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ჯანსაღი თაობის არსებობის საწინდარი და ქვეყნის ეკონომიკური განვითერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.

მსოფლიო მედიასივრცეში, სპორტს წამყვანი პოზიციები უჭირავს, რადგან იგი კომერციულად მომგებიანია და მრავალი თემატური არხისა და გამოცემის ფოკუსიც სწორედ სპორტზეა მიმართული.

ქართველებს სპორტი გვიყვარს (განსაკუთრებით, ფეხბურთი), ალბათ ეს ის ერთ-ერთი „ეროვნული მითია“, რომელიც მრავალი წელია მოგვყვება. მითი მითად მაგრამ, ის კი ჭეშმარიტებაა, რომ სპორტული პრესა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სეგმენტია ქართულ მედიაში. ხოლო მასობრივი აუდიტორიის მიერ სხვადასხვა სპორტული ჩემპიონატების ყურების მაჩვენებელიც არაა ხელწამოსაკრავი. ისიც ფაქტია, რომ სპორტის მოყვარულს ხშირად, თბილისის მასშტაბით, პრესის რამდენიმე გამყიდველთან უწევს სტუმრობა, „ლელოს“ ან „მსოფლიო სპორტის“ ყოველდღიური გამოცემის შესაძენად, ეს კი იმის დადასტურებაა, რომ სპორტულ პრესას საქართველოში თავისი ერთგული მომხმარებელი ყავს.

რა თქმა უნდა, მკითხველის დიდი რაოდენობა გამოცემების მაღალ ხარისხისს არ ნიშნავს. აქ ერთი ლოგიკა მოქმედებს: მკითხველს კარგსა და ცუდ პროდუქციას შორის არჩევანის გაკეთების შანსი არ აქვს, რადგან სპორტული გამოცემები ერთ თარგზეა მოჭრილი, ერთნაირი ლექსიკითა და ფაქტობრივად, იდენტური ჟურნალისტური ხელწერით ხასიათდება.

გამოცემების თვალის გადავლებისას ჟურნალისტიკის სტანდარტში გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც კი ადვილად მიხვდება, რომ სპორტული პრესის პროდუქციას სიყვითლე ფონად გასდევს. ეს სათაურებში შეიმჩნევა - ორაზროვანი, ხშირად დაუმთავრებელი სათაურები ერთგვარი ხელწერაა. მაგალითად, „დინამო ოქროს ზღვიდან მიუახლოვდა. სამტრედიამ გორის გზაზე ვერცხლი დაინახა“, „ფაქტობრივად, დარჩნენ...” მსგავსი სათაურები მხოლოდ ამ გამოცემათა სტილს შეჩვეული მკითხველისთვის თუ იქნება გასაგები. ქართული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებს სათაურშივე უყვართ „მძიმე“ კითხვების დასმა: „ბენიტესი პელეგრინს უნდა შემოაკვდეს. მერსისაიდულ დერბში ისევ ფრე იქნება?“, „ვინ როგორ დაისჯება?“, „ლობჟანიძე რიზესფორს აინტერესებს?“ - ასეთი სათაურების მიზანი უთუოდ კომერციული და სპორტული სენსაციების მოყვარულთა მიზიდვას ემსახურება, მათ კი, ვინც სერიოზულ პუბლიკაციებს ეძებს, გაზეთების გადაფურცვლის სურვილიც კი ეკარგება.

სათაურებს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა, რაც გამოცემების ტრადიციულ სტილად იქცა, სპორტულ ასპარეზობათა ამსახველ მიმოხილვებში რესპოდენტების უსაშველოდ გაწელილი კომენტარებია, რომელთაც ხშირად, მთელი სვეტიც კი აქვს დათმობილი. ჟურნალისტის ფუნქცია კი ციტატებს შორის ზრდილობისთვის, მხოლოდ ერთი წინადადების ჩაამატებაში გამოიხატება, ალბათ თვალი რომ არ დაგვეღალოს.

გამოცემების მანკიერ მახასიათებლებს შორის ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ მატჩების მიმოხილვისას, ჟურნალისტებს საკმარისი არგუმენტები არ ჰყოფნით მათ მიერ მოხმობილი გასაანალიზებელი სიტუაციების შესაფასებლად. მაგალითად, „საუკეთესო მაინც ვაკო თევდორაძე გვგონია, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბათუმელთა ნახევარმცველი შეტევას აზრიანად იწყებდა და ამწვავებდა,“ - როდესაც წერ, რომ ფეხბურთელმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა და ამის დასტურად მოგყავს მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი, სინამდვილეში, რასაც ფეხბურთელთა უმრავლესობა ყოველი მატჩისას აკეთებს, ვფიქრობთ, საკმარისი არ უნდა იყოს. მეტი არგუმენტი, სიტუაციური ანალიზია საჭირო და არა ტექსტში ასე ნაქები ფეხბურთელის შესახებ თხრობის უეცრად შეწყვეტა სხვა ფეხბურთელის თამაშზე გადართვა. როდესაც ამბობ, რომ „ფეხბურთელებმა მშვენიერი იერიში განახორციელეს“ და ამის საილუსტრაციოდ მკითხველს არაფერს სთავაზობ ეს, სულ ცოტა, მის მიმართ უპატივცემლობაა. მკითხველი ჟურნალისტს სიტყვაზე არ უნდა ენდოს, მას ფაქტები და მყარი არგუმენტები ესაჭიროება.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სპორტული გამოცემების ჟურნალისტები პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით თავს არ ივალდებულებენ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

სპორტულ პრესაში საკმაოდ ხშირია ჟურნალისტური ფორმების უგემოვნოდ აღრევის შემთხვევებიც. მაგალითისთვის, ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან, რომელიც ყოველდღიურ გამოცემა „ლელოს“ 2016 წლის 76-ე ნომერში დაიბეჭდა, რეპორტაჟული მანერით, აეროპორტში სიტუაციის აღწერით იწყება, ამის შემდგომ ჟურნალისტი ევროპის ჩემპიონს ესაუბრება და ჟურნალისტსა და სპორტსმენს შორის მიმდინარე გათამაშებულ დიალოგში, გიორგი ასანიძე რეპლიკით ერთვება, ამ ყველაფერს კი სტანარდტული ინტერვიუ მოსდევს. ეს ყველაფერი არაა: 21-ე საუკუნეში არქაული ფრაზებისა და სიტყვების უადგილოდ გამოყენება დროსა და გამოცემებს შორის გაუცხოების შეგრძნებას ქმნის: „ქოქოლა დააყარა“, „კარის ბადე შეარხია“, „ფიცხელ ბრძოლას განაპირობებდა“, „შინისკენ მეტად საჭირო სამი ქულით გასწია“-შესაძლოა ასეთი ლექსიკითა და სტილისტიკით რედაქტორებსა და ჟურნალისტებს გაზეთის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის ხაზგასმა სურთ, თორემ სხვა მხრივ, მსგავსი ლექსიკის გამოყენება, თანამედროვე პრესის ენისათვის შეუსაბამო გვგონია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გამოცემებს, ფაქტობრივად, ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ცნობილი ქართველი, ვეტერანი სპორტსმენები. ჟურნალ „ლელო Week-ში“ ხშირია დასავლური საფეხბურთო ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებზე საუბარი, სხვადასხვა ავტორთა თვალსაზრისის გამომხატველი სტატიები. გამოცემები სპორტის ყველა სახეობაში მიმდინარე მნიშვნელოვან ასპარეზობებს აქტიურად აშუქებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, მათ ქართული სპორტული სამყაროსთვის არამარტო მოვლენურად შეეხედათ, არამედ ყურადღება გაემახვილებინათ სპორტის სხვადასხვა სახეობათა პრობლემებზეც, რადგანაც სერიოზულად განსახილველი საკითხები, ხშირად ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის თუ მიმდინარე სპორტული მოვლენების ჩრდილში ექცევა.

ანალიზის დეფიციტი, ეთიკისა და ჟურნალისტური ნორმების არცოდნა და თანამედროვე საგაზეთო ენის გაუმართაობა მწვავედ იგრძნობა ქართულ სპორტულ პრესაში. აღსანიშნავია ისიც, რომ რედაქციები გენდერულად დაუბალანსებელია. ფაქტობრივად, არ არსებობენ ქალი სპორტული მიმომხილველები, ეს ყველაფერი ჯამში სპორტული პრესის განვითარების პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის, არადა ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ინტენსიურობის შესაბამისად, შესაძლებელია, ქართული, თანამედროვე, ხარისხიანი და ქვეყნის სპორტულ ტრადიციებზე დაფუძნებული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარება.

რაც შეეხება სატელევიზო სივრცესა და ნაციონალურ არხებს, საზოგადოებრივი არხის გარდა, სპორტული გადაცემა არცერთ მაუწყებელს არ აქვს პროგრამულ ბადეში (თუ არ ჩავთვლით ტელეკომპანია პირველის გადაცემას „ჩვენი თამაში“). მაუწყებელთა უმრავლესობაში, სპორტის სიახლეები დილის პროგრამებსა და საინფორმაციო გამოშვებების ბოლო ბლოკებში ხვდება.

რაც შეეხება საზოგადოებრვ მაუწყებელს, მაუწყებელი ამ მხრივაც საუკეთესო პროდუქტს გვთავაზობს. ყოველკვირეული გადაცემა „სპორტი გიორგი ზურაბიშვილთან“ ქართულ სპორტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადაცემა, წამყვანისა და ხშირად კარგად შერჩეული სტუმრების მეშვეობით, საინტერესო დისკუსიის ყურების შანსსაც იძლევა. როგორც ჩანს, ახალმა სახეებმა გაამართლეს (საერთოდ ქრთულ ტელესივრცეს არ უყვარს ახალი სახების მოძებნა, სახეების განახლებაა, რაც ნამდვილად არ არის კარგი.) ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ავტორების მცდელობა, გადაცემაში ჩართული სიუჟეტები გახადონ ორიგინალური და სპორტულ მოვლენას სხვა საზოგადო ფაქტორები დააკავშირონ, გარემო აღწერონ, ხშირად ფამილარულ ელფერს სძენს სიუჟეტს. ვფიქრობთ, ჯერჯერობით, ამ მხრივ, სპორტული სიუჟეტები ვერ ითავსებენ ზედმეტად მხატვრულ სტილს (ეს ალბათ, ჟურნალისტების პროფესიული უნარების დამსახურებაა).

სპორტი ერთგვარი ფილოსოფიაა - ადამიანის ძალის, ინტელექტის, გონების, ემოციების შერწყმა. სპორტის გულშემატკივრებს ხშირად გამოუთქვამთ აზრი, რომ საფეხბურთო მატჩების კომენტატორები პროფესიონალიზმით ან პროფესიული დონით არ გამოირჩევიან, რეპორტაჟებიდან არანაირი ემოცია არ მოდის და მათ შემხედვარეს, ან ტელევიზორისთვის ხმის დაწევა გინდება, ან თუ საშუალება გაქვს, უცხოურ სპორტულ არხებზე გადართვა. მატჩის კომენტატორობა - ეს „სპორტული ხელოვნებაა“, რომელიც შეჯიბრის ტრანსლირებას მეტ ხიბლს სძენს, ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა „სილქ უნივერსალზე“. საზოგადოებრივ მაუწყებელზე სიტუაცია გამოსწორდა. გვახსოვს, 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიც, სადაც შედარებით ხარისხიანად შეასრულეს კომენტატორებმა თავიანთი საქმე. ჩემპიონთა ლიგის მატჩების კომენტირებაც ნორმალურად მიმდინარეობს. კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი კი საკმაოდ კვალიფიციური კომენტატორებით გამოირჩევა ხოლმე. წინ გველის ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და იმედია, კომენტატორები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორე არხთან ერთად, აქტიურად აშუქებს საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, რაგბის უმაღლესი ლიგისა და კალათბურთის სუპერ ლიგის თამაშებს, რაც ქართული სპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, კომენტატორების პროფესიონალიზმსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სპორტულ ჟურნალისტიკაში პრობლემები ბევრია და ამ პრობლემების მოგვარება, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, გულშემატკივრების ინიციატივით უნდა დაიწყოს. სპორტული პრესისა და ტელევიზიის მომხმარებლებმა რედაქციებსა და მაუწყებლებს უნდა დაანახონ, რომ ისინი მათგან პროფესიონალურ მიმოხილვებს, კვალიფიციურ ანალიზს ელიან და არა მდარე ხარისხის „მოყვითალო“ პროდუქტს.

ბლოგის ავტორი : ბადრი კობიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ