რატომ ვგულშემატკივრობ ტიკ-ტოკს
17.02.2023
ტიკ-ტოკზე ჩემი არასრულწლოვანი ბიძაშვილის გამო დავრეგისტრირდი. მაინტერესებდა, რას აქვეყნებდა, მინდოდა, ციფრულ სამყაროში უსაფრთხოდ ყოფილიყო და ამ პროცესზე კონტროლი მქონოდა. მართალია, ტიკტოკერი ვერ გავხდი, მაგრამ ამ პლატფორმის დიდ გულშემატკივრად ჩამოვყალიბდი.

ამ წერილში ვეცდები, ავხსნა, რატომ ვგულშემატკივრობ ტიკ-ტოკს, რომელსაც ფეისბუქზე შეყვარებული ქართული საზოგადოება დიდად არც აღიარებს და ქედმაღლურადაც უყურებს. ეს დასკვნა მხოლოდ ჩემი ვარაუდი რომ არ გეგონოთ, სტატისტიკასაც მოვიშველიებ, რომლის თანახმადაც, 2022 წელსაც საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი კვლავ ფეისბუქია.

არადა:

ტიკ-ტოკი არის ყველაზე ეფექტური საშუალება, მოკლე დროში შენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღო. ამ წერილის წერისას სპეციალურად გადავხედე იმ ვიდეოებს, რომლებსაც ვინახავ და დროდადრო ვუბრუნდები — რა შინაარსი აქვთ მათ — ძირითადად სახის მოვლის რუტინის და გემრიელი და ჯანსაღი რეცეპტების შესახებ ვიდეოებია. მე პირადად მართლა ტიკ-ტოკის დახმარებით გავიაზრე, რომ ჯანსაღი კვება გემრიელ და ნოყიერ კვებას გულისხმობს და არა კალორიების უგემურად მიღებას.

ჩემთვის ტიკ-ტოკი გაცილებით თანასწორი სოციალური ქსელია, ვიდრე — ყველა დანარჩენი, თუმცა ეს შედარება განსაკუთრებით ეხება ინსტაგრამს. ინსტაგრამი მაღალი ხარისხის ვიზუალური შინაარსის წარმოების მოთხოვნას აწესებს, ეს მაღალი ხარისხი მხოლოდ ტექნიკურ პერფექციონიზმს არ გულისხმობს, პირიქით, ძვირადღირებულ კამერასთან ერთად, ძვირადღირებული ცხოვრებაც და მისი გაშუქება მოგეთხოვება, სწორედ ეს ფასი აქვს ინსტაგრამზე პოპულარობას, რაც ადამიანების უმეტესობას არ ხელეწიფება. მაშინ, როცა ტიკ-ტოკზე, პირიქით, ასეთი გაპრიალებული შინაარსი არ ფასობს. მხოლოდ საქართველოში არაერთი ინფლუენსერის გახსენებაა შესაძლებელი, ვის გლამურულ ცხოვრებასაც ინსტაგრამზე ათიათასობით გამომწერი ჰყავს, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ტიკ-ტოკის აუდიტორია ვერ მიიზიდა და პირიქით.

მგონია, რომ ზუსტად ამ მიზეზით, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, ტიკ-ტოკი ავთენტური აქტივიზმის პლატფორმადაც იქცა. მხოლოდ ტიკ-ტოკზე იყო შესაძლებელი მრავალშვილიან ახალგაზრდა დედას, ოჯახში ძალადობის გამოცდილებით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს თავად ეპოვა ენა და სივრცე მის ისტორიის გასაზიარებლად და ადამიანების მისდამი სოლიდარობის დასაორგანიზებელად. ამგვარი ავტონომიის და საკუთარი თავის შესახებ ნარატივზე კონტროლის მოპოვების შესაძლებლობას სხვა არცერთი სოციალური ქსელი არ იძლევა, პირიქით, მაგალითად, ფეისბუქი უფრო მეტად გხდის სხვა ადამიანებზე მიბმულს და დამოკიდებულს. ამას გარდა, ჩემი აზრით, ქალთა საკითხების აქტუალიზებისთვის საკვანძო სხეულის პოზიტიური აღქმის ინიციატივებიც არსად ისეთი ხილული არ არის, როგორც ტიკ-ტოკზე, რაც დამატებით იძლევა იმედიანად ყოფნის მიზეზს, რომ სრულიად ახალი შინაარსის აქტივიზმის დაბადების მომსწრენი ვხვდებით, სადაც ცვლილებები ქვემოდან ზემოთ იწყება.

ტიკ-ტოკი ნაკლებ სივრცეს ტოვებს ყალბი ამბებისთვის და ტროლ-ბოტებისთვის. შესაძლოა, ეს განცხადება ცოტა გულუბრყვილოდაც ჟღერდეს, განსაკუთრებით იმ სკანდალის ფონზე, რაშიც ტიკ-ტოკი უკვე გაეხვა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის ნოყიერი ნიადაგის შექმნის გამო, მაგრამ ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. ტიკ-ტოკის მთავარი მედიუმი ვიდეოა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანის ნამდვილობაში, რომელსაც ხედავ და უსმენ, ეჭვი არ გეპარებოდეს. ცხადია, ტიკ-ტოკზე არაპერსონიფიცირებული შინაარსის ვიდეოებიც ვრცელდება, მაგრამ ეს შინაარსი ვერ გახდება ისეთი მიზიდულობის წყარო ან იარაღი, როგორც ის ვიდეოები, საიდანაც რეალური ადამიანები გესაუბრებიან. ტროლ-ბოტებისთვის კარგი თავშესაფარი იქნებოდა კომენტარების ველი, მაგრამ ისევ ტიკ-ტოკის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც სწრაფად სქროლვას გულისხმობს, კომენტარების კითხვის და დისკუსიის გამართვის კულტურა, ფეისბუქისგან განსხვავებით, ტიკ-ტოკის მომხმარებელს არ აქვს. შესაბამისი ნების და ფილტრების არსებობის შემთხვევაში, პროპაგანდის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გაკონტროლება, ან, სულ მცირე, მათი გავლენის შესუსტება, მგონია, რომ აქ მეტადაა შესაძლებელი.

ტიკ-ტოკმა შეიძლება, დაგვაბრუნოს ახალ ამბებთან და დიდ საკითხავებთან. ციფრულმა ეპოქამ და სოციალური ქსელების აღზევებამ ტრადიციული და ახლი მედიაც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. ინფორმაციის და ახალი ამბების ნიაღვარში ადამიანებმა ახალ ამბებისგან თავის არიდებას მიმართეს. ამ ტენდენციამ კი პასიურ, არაინფორმირებულ და შესაძლოა ნაკლებად დემოკრატიულ საზოგადოებამდეც კი მიგვიყვანოს. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ამბებს ზედმიწევნით ირეკლავს, ტიკ-ტოკი მაინც არ არის წმინდად ახალ ამბებზე მორგებული სოციალური ქსელი. მართალია, ცნობილ გამოცემებს, უკლებლივ ყველას აქვს ტიკ-ტოკის არხი, აქ მაინც სპეციფიკური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი ან გასართობი შინაარსი ვრცელდება. შესაბამისად, ადამიანი, ვისთვისაც მთავარი სოციალური ქსელი ტიკ-ტოკია, ვერ გადაიღლება ახალი ამბებისგან, პირიქით, შესაძლოა, რომ ამ პლატფორმისთვის დამახასიათებელმა სისწრაფემ და ზედაპირულობამ ახალი ამბების საგანგებო, უფრო სიღრმისეული გაცნობისკენაც კი უბიძგოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფეისბუქმა პრაქტიკულად შთანთქა მედია, და არამხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, ასევე სადისკუსიო, აქტივიზმის და პროტესტის გამოსახატ სივრცედაც იქცა, ტიკ-ტოკი ამ დინამიკისგან დისტანცირების საშუალებას იძლევა, რადგან ფეისბუქის მაგვარი ყოვლისმომცველი ბუნება არ აქვს.

ცხადია, ტიკ-ტოკს უარყოფითი მხარეებიც მოეძებნება და გამოწვევებიც არ აკლია. მთავარი შეკითხვა, რომელიც მის თავზე ჰკიდია, მომხმარებლების მონაცემების შეგროვებას და ამ მონაცემებისადმი მოპყრობას უკავშირდება. ჩვენ უკვე საკმარისი დრო გავატარეთ ციფრულ ეპოქაში და გამოცდილებამაც დაგვანახა, რომ ჩვენს შესახებ მონაცემებით, რომელსაც თავად გავცემთ, არათუ ავტორიტარულ ქვეყანაში, დემოკრატიულ ქვეყნებშიც დაუცველები ვართ. მაგრამ ფაქტი ერთია, ჩინეთთან დაკავშირებული სკეპტიციზმის მიუხედავად, ტიკ-ტოკის იგნორირების ფუფუნება არავის აქვს. შესაბამისად, მედია სულ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს ახალი თაობის ყურადღების მისაპყრობად და ამ თაობის საყვარელი სოციალური ქსელის ფორმატზე მოსარგებად.

ბლოგის ავტორი : ელენე ხაჭაპურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ