ინტერესთა კონფლიქტი კერძო მედიაში - საიდან უნდა დავიწყოთ?
15.04.2023
12 აპრილს BBC-ის გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ უკანონო საქმიანობას ეხება.  ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქართველოში მდებარე „ქოლცენტრებიდან“ თაღლითები ევროპელ პენსიონერებს ურეკავენ და მოტყუებით სძალავენ წლობით დაგროვილ დანაზოგს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ვარაუდით, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელთან დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და საკონტროლო წილის მფლობელი, დავით კეზერაშვილი. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ:

„რაც შეეხება Milton Group-ს, ასევე, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებს; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას [კეზერაშვილს] გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი Milton-ის ბრენდებში. თუმცა Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციულად გაგვანდო, რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის Milton group-ის საქმიანობაში იყო ჩართული.“

კეზერაშვილის კუთვნილმა ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი ამბების გამოშვებამ, BBC-ის გამოძიების გაშუქებისას, აღნიშნა, რომ "ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები.“ მოგვიანებით, „ფორმულას“ ვებგვერდიდან ეს განცხადება წაშალეს და მალევე, არხის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაჯელიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიახლე ციფრული პლატფორმიდან წაიშალა, რადგან მივიჩნიეთ, რომ არასრულად ასახავდა BBC-ის საგამოძიებო სტატიის აქცენტებსა და სულისკვეთებას, ასევე, არ სთავაზობდა აუდიტორიას არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კომენტარს.“

აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მწვავე ინტერესთა კონფლიქტთან, ვინაიდან კერძო კომპანიას უწევს კრიტიკულად გააშუქოს საკუთარი დამფუძნებლის და ამჟამინდელი მფლობელის წინააღმდეგ მიმართული მძიმე ბრალდებები. მსგავსი პრობლემა წარმოიშობა ხოლმე მაშინაც, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი ან მფლობელი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ან თავად არის უშუალოდ ჩართული პოლიტიკაში.

დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, არ არსებობს რაომე რეგულაცია, რომელიც მედია საშუალებას დაუწესებდა შეზღუდვებს იმაზე, თუ როგორ გააშუქოს საკუთარი მფლობელთან ან დამფუძნებელთან (ან მათთან ასოცირებულ პირებთან) დაკავშირებული სკანდალები. ეს თავიდან ბოლომდე კონკრეტული მედია საშუალების ჟურნალისტურ და ეთიკურ სტანდარტებზეა დამოკიდებული.

დასავლეთში ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ბოლოს 2019 წელს ატყდა, როდესაც მედია კომპანია Bloomberg-ის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. მაშინ, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯონ მიქლეტვეიტმა მის დაქვემდებარებაში მყოფ 2700 ჟურნალისტსა და ანალიტიკოსს მისწერა, რომ მედია კომპანია არ აპირებდა არც მაიკლ ბლუმბერგის და არც მისი დემოკრატი ოპონენტების საქმიანობების გაშუქებასა და გამოძიებას.

ამასთანავე, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ ისინი სრულად ან მოკლე შინაარსის სახით გადაბეჭდავდნენ იმ საგამოძიებო სტატიებს, რომლებსაც მაიკლ ბლუმბერგზე ან მის დემოკრატ ოპონენტებზე სხვა სანდო მედია საშუალებები მოამზადებდნენ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება არ ეხებოდა მაიკლ ბლუმბერგის რესპუბლიკელ ოპონენტს, დონალდ ტრამპს.)

Bloomberg News-ის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მედია კომპანიის პოზიცია სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვა. თუმცა ამ ნაბიჯის დადებითი მხარე ის იყო, რომ Bloomberg News-მა არ დაფარა თავის რიგებში ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და ამის ნაცვლად, კომპანია შეეცადა, რომ საკუთარი ბუნებრივი მიკერძოება იმით დაებალანსებინა, რომ ოპონენტებიც გაეთავისუფლებინა კრიტიკის ქარ-ცეცხლისგან.

საქართველოს შემთხვევაში, რთული სათქმელია, თუ კონკრეტულად როგორ შეიძლება, ნაწილობრივ მაინც, განეიტრალდეს კერძო მედია საშუალებებში არსებული ინტერესთა კონფლიქტები (იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კონფლიქტები არც თუ ისე იშვიათი და ზედაპირულია). თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ის არის, რომ მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტის ხმამაღლა აღიარება მოხდეს.

სხვა შემთხვევაში, თავის მოკატუნებით, მხოლოდ ყველაზე ეთიკურად მიუღებელ პროპაგანდას შევუწყობთ ხელს. ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ციფრული მედიები, სამწუხაროდ, ამ თემას იშვიათად უთმობენ სათანადო ყურადღებას - იქამდე, სანამ თავად არ აღმოჩდნებიან ხოლმე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციებში.

ბლოგის ავტორი : გიორგი ცხადაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ