შესაძლებელია ფეისბუქის გაკეთილშობილება?
13.01.2022
დაახლოებით 13 წლის წინ, როდესაც ფეისბუქზე პირველად დავრეგისტრირდი, მეგონა, რომ ეს ახალი ტექნოლოგია ინტერნეტში თავის დროზე საყოველთაოდ გავრცელებულ ანონიმურობის მავნე პრაქტიკას მოსპობდა. 1990-იანი და 2000-იანი წლების ქართულ ინტერნეტში ნორმად დამკვიდრებული ანონიმურობა ჩვეულებრივ მომხმარებლებს უბიძგებდა, რომ ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს არასერიოზულად მოკიდებოდნენ. ანონიმი ინტერნეტ მომხმარებლები ქმნიდნენ ვირტუალურ პერსონებს, რომლებიც ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდებოდნენ მათი რეალური პროტოტიპებისგან. ასეთი „ორგანიზებული ფარისევლობა“ კი მთლიანად ინტერნეტ სივრცეს უკარგავდა სერიოზულობას და მას, ძირითადად, ტექნიკით გატაცებული ხალხის ახირებად აქცევდა.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ფეისბუქმა ინტერნეტი და მასში მიმდინარე მოვლენები ფიზიკურ რეალობას დაუახლოვა. ნაწილობრივ, ამის წყალობით, ქართული ინტერნეტ სივრცე უფრო მეტად სახალხო გახდა. ინტერნეტ დისკუსიებმაც პოლიტიკაზე, კულტურაზე, განათლებაზე, სპორტზე და ა.შ. თითქოს უფრო მეტი სერიოზულობა და მნიშვნელობა შეიძინა.

სინამდვილეში კი, თანამედროვე ქართული ფეისბუქი რეალობისა და ვირტუალურობის უშნო ნაზავი უფროა, ვიდრე სინამდვილის ადეკვატური ანარეკლი. აქ ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორების ბოტები დაუღალავად თარეშობენ კრიტიკული დისკუსიების ჩასახშობად. რეალური სახელებითა და გვარებით დარეგისტრირებული ტროლები კი შეგნებულად ამახინჯებენ ფაქტებსა და არგუმენტებს. თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ის არის, რომ უკვე თავად რიგითი მომხმარებლებიც ჩაერთნენ საკუთარი გამოგონილი რეალობების შექმნაში.

ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილისთვის თანდათანობით ნათელი გახდა, რომ ეს პლატფორმა ვერ გამოდგებოდა კრიტიკულ სადისკუსიო სივრცედ. ამის გააზრების შემდეგ, ზოგიერთმა რიგითმა მომხმარებელმაც საკუთარი თავისა და კლანის ინტერესების წინ წამოწევა დაიწყო. შედეგად შექმნილი ვირტუალური რეალობები ერთმანეთს ყოველდღიურად ეჯახება. ამ ბრძოლაში გამარჯვებული კი დაგროვილი ლაიქებისა და კომენტარების რაოდენობით განისაზღვრება.

თუკი ფეისბუქამდელ „ანონიმურ“ ეპოქაში ინტერნეტში გამოგონილ რეალობებს სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამდა, ახლა ეს ვირტუალური ტყუილები რეალურ ცხოვრებაზეც ახდენენ გავლენას. დღეს შეიძლება, დაიჯერო ისტორია ან ნიუსი, რომელიც არასდროს მომხდარა, ვინაიდან გეგონოს, რომ მას რეალური და სანდო პიროვნებისგან ისმენ; შეიძლება, შეიქმნა აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა ადამიანზე, ვინაიდან გეგონოს, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც ფეისბუქზე; შეიძლება გეგონოს, რომ დაუმეგობრდი ადამიანს, რომელიც სინამდვილეში, შენი მეგობარი არასდროს ყოფილა; შეიძლება შეგიყვარდეს ან შეგძულდეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში, არასდროს გიყვარდა ან არასდროს გძულდა და ა.შ.

მედიის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ მან შეულამაზებლად უნდა გადმოსცეს რეალობა, თავისი პლუსებითა და მინუსებით. მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები ამ რეალობას ოდითგანვე ამახინჯებდნენ, თუმცა მას ვერ აწარმოებდნენ. ფეისბუქი, ამ ძველი მედიისგან განსხვავებით, თავად ქმნის გამოგონილ სოციალურ ურთიერთობებს. ქართული ფეისბუქი, დღესდღეობით, არის გამოგონილი რეალობების ქარხანა, რომელიც საგნებისა და მოვლენების კრიტიკულად გააზრებას უშლის ხელს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც ფეისბუქის მავნე ეფექტებზე უკვე ძალიან ბევრს მსჯელობენ. შესაძლებელია, რომ ბოტების განადგურებითა და ყალბი ახალი ამბების წაშლით ფეისბუქი გაკეთილშობილდეს? თუ ის, რაც ამ ბლოგში დავწერე, მართალია და ფეისბუქის მავნე ეფექტები ნაწილობრივ მაინც მისი ბუნებიდან გამომდინარეობს, მაშინ გამოდის, რომ ამ პლატფორმის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ფეისბუქი თავისი ბუნებით არის ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ვირტუალური სახეებითა და ურთიერთობებით ფიზიკურ რეალობას ანაცვლებს და ამ ფაქტს არაფერი ეშველება.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ფეისბუქთან, როგორც აუცილებელ, მაგრამ პოტენციურად საშიშ ტექნოლოგიასთან თანაარსებობის ეთიკა უნდა გამოვიმუშაოთ. ადამიანმა დიდი ხნის წინ „მოიშინაურა“ ცეცხლი და ისწავლა მისი სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება. ამავე დროს, კაცობრიობას გააზრებული აქვს, რომ ცეცხლის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია - ის წვავს და ანადგურებს ცოცხალ არსებებს, სპობს სიცოცხლეს. ამიტომ ცეცხლს მუდმივად სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ - როგორც იტყვიან ხოლმე, „ცეცხლთან თამაში საშიშია.“ ასეთივე გამოყენების ეთიკა უნდა გამოვიმუშაოთ ახალ ტექნოლოგიებთან, მათ შორის, ფეისბუქთან, მიმართებაშიც.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ